Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი: დოკუმენტები, რომლის გასაჯაროებასაც გოგაშვილი აპირებდა, სანდო ხელშია


სოსო გოგაშვილი
სოსო გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, რომ სოსო გოგაშვილი არჩევნების გაყალბების საკითხზე დოკუმენტების გასაჯაროებას აპირებდა და ის დაკავებას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს. ადვოკატი გოგაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინასწარი დაკავების იზოლატორში რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდა.

რამაზ ჩინჩალაძე
რამაზ ჩინჩალაძე

"როგორც ბატონი სოსო გოგაშვილი აცხადებს, მისი დაკავება უკავშირდება ბოლო პერიოდში მის მიერ წამოწყებულ საქმიანობას და ეს საქმიანობა ეხება გაყალბების საკითხებს. როგორც ის აცხადებს, ის მუშაობდა ამ თემაზე... აღნიშნული დოკუმენტის საჯაროდ გამოტანას აპირებდა და ეს დოკუმენტი მაინც იხილავს დღის სინათლეს. არის საზღვარგარეთ, სანდო ხელში და აპირებს რამდენიმე დღეში მის გასაჯაროებას", - უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

სოსო გოგაშვილი მის სახლში წუხელ გვიან ღამით დაწყებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. ვიდეომასალა, რომელშიც ჩანდა, როგორ შედიან ნიღბიანი სამართალდამცავები გოგაშვილის სახლში, მისმა ცოლმა გადაიღო. ვიდეომასალაში ჩანს, რომ ეს ნიღბიანი სამართალდამცავები გოგაშვილს ფიზიკურად შენობაში შესვლის პირველსავე წამებში აკავებენ. სუს-მა ყოფილი ხელმძღვანელის დაკავება "ჩხრეკის შედეგად გარდაუვალი გახდა".

სოსო გოგაშვილის შვილმა, ნინო გოგაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი მამა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), 157-ე (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა) და 236-ე (იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას წინ უსწრებდა გია გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის" მიერ ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი მედიასაშუალებებით, სავარაუდო, ფარული ჩანაწერების გასაჯაროება.

ორწუთიან საუბარში ისმის 4 ადამიანის ხმა, ოთხივე "მთავარი არხის" გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" თანამშრომელია. ირკვევა, რომ იგეგმება გადაცემა იმაზე, თუ როგორ ათავისუფლებდა „ქართული ოცნება“ მსჯავრდადებულებს წინასაარჩევნოდ, არჩევნებში მათი და მათი ახლობლების ხმების სანაცვლოდ. ჩანაწერში გადაცემის წამყვანი გიორგი გაბუნია, პროდიუსერი ეკა სარია და ჟურნალისტები გიორგი გვიშიანი და ლაშა კვესელაძე საუბრობენ დოკუმენტებზე, რომლებიც გაბუნიას სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა მისცა. ჩანაწერიდან ირკვევა ისიც, რომ სოსო გოგაშვილი არა მხოლოდ გაბუნიას წყაროა, არამედ ჩანაწერებს აძლევს "ფორმულაში" გიორგი თარგამაძეს, "ტვ პირველში" კი - ნოდარ მელაძეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG