Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი პარლამენტის მუშაობის საკითხზე ზურაბიშვილს პასუხობს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებული 12 პირობის შესრულების საკითხზე საქართველოს პარლამენტის და განსაკუთრებით საპარლამენტო უმრავლესობის მუშაობის საკითხზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხდებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

პარლამენტის სპიკერის განცხადებით, საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.

„მსურს, გამოვეხმაურო პრეზიდენტის მიერ პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას, თითქოს რიგგარეშე სესიის არგახსნა ნიშნავს, რომ პარლამენტი არ მუშაობს.

სამწუხაროა, რომ ასეთი შეფასებები კეთდება მაშინ, როდესაც საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ, როგორც პარლამენტის წევრები, ისე პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. ტარდება კომიტეტების სხდომები, სხვადასხვა საკითხზე მიმდინარეობს საკომიტეტო მოკვლევები, იმართება ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრები.

მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების 15 სხდომა გაიმართა, რომელშიც 8 საპარლამენტო ჯგუფიდან 5 აქტიურად მონაწილეობს.

მნიშვნელოვანია, რომ ხალხის წარმომადგენლების, ისევე, როგორც პარლამენტის აპარატის მუშაობასთან დაკავშირებით გაკეთებული შეცდომაში შემყვანი განცხადებებით, ზიანი არ მივაყენოთ დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ხალხის ნდობას", - წერს „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე პაპუაშვილი.

დღეს, 20 ივლისს, ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ, დელეგაციის ხელმძღვანელ დევიდ მაკალისტერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა განაცხადა: „როდესაც გვაქვს 6 თვე, სრულიად გაუგებარია და მე მგონი, გაუგებარია ჩვენი ევროპარლამენტარი მეგობრებისთვის, რომ ჩვენ ახლავე არ დავიწყოთ მუშაობა. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმას, რომ ერთად მუშაობა ნიშნავს პარლამენტში სესიის ფორმით ან პლენარულ სხდომაზე ან კომიტეტებში და ასევე უმრავლესობის მიერ წარდგენილ სამუშაო ჯგუფებში მუშაობას. ყველამ ყველგან უნდა ვიმუშაოთ. იმაზე უარი თქვა და ამაზე „კი“, ასე არ გამოვა. თუ ჩვენ რეალურად გვინდა ის, რასაც რეალურად მხარს უჭერს ჩვენი საზოგადოების 85% [საჭიროა] მხოლოდ მუშაობა, ერთად მუშაობა, გარკვევა რაში ვეთანხმებით ერთმანეთს და რაში არ ვეთანხმებით - ეს ცალ-ცალკე არ ხდება და ეს ძალიან მარტივად არის ყველასთვის გასაგები. აქ არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ამ შემთხვევაში უმრავლესობის, რადგანაც მთავარი ბერკეტები არის უმრავლესობის ხელში - ეს იქნება პარლამენტში, თუ მთავრობაში. მათ ხელში არის ამ კანდიდატურის მიღწევა. ასევე, ამას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ყველაფერზე არ დაიწყებს ოპონირებას, მაგრამ კიდევ ერთხელ მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლების და ესეც კარგად იცის მოსახლეობამ".

ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, საქართველომ მიიღო 23 ივნისს.

ევროკომისიის პირობებს შორის იყო სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა.

საქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ. თუმცა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ევროკომისიის რეკომენდაციები მათაც უნდა შეასრულონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG