Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არ უნდა დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა მათ მცდელობებში, მოახდინოს ქვეყნის დეპოლარიზაცია" - მიხაელ როპი


მიხაელ როპი ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე, 13 ივლისი
მიხაელ როპი ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე, 13 ივლისი

საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება მეტი დრო, რათა შეასრულოს ის 12 პირობა, რომლის სანაცვლოდაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს, თქვა დღეს მიხაელ როპმა.

იგი წარმოადგენს ევროკომისიის გენერალურ დირექტორატს სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში. სწორედ ეს უწყება ეხმარება ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს, დააკმაყოფილონ წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმები.

მიხაელ როპი სიტყვით გამოვიდა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე. იქ პარლამენტარები ისმენდნენ მოხსენებას იმაზე, თუ როგორ გაართვა ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველომ თავი ვალდებულებებს, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ეკისრება.

"დაინტერესებულები ვართ, რომ საქართველომ იმუშაოს მუყაითად, ღრმად და გულდასმით ამ პრიორიტეტებზე. ამიტომაც, გულდასმით განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ არ უნდა დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა მათ მცდელობებში, მოახდინოს ქვეყნის დეპოლარიზაცია, მიუსხდნენ ერთ მაგიდას რეფორმებზე დეტალურად სამუშოდ და ჩვენ, როგორც ევროპულმა კომისიამ გვთხოვა, საპასუხო ანგარიშს პრიორიტეტებზე [12 პირობაზე] წარვადგენთ 2023 წლის გაფართოების პაკეტში. ეს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას მისცემს სათანადო დროს, გულდასმით იმუშაოს ამ პრიორიტეტებზე" - განაცხადა მიხაელ როპმა.

მომდევნო წლის გაფართოების პაკეტზე (ანუ წევრობის მსურველი ქვეყნების პროგრესზე და მათთვის გასაწევ დახმარებაზე) ევროკომისია, როგორც წესი, ოქტომბერში მსჯელობს ხოლმე.

ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, საქართველომ მიიღო 23 ივნისს.

ევროკომისიის პირობებს შორის იყო სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. იქამდე 1 კვირით ადრე გამოქვეყნებულ შეფასების დოკუმენტში ეწერა, რომ საქართველოს პროგრესი 2022 წლის ბოლოს შეფასდება.

საქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ. თუმცა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ევროკომისიის რეკომენდაციები მათაც უნდა შეასრულონ.

XS
SM
MD
LG