Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მედიაომბუდსმენი": საქართველო სათანადოდ ვერ აფასებს რუსული პროპაგანდის რისკებს


არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიაომბუდსმენი" კვლევას აქვეყნებს, რომელიც რუსული დეზინფორმაციის საფრთხეებს მიმოიხილავს და მასთან გამკლავების საერთაშორისო პრაქტიკას აჯამებს.

კვლევის მიზანი იმის ჩვენებაა, როგორ ებრძვიან დასავლეთში რუსულ დეზინფორმაციას, რომელიც სხვადასხვა პლატფორმიდან ვრცელდება საზოგადოებაში და რას აკეთებს ამის ფონზე საქართველოს ხელისუფლება. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოს არცერთი განსაკუთრებული ზომა არ გაუტარებია უსაფრთხოების ნორმების გასამკაცრებლად და დეზინფორმაციული ნაკადების შესამცირებლად.

"მედიაომბუდსმენის" კვლევა შეიცავს რეკომენდაციებს საქართველოს პარლამენტისთვის, მთავრობისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ამ რეკომენდაციების მიზანი რუსულ დეზინფორმაციასთან ეფექტური ბრძოლაა და მათი უმეტესობა საერთაშორისო გამოცდილებას ემყარება. "მედიაომბუდსმენის" რეკომენდაციებს შორის არის:

  • საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ დააწესოს სანქციები ოკუპანტი სახელმწიფოს პროპაგანდის გავრცელებისთვის. გადაწყვეტილების საფუძვლად გამოიყენოს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი და საჭიროების შემთხვევაში, შეიტანოს მასში შესაბამისი ცვლილებები;
  • საქართველოს პარლამენტმა რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის შესახებ დაუყოვნებლივ ჩაატაროს თემატური გამოძიება, შედეგები კი გახდეს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. ამასთან, საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიონ კონსენსუსს და მიიღონ ზომები რუსული დეზინფორმაციული კამპანიების საფრთხის უარყოფითი შედეგების შესამცირებლად;
  • არსებული გამოწვევების და რისკების გათვალისწინებით, შეფასდეს და განახლდეს ჰიბრიდული საფრთხეების მარეგულირებელი პოლიტიკა სახელმწიფო უშიშროების და უსაფრთხოების მისაღწევად;
  • ეროვნული თავდაცვის სტრუქტურაში ჩამოყალიბდეს კონკრეტული დანაყოფი ან სააგენტო, რომელიც ეროვნულ დონეზე იქნება მთავარი საკონტაქტო და მაკოორდინირებელი ორგანო დეზინფორმაციის მონიტორინგის, ანალიზის და შესაბამისი წინააღმდეგობის გაწევის უზრუნველსაყოფად, რათა სახელმწიფომ პროაქტიულად და დეტალურად შეისწავლოს რუსული დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელების მასშტაბები, მიზნები და გამოვლინებები საქართველოში და, საჭიროების შემთხვევაში, ოფიციალურად უარყოს რუსული დეზინფორმაციული ნარატივით გავრცელებული ყალბი ინფორმაციები;
  • ჩაინიშნოს ადეკვატური და ფართომასშტაბიანი ტრენინგები საჯარო მოხელეებისთვის, რათა შეძლონ რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამოვლენა და შესაბამისი რეაგირების გატარება. საქართველოს მთავრობამ უნდა გააძლიეროს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების (მუნიციპალიტეტების) შესაძლებლობები რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციული კამპანიების წინააღმდეგ საბრძოლველად და აღიაროს მათი, როგორც განსაკუთრებული აქტორების მნიშვნელობა;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და საქართველოს პროკურატურამ, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება „ალტ-ინფოსა“ და პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ მმართველი პირების მიმართ, ვინაიდან მათ ქმედებებში იკვეთება საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ნიშნები;
  • კომუნიკაციების კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოს მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) წევრი ქვეყნების წარმატებული პრაქტიკა რუსული პროპაგანდის შესაჩერებლად;
  • კომუნიკაციების კომისიამ და ინტერნეტ სერვის პროვაიდერებმა გამოიყენონ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობა და დაბლოკონ რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი და კრემლის პროპაგანდისტული ვებგვერდები;
  • გაიზარდოს საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი დეზინფორმაციასთან ბრძოლის და ცნობიერების ამაღლების კუთხით. შეიქმნას სპეციალური მასალები ქართულ და უმცირესობების ენებზე რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის საფრთხეებზე მოქალაქეების ინფორმირებისთვის.

კვლევის მიხედვით, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, ევროპის არაერთ ქვეყანაში, გარდა იმისა, რომ მაუწყებლობა აეკრძალათ რუსულ RT-სა და Sputnik-ს, შეიზღუდა Rossiya RTR/RTR Planeta-ს, Rossiya 24/Russia 24-ს და TV Center International.2-ის მაუწყებლობები. კვლევაში აღნიშნულია, რომ რეგულაციები, რომელთაც რუსული დეზინფორმაციის გავრცელების შესაზღუდად იყენებენ დასავლეთში, სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია, თუმცა საერთოა პრინციპი, რაც რუსული საინფორმაციო წყაროების შეზღუდვას უდევს საფუძვლად. ევროკომისია მიიჩნევს, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმასთან დაკავშირებული „მასიური პროპაგანდა და დეზინფორმაცია“ წარმოადგენს „მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხეს კავშირის საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის“.

"მედიაომბუდსმენის" კვლევაში ნათქვამია, რომ რუსული დეზინფორმაციის შესასუსტებლად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სხვადასხვა ქვეყანამ დამოუკიდებლად გაატარა ზომები.

ლიეტუვა - 2022 წლის 25 თებერვალს ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიამ (RTCL) გადაწყვიტა დროებით შეაჩეროს
ექვსი რუსულენოვანი სატელევიზიო გადაცემის უფასო გადაცემა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. შეზღუდვას დაექვემდებარა არხები: Belarus 24, NTV Mir, Pirmais Baltijas Kanals Lietuva (PBK), Planeta RTR, Rossiya 24, TVCi50.

რუმინეთი - რუმინელმა სერვისის დისტრიბუტორებმა ამოიღეს არხი Russia Today მათი ხელახალი გადაცემის
შეთავაზებებიდან, ეროვნული აუდიოვიზუალური საბჭოს (CNA) გადაწყვეტილების გარეშე. ანალოგიური გადაწყვეტილება იქნა
მიღებული Russian Travel Guide International (RTGint)– თან მიმართებაში, რომელიც იყო რუსეთის ფედერაციის ერთადერთი
სატელევიზიო არხი, რომელსაც CNA-მ 2019 წელს მიანიჭა ხელახალი გადაცემის ავტორიზაცია. გარდა ამისა, CNA-მ დაიწყო
კონტროლი ადგილობრივ სერვის დისტრიბუტორებზე, რათა რუსეთის ფედერაციიდან არცერთი არხი არ იქნეს გადაცემული
რუმინეთის ტერიტორიაზე.

მოლდოვა - 2022 წლის 2 მარტს, მოლდოვის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების კომისიამ გამოსცა გადაწყვეტილება,
რომელშიც ნათქვამია, რომ ეროვნული აუდიო-ვიზუალური სივრცის დაცვისა და ინფორმაციის უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად, აუდიო-ვიზუალური ტელევიზიისა და რადიო მედია სერვისების პროვაიდერებმა უნდა შეაჩერონ
მაუწყებლობა და აუდიო-ვიზუალური ტელევიზიისა და რადიო მედიის სერვისების დისტრიბუტორებმა ასევე უნდა შეაჩერონ
მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყველა იმ პროგრამის ხელახალი გადაცემა, რომლებიც თავდაპირველად წარმოებული
იყო სახელმწიფოებში, რომლებმაც არ მოახდინეს ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის ევროპული კონვენციის რატიფიცირება, გარდა არტ-ფილმების, მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და გასართობი პროგრამებისა, რომლებსაც არ გააჩნიათ სამხედრო შინაარსი და აუდიო-ვიზუალური და ხმოვანი პროგრამები, რომლებიც დამზადებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში, აგრეთვე სახელმწიფოებში, რომლებსაც აქვთ რატიფიცირებული ევროპული კონვენცია ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ.

XS
SM
MD
LG