Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შეიძლება მოხვედრილიყო ქართველი ოფიცრის პირადი საქმე უკრაინაში რუსი სამხედროების ხელში


ქართველი ჯარისკაცის პირადი საქმე, კადრი რუსეთის მიერ ოკუპირებული, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, მილიციის მიერ გავრცელებული ვიდეოდან
ქართველი ჯარისკაცის პირადი საქმე, კადრი რუსეთის მიერ ოკუპირებული, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, მილიციის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

უკრაინაში, რუსი ჯარისკაცების ხელში ქართველი სამხედროს პირადი საქმის მოხვედრის შესახებ პირველად ინფორმაცია ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" გაავრცელა - ვიდეოში, რომელსაც ე.წ. ლნრ-ს სახალხო რესპუბლიკის მილიციის ლოგო ადევს, ჩანს დოკუმენტებიანი საქაღალდე.

საუბარია ანკეტაზე, ბიოგრაფიასა და სხვადასხვა საბუთზე, რომელიც თადარიგის ოფიცერს, მიხეილ ქამხაძეს ეკუთვნის. ქამხაძე ახლა უკრაინაში იბრძვის და ამბობს, რომ მისი პირადი საქმის შემცველი საქაღალდის ორიგინალი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა და მას უკრაინაში ფიზიკურად ვერ ექნებოდა. სწორედ ამან გააჩინა კითხვები, საბუთების უკრაინაში მოხვედრის გზებთან დაკავშირებით.

ქამხაძის თქმით, მისი პირადი საქმე მაშინ შედგა, როცა მან საქართველოში სამხედრო კარიერა დაასრულა, სამინისტრომ კი 34-წლიანი სტაჟის მქონე არტილერისტს ინსტრუქტორობა შესთავაზა, თუმცა სატანკო ქარხნიდან, სადაც მას სავარაუდოდ მუშაობა უნდა დაეწყო, პასუხი ვერ მიიღო.

ქამხაძის მონაყოლით, სატანკო ქარხნის კადრების განყოფილებამ იმ საბუთების ჩამონათვალი აცნობა, რომელიც მისი კანდიდატურის განსახილველად იქნებოდა საჭირო.

"ეს "პაპკა" დავტოვე კადრებში... დავუტოვე ვიღაცას და მითხრეს, რომ დაელოდეთ ზარს, დაელოდეთ დანიშვნას და შეგატყობინებთო, გაიწელა, გაიწელა ეს ჩემი დანიშვნა და 2017 წელს წამოვედი უკრაინაში... ამაში თანხაა გადახდილი, ეჭვიც არ მეპარება, რომ აქედან გავიდა ინფორმაცია იქ. რომ ასეთი პიროვნებაა ჩამოსული და ამზადებს ხალხს, იქიდან მოითხოვეს შემდეგ. ასეთი ქსელია. ეს არის არქივიდან ამოღებული და გატანილი", - ამბობს მიხეილ ქამხაძე "მთავარ არხთან".

მოგვიანებით ტელეკომპანია "ფორმულასთან" ქართველმა თადარიგის ოფიცერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელს არცერთ უწყებას არ ადებს და ეჭვს გამოთქვამს მხოლოდ იმის შესახებ, რომ მისი პირადი საქმე უკრაინაში ვიღაც პირის მეშვეობით შეიძლება აღმოჩენილიყო.

რა ვიდეოა და ვისი გადაღებული

იუტუბზე გავრცელებული ვიდეო 2022 წლის 28 ივლისით თარიღდება და ის ატვირთულია იუტუბის არხზე მომხმარებლის rusvesna.su1945-ის მიერ, თავად ვიდეოს ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მილიციის პრესსამსახურის ლოგო აქვს.

ვიდეო რუსი სამხედროების მიერაა გადაღებული, რომლებიც ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში მას შემდეგ აღმოჩნდნენ, რაც ქალაქზე უკრაინულმა ძალებმა დაკარგეს კონტროლი.

ვიდეოში ისმის საუბარი, რომ დონბასში "უცხოელი დაქირავებულების მონაწილეობა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს", ირწმუნებიან, რომ ლისიჩანსკის მახლობლად უკრაინელი ნაციონალისტების საწვრთნელი ბაზა აღმოაჩინეს. შემდეგ კი ვიდეოში ქართველი სამხედროს პირად საქმეს აჩვენებენ და ამბობენ, რომ ქართველი ინსტრუქტორი უკრაინელ ჯარისკაცებს ნატოს სტანდარტების დაცვით წვრთნიდა.

მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე
მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე

კადრში ჩანს ქართველი ჯარისკაცის პირადი საქმის საქაღალდე, რომელიც რუს სამხედროს უჭირავს ხელში. საქაღალდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლოგო და ქართულენოვანი წარწერა აქვს.

პოლიტიკოსების გამოხმაურებები

ქართველი სამხედროს პირადი საქმის უცხო ქვეყანაში მოხვედრა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა "ღალატად შეაფასეს"

"რა ვნახეთ ჩვენ გუშინ? ვნახეთ, თუ როგორ აწვდის უსამშობლო ხელისუფლება ქართველი ჯარისკაცების პირად საქმეებს იმ რუსეთს, რომლის წინააღმდეგაც ისინი იბრძოდნენ აქ, 2008 წელს და იბრძვიან ახლა უკრაინაში", - განაცხადა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ 9 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, "ეს უმძიმესი ფაქტი უკვე ცხადყოფს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც არსებობს ძლიერი რუსული გავლენები და ქსელი, რომლის მეშვეობითაც, ნებისმიერი დეტალური ინფორმაცია, რომელიც დასჭირდება ოკუპანტს, საქართველოს თითოეულ მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრებზე, აღმოჩნდება მათ ხელში".

"ეს არის ღალატი და ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ ვართ შიდაპოლიტიკურ ან პარტიულ დაპირისპირებაში. ჩვენი სახელმწიფო ჩვენს მტრებს გადასცემს პირად ინფორმაციას ჩვენი გმირების შესახებ", - თქვა "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

"ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა გრძელ წყებაში შემთხვევებისა წლების განმავლობაში, რაც ივანიშვილის რეჟიმია ხელისუფლებაში, როდესაც ჩვენ მსგავსი ვითარებები გვქონდა...", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან სამხედროს შესახებ პირადი ინფორმაციის სხვა სახელმწიფოს ხელში მოხვედრის თაობაზე ყოველგვარი საუბარი პროვოკაციად შეაფასეს მმართველ პარტიაში და როგორც "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა, "ადამიანის პირადი მონაცემი შეიძლება სხვადასხვა გზით მოხვდეს ღია სივრცეში".

ოფიციალური უწყებების განმარტებები

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს შესაბამისი გამოძიება სჭირდება. მან "დიდი ტყუილი" უწოდა ბრალდებას, თითქოს საქართველოს ხელისუფლება გადასცემს უცხო ქვეყანას ქართველი სამხედროების მონაცემებს.

"როგორ წარმოგიდგენიათ, სახელმწიფომ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაერწმუნებინა მთელი მსოფლიო ქართული მხარის სიმართლეში, როგორ შეიძლება, რომ მათ გადაეცათ შესაბამისი სახის ინფორმაცია. თუ ვინმე, არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს, ბრალს დებს რომელიმე კონკრეტულ ადამიანს დანაშაულის ჩადენაში, ამისთვის ასევე არსებობს შესაბამისი წესები, უნდა მიმართონ საგამოძიებო ორგანოებს, დაიწყოს გამოძიება და დამტკიცდეს, ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი", - განაცხადა რატი ბრეგაძემ 8 აგვისტოს გორში გამართული ღონისძიების შემდეგ მედიასთან საუბარში.

ჯერჯერობით მაინც გაურკვეველია, როგორ შეიძლება მოხვედრილიყო თადარიგის ოფიცერ ქამხაძის პირადი საქმე ლისიჩანსკში მყოფი რუსი სამხედროების ხელში. მიხეილ ქამხაძე ირწმუნება, რომ ის უკრაინის ტერიტორიაზე თავად არ ჩაუტანია. მთავარი კი, როგორც "ფორმულას" უთხრა მიხეილ ქამხაძემ, ამ ინფორმაციის რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელში მოხვედრის შემდეგ ისაა, რომ საფრთხე ახლა მის ოჯახსაც ემუქრება, ვინაიდან პირადი საქმე მათ შესახებ მონაცემებსაც შეიცავს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ქამხაძის პირადი საქმის საქმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მეორე დღეს გამოეხმაურნენ. სამინისტრომ ერთი მხრივ განმარტა, რომ სამხედრო მოსამსახურის თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შემდეგ, მათი პირადი საქმეები "მატერიალური სახით" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებში არ ინახება. თუმცა, ისიც დაამატა, რომ დოკუმენტები მუნიციპალიტეტების შესაბამის სტრუქტურებში იგზავნება.

"მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში და იქაც ინახება თავდაპირველ მდგომარეობაში. ამგვარად, შეუძლებელია თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები რომელიმე უწყებიდან გასულიყო. არის თუ არა მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში, შესაბამისი სამსახური დაადგენს", - განმარტავენ თავდაცვის სამინისტროში.

უკრაინაში მოქმედი "ქართული ლეგიონის" მეთაური მაინც დარწმუნებულია, რომ ყოფილი სამხედრო მოსამსახურის პირადი საქმე სხვის ხელში მხოლოდ ოფიციალური უწყების მეშვეობით თუ მოხვდებოდა.

"ეს პირადი საქმე უბრალოდ ვერ მოხვდებოდა საქართველოს მაღალჩინოსნების შემოვლით რუსების ხელში. პირად საქმეს ხელზე არავის არ აძლევენ. ეს იყო გამოტანილი არქივიდან და გადაცემული რუსეთის სავარაუდოდ დაზვერვის სტრუქტურაზე. ძალიან დიდი ალბათობით, "ქართული ლეგიონის" მებრძოლებზე საქმეებიც გადაცემულია", - ამბობს "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG