საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ოპოზიციისა და ოპოზიციური მედიის პროვოცირებულად აფასებს უკრაინაში მებრძოლი ქართველი ოფიცრის, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმის რუსი ჯარისკაცებისთვის მიწოდებაზე საუბარს. ამის შესახებ მან სოფელ შინდისში, შინდისის გმირების მემორიალთან თქვა, სადაც პატივს მიაგებდა 14 წლის წინ აგვისტოს ომში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს.
"ჩვენ გავავრცელეთ განცხადება. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების საქმეები ჩვენთან არ ინახება, ჩვენ, სამხედრო პოლიციამ მაინც დავიწყეთ მოკვლევა, რომ დავაზღვიოთ ანალოგიური რისკები. ჩვენ დროს, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს, დავხურეთ ისეთი ინფორმაცია, რაც ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობას შეიცავდა და ასე შემდეგ. ჩვენ ვზრუნავთ და ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს ჯარისკაცების პერსონალურ ინფორმაციას. ჩემი აზრით, ეს კამპანია არის პროვოცირებული ჩვენი ოპოზიციური მედიის მიერ...
როდესაც ასეთ პროვოკაციას აწყობთ, ფრთხილად უნდა იყოთ. არ უნდა შეეხოთ ჩვენს ჯარისკაცებს, გმირებს. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებული პროვოკაცია", - თქვა მან.
უკრაინაში, რუსი ჯარისკაცების ხელში ქართველი სამხედროს პირადი საქმის მოხვედრის შესახებ პირველად ინფორმაცია ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" გაავრცელა - ვიდეოში, რომელსაც ე.წ. ლნრ-ს სახალხო რესპუბლიკის მილიციის ლოგო ადევს, ჩანს დოკუმენტებიანი საქაღალდე. "იუტუბიზე" გავრცელებული ვიდეო 2022 წლის 28 ივლისით თარიღდება და ის ატვირთულია "იუტუბის" არხზე მომხმარებლის, rusvesna.su1945-ის მიერ.
ვიდეო რუსი სამხედროების მიერაა გადაღებული, რომლებიც ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში მას შემდეგ აღმოჩნდნენ, რაც ქალაქზე უკრაინულმა ძალებმა დაკარგეს კონტროლი.
საუბარია ანკეტაზე, ბიოგრაფიასა და სხვადასხვა საბუთზე, რომლებიც თადარიგის ოფიცერს, მიხეილ ქამხაძეს ეკუთვნის. ქამხაძე ახლა უკრაინაში იბრძვის და ამბობს, რომ მისი პირადი საქმის შემცველი საქაღალდის ორიგინალი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა და მას უკრაინაში ფიზიკურად ვერ ექნებოდა. სწორედ ამან გააჩინა კითხვები, საბუთების უკრაინაში მოხვედრის გზებთან დაკავშირებით.