Accessibility links

site logo site logo

აშშ ერევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში. ვინც არ ეთანხმება, ომში ითრევს - პუტინის თეზისები მოკლედ


16 აგვისტოს პუტინმა გაიმეორა ძველი ბრალდება, თითქოსდა დასავლეთი რუსეთის გასანადგურებლად "ანტირუსეთს" ქმნის. თავდაპირველად კრემლი ასე საქართველოს მოიხსენიებდა, თუმცა უკვე დიდი ხანია, ეს წოდება უკრაინამ "გადაიბარა".

16 აგვისტოს, „მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე” რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ომი დასავლეთს სჭირდება და მასში ჩაითრევს ყველას, ვინც არ დაეთანხმება. ვლადიმირ პუტინის სიტყვა იყო თითქმის 9-წუთიანი, გზავნილები - ნაცნობი.

სულ უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს განვითარდეს, „საკუთარი თვითმყოფადობის, ტრადიციებისა და ღირებულებების” შესაბამისად. მაგრამ დასავლეთი წინააღმდეგია. ის სხვებს თავს ახვევს საკუთარ ნებასა და წესებს. სამყაროზე ჰეგემონია ხელიდან ეცლება, მის შენარჩუნებას კი ძალისმიერი გზებით ცდილობს. ეს „ნეოკოლონიალური წესრიგი”, „ნეოლიბერალური დიქტატურაა”. ამ თეზისებით დაიწყო რუსეთის პრეზიდენტმა „მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენცია”.

„აშშ და მათი ვასალები უხეშად ერევიან სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში. აწყობენ პროვოკაციებს, სახელმწიფო გადატრიალებებს, სამოქალაქო ომებს. მუქარით და დაშინებით აიძულებენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, დაემორჩილონ მათ ნებას, იცხოვრონ მათთვის უცხო წესებით”, - თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა კვლავ უწოდა უკრაინაში მის მიერ დაწყებულ ომს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია”. აქაც პასუხისმგებლობა დააკისრა აშშ-ს, რომელიც „ცდილობს გაწელოს ეს კონფლიქტი”.

„ჰეგემონიის შესანარჩუნებლად, მათ კონფლიქტები სჭირდებათ. სწორედ ამიტომ მათ უკრაინელი ხალხი საზარბაზნე ხორცობისთვის გაწირეს, განახორციელეს პროექტი “ანტირუსეთი...“

“ანტირუსეთი” - ჯერ საქართველო, ახლა უკრაინა

ამ ტერმინით კრემლის პროპაგანდა დიდი ხანია მოიხსენიებს თითქოსდა კონსპირაციულ გეგმას, რომლის მიზანიცაა რუსეთის გავლენის შესუსტება, ან სულაც განადგურება. ეს გეგმა პოსტსაბჭოთა ქვეყნების დახმარებით უნდა გახნხორციელდეს.

BBC-ს რუსული სამსახურის მტკიცებით, პირველად რუსულ მედიაში “ანტირუსეთი” 2011 წელს, საქართველოს შესახებ დაწერილ სტატიაში გამოჩნდა. სტატიის თანახმად, საქართველო აპირებდა სამხრეთ აფრიკიდან 40 ათასი ბური ფერმერის ჩამოსახლებას. ოღონდ, ავტორის მტკიცებით, არა სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად, არამედ იმისთვის, რომ რუსეთის ფონზე უფრო “ლიბერალური და ტოლერანტული” გამოჩენილიყო.

“მასშტაბურ პროექტ “ანტირუსეთში” საქართველოს წამყვანი როლი აქვს მინიჭებული… შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილი მისმა ოკეანის გადაღმა მყოფმა პატრონებმა დანიშნეს პოსტსაბჭოთა სივცრეში “რუსულ იმპერიალიზმთან ავანგარდში საბრძოლველად”, - წერდა სტატიის ავტორი.

მომდევნო წლებში, უკრაინამ ნელ-ნელა “ჩამოართვა” საქართველოს “ანტირუსეთის” წოდება. 2021 წლის 12 ივლისს ვლადიმირ პუტინმა გამოაქვეყნა წერილი უკრაინაზე, სადაც “ანტირუსეთი” რვაჯერ ახსენა. მოკლე შინაარსი ასეთია: დასავლეთმა უკრაინა განაწყო რუსეთის წინააღმდეგ, გადააქცია რუსეთთან ბრძოლის პლაცდარმად, “ანტირუსეთად”. რუსეთი ამას არ შეეგუება.

გაეროს გაძლიერება

დასავლეთი მხოლოდ რუსეთის პროვოცირებას როდი ცდილობს, ჩინეთსაც იწვევს, - თქვა პუტინმა და ამის მაგალითად მოიყვანა აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი ტაივანში. ეს იმისთვის, რომ საკუთარი წარუმატებლობები - “ცხოვრების დონის დაცემა, უმუშევრობა, სიღარიბე” - სხვებს, “რუსეთს და ჩინეთს” გადააბრალონ.

გამოსვლის დასასრულს, პუტინმა დადო პირობა, რომ კიდევ უფრო გააძლიერებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და მოკავშირეებსაც დაეხმარება ამაში. ამასთანავე, მან თქვა, რომ აუცილებელია გაეროს გაძლიერება, განსაკუთრებით - გენერალური ასამბლეის და უშიშროების საბჭოსი.

რუსეთი ერთ-ერთია გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივ წევრ ქვეყანას შორის. საბჭომ გადაწყვეტილება ერთხმად უნდა მიიღოს. გაეროს მონაცემებით, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე რუსეთმა ყველაზე მეტჯერ გამოიყენა ვეტოს უფლება - 120-ჯერ. მეორე ადგილზეა აშშ - 82 ვეტო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, “მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციას” 35 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები დაესწრნენ, ჯამში კი ღონისძიებას 53 საერთაშორისო დელეგაცია ეწვია. თუმცა სამინისტრო არ აკონკრეტებს, თუ რა ქვეყნებიდან იყვნენ სტუმრები.

საერთაშორისო ფორუმი პირველად 2012 წელს გაიმართა. აშშ და ევროკავშირის ქვეყნები მასზე 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ აღარ ჩადიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG