Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური ბრძოლა ომბუდსმენის პოსტისთვის


საქართველოს პარლამენტმა 1 დეკემბრამდე ახალ სახალხო დამცველს უნდა უყაროს კენჭი. კენჭისყრამდე ორთვე-ნახევრით ადრე მმართველი პარტია ომბუდსმენის არჩევის წესს ცვლის. 

დამოუკიდებელი სახალხო დამცველის გამჭვირვალედ არჩევა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტია. რადიო თავისუფლება მარტივად ჰყვება, რა იცვლება არჩევის წესში და არკვევს, ეს უკეთესია ომბუდსმენის შესარჩევად თუ არა.

როგორ ვირჩევდით ომბუდსმენს აქამდე?

წინა წლებში პარლამენტი არასამთავრობო სექტორის მიერ შერჩეულ ომბუდსმენის კანდიდატურებს უყრიდა კენჭს.

ასე ავირჩიეთ მოქმედი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელსაც 5-წლიანი უფლებამოსილების ვადა 30 ნოემბერს ეწურება. 2017 წელს იგი ერთ-ერთი იყო იმ კანდიდატებს შორის, რომლებიც სამოქალაქო სექტორმა შეარჩია და საპარლამენტო უმრავლესობამ დაასახელა.

როგორ ავირჩევთ ახლა?

ახალი წესით, კანდიდატებს რამდენიმე ეტაპის გადალახვა მოუწევთ. ღია კონკურსით რეგისტრაციის შემდეგ, კანდიდატებს სპეციალური 9-კაციანი ჯგუფი შეაფასებს. ამის შემდეგ საპარლამენტო ფრაქციებს, ცალკეულ დეპუტატებს, პარტიებს, ანუ ნებისმიერ საპარლამენტო სუბიექტს, შეეძლება ერთი ან მეტი კანდიდატი წარადგინონ პარლამენტში განსახილველად. ჯამში, სულ მცირე, 7 კანდიდატი უნდა დასახელდეს. შერჩეულ კანდიდატებს საჯაროდ მოუსმენენ ჯერ საპარლამენტო კომიტეტებში და შემდეგ უკვე პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

როდის დაიწყება კონკურსი და ვის შეუძლია დარეგისტრირება?

კონკურსი 15 სექტემბერს უკვე გამოცხადდა. კანდიდატებს რეგისტრაციის უფლება 29 სექტემბრის ჩათვლით ექნებათ. დარეგისტრირება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ვინც მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებულია ის დოკუმენტები, რომლებიც კანდიდატმა უნდა წარადგინოს. არსებობს ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვაც - ომბუდსმენად ერთი და იმავე ადამიანის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია.

შეფასების 9-კაციან ჯგუფში ვინ შევა?

“სამოქალაქო საზოგადოების [წარმომადგენლები], მათ შორის, აკადემიური და პროფესიული წრეებისგან”, - ჩაიწერა პარლამენტის სპიკერის ბრძანებაში, რომელიც 14 სექტემბერს გამოიცა. იგი 2022 წელს ომბუდსმენის კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის წესს განსაზღვრავს.

კონკრეტულად ვინ აღმოჩნდება ამ 9 კაცს შორის და ვინ შეარჩევს მათ, უცნობია. ბრძანების დანართში მითითებულია, რომ სამუშაო ჯგუფს “სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, აკადემიური და პროფესიული წრეების, ჩართულობით” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩამოაყალიბებს. ჯგუფის შექმნამდე, ამ თემაზე პარლამენტში უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები უნდა გაიმართოს.

9-კაციანი ჯგუფის შემადგენლობა - ეს ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხია. მაგალითად, სერგო ჩიხლაძე, დეპუტატი “სტრატეგია აღმაშენებლიდან”, თავისუფლებასთან ამბობს: “ქართულმა ოცნებამ მორიგი ყალთაბანდური სქემა შემოგვთავაზა” და კონსულტაციებში მონაწილეობას არ იღებს.

სამუშაო ჯგუფში ვერ შევა ორი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”. მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ისინი საჯაროდ დაბლოკა “რევოლუციურ სცენარში მონაწილეობის” საბაბით. "მათი ადგილი ვერ იქნება ვერცერთ სამუშაო ჯგუფში", - თქვა მან პარტიის ოფისში 3 სექტემბერს.

ამ გადაწყვეტილების გამო კონსულტაციებს გამოეთიშა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციაც”. ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მიუღებელია ისეთ პროცესში მონაწილეობა, სადაც “დისკრიმინაციულად” ბლოკავენ ორგანიზაციებს, ასევე ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 9-კაციანი ჯგუფის ნდობის საკითხს.

"ISFED-სა და TI-სთვის არც კი უკითხავთ, უნდოდათ თუ არა იმ ჯგუფში შესვლა, პირდაპირ, დისკრიმინაციულად, დაუსაბუთებლად დაბლოკეს. მიუღებლად მიმაჩნია ასეთ პროცესში მონაწილეობა, და მეორე საკითხი: ამ ჯგუფის შექმნის წესი და მუშაობის პრინციპები ჩემთვის ნდობას ვერ იწვევს”.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტი გურამ იმნაძე ამბობს, რომ მცირე შანსია, ისინი ამ პროცესებში ჩაერთონ და ამის არაერთ მიზეზს ასახელებს:

“აქ ბევრი კითხვაა, როგორ დაკომპლექტდება, რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ორგანიზაციები. მეორე დიდი პრობლემაა, რამდენად იქნება კომისია უნარიანი, ის შეფასება გააკეთოს რაც ევალება... მესამე საკითხია ის, ჩვენ როგორ შეიძლება შევაფასოთ ჩვენ მიერ ნომინირებული კანდიდატები”.

ვინ მონაწილეობს “ქართულ ოცნებასთან” კონსულტაციებში?

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებიდან, “სტრატეგია აღმაშენებელმა” ღიად განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას 9-კაციანი ჯგუფის შესადგენ კონსულტაციებში, თუმცა დეპუტატები გეგმავენ, საბოლოო კენჭისყრაზე თავიანთი სიტყვა თქვან. დეპუტატ სერგო ჩიხლაძის თქმით, თუკი კანდიდატები იქნებიან არასამთავრობო სექტორიდან, იბრძოლებენ, რომ კანდიდატის გაყვანისთვის საჭირო ის 90 ხმა სწორედ ასეთმა კანდიდატმა მიიღოს. “სტრატეგია აღმაშენებლის და სხვა პარტიების, ვინც ამაზე შევთანხმდით, ამოცანა იქნება, ეს 90 ხმა არ შევუკრათ ხელისუფლების მიერ მართულ კანდიდატს”.

სალომე სამადაშვილი, რომელიც პარტია “ლელოს” წარმოადგენს, აცხადებს, რომ კონსულტაციებში მონაწილეობენ, რათა დაიცვან დამოუკიდებელი კანდიდატების ინტერესები.

“ამ წესის მიუხედავად, რომელიც შექმნა ქართულმა ოცნებამ, ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, რათა დამოუკიდებელი კანდიდატის გაყვანის შანსი იყოს პარლამენტში.

ნომინაციის საკმაოდ ჩახლართული პროცესია და სწორედ ამ პროცესში ვფიქრობთ, რომ შეეცდება ქართული ოცნება დამოუკიდებელი კანდიდატები დაბლოკოს. ამისთვის ხელის შეშლა იქნება ჩვენი ამოცანა. ჩვენ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების კანდიდატებს დავუჭერთ მხარს”, - ამბობს დეპუტატი.

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მიერ შეთავაზებული პროცედურა “მეტ-ნაკლებად” იძლევა შესაძლებლობას, პროცესში მონაწილეობა გააგრძელონ და თავიანთი კანდიდატურის გაყვანას შეეცადონ.

“მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველის კანდიდატურა იყოს არჩეული ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩევით”, - თქვა მან და დაამატა, რომ მიუხედავად “ქართული ოცნების” დაპირებისა, რომ არ წარადგენენ კანდიდატს, შესაძლებელია, ისინი მაინც შეეცადონ თავიანთი კანდიდატის გაყვანას.

შეუძლია 9-კაციან ჯგუფს კანდიდატების დაბლოკვა?

ფორმალურად არა. ეს ჯგუფი კანდიდატებს არ ფილტრავს, მხოლოდ აფასებს. შეფასებები და განმარტებები პარლამენტს წარედგინება. ვინ გადავა საპარლამენტო განხილვაზე, ამაზე საბოლოოდ გადაწყვეტილებას იღებენ პოლიტიკური ჯგუფები.

როგორ შეაფასებენ კანდიდატებს?

“ქართული ოცნების” მიერ გაწერილი ახალი წესით, 9-კაციანი სამუშაო ჯგუფის წევრები კანდიდატებს 4 კრიტერიუმით შეაფასებენ, ესენია:

  • კეთილსინდისიერება და მაღალი რეპუტაცია;
  • მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა;
  • სათანადო პროფესიული ცოდნა (კვალიფიკაცია, აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო მიღწევები და სხვა);
  • პრაქტიკული გამოცდილება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში.

თითოეული ამ კრიტერიუმით კანდიდატის შესახებ ინფორმაციას ჯგუფის თითო წევრი ცალ-ცალკე შეაფასებს 0-დან 10 ქულამდე, გასაუბრების გარეშე.

ჯგუფის წევრს შეუძლია, კანდიდატის შეფასებას საკუთარი დამატებითი განმარტებაც დაურთოს. ქულები და განმარტებები საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. კანდიდატთა შეფასების პროცესი ჯგუფმა 13 ოქტომბრამდე უნდა დაასრულოს.

ნომინირება - ვის გადაიყვანენ საპარლამენტო განხილვების ეტაპზე?

მესამე ეტაპზე, საპარლამენტო ფრაქციები და 7-კაციანი ჯგუფები პარლამენტს წარუდგენენ ერთ ან ერთზე მეტ კანდიდატს მათგან, ვინც შეფასების ჯგუფის ეტაპი გაიარა.

საპარლამენტო სუბიექტებს შეუძლიათ, ერთობლივად წარადგინონ ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატურა.

ახალი წესით, წარდგენილი კანდიდატების საპარლამენტო განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუკი მათი რაოდენობა 7-ზე ნაკლები არ იქნება.

რას გეგმავენ არასამთავრობო ორგანიზაციები?

სამოქალაქო სექტორში ჯერ კიდევ მსჯელობენ, სახალხო დამცველობის კანდიდატის არჩევის ახალი წესის პირობებში, ვის და როგორ დაუჭერენ მხარს. “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტი გურამ იმნაძე ამბობს, რომ, დიდი ალბათობით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, წარუდგენენ პარლამენტს ერთ ან რამდენიმე კანდიდატს.

საია-ს თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, შეცვლილი წესით, შესაძლებელია, რომ ინდივიდუალურად, რომელიმე კანდიდატის მიმართ გამოხატონ მხარდაჭერა და შემდეგ ეს ოპოზიციამ გაითვალისწინოს ან არ გაითვალისწინოს.

ვიცით, ვინ შეიძლება გახდეს არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი კანდიდატი?

არა. ამ ეტაპზე კონკრეტული კანდიდატის სახელი და გვარი ცნობილი არ არის.

რა რისკები ახლავს ომბუდსმენის არჩევის ახალ წესს?

მთავარი რისკი ისაა, რომ “ქართულ ოცნებას” შეიძლება, გაუჩნდეს მექანიზმი, სახალხო დამცველად ის კანდიდატი გაიყვანოს, რომელიც თავად უნდა.

სახალხო დამცველის არჩევას, სულ მცირე, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. “ქართულ ოცნებას” 84 ხმა აქვს პარტიიდან გასული “ოთხეულის” [გურამ მაჭარაშვილი, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე] ჩათვლით. ისინი ღიად აცხადებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ დაუტოვებიათ.

გურამ იმნაძის თქმით, არსებობს იმის თეორიული და პრაქტიკული შესაძლებლობა, რომ კანდიდატებს შორის მოხვდნენ ისინი, ვინც არ იქნებიან თავისუფლები პოლიტიკური გავლენებისგან.

“ჩვენ ვნახეთ მმართველი გუნდისგან გამოყოფილი 4 დეპუტატი. თუკი ისინი 7-კაციან ერთობას შეკრავენ სხვა ოპოზიციასთან, შეუძლიათ დაანომინირონ რამდენი კანდიდატიც უნდათ… ფორმალურად, საკითხის ისე დალაგება შეიძლება, რომ ქართული ოცნება ოფიციალურად არ იყოს ის, ვინც წარადგენს კანდიდატს, მაგრამ მათი ნებით იყვნენ ინიცირებული”.

ნიკა სიმონიშვილი არ გამორიცხავს, რომ სასურველი კანდიდატის გასაყვანად ხელისუფლებამ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასთან ივაჭროს. ის, ასევე, სხვა სცენარზეც საუბრობს:

“მეორე რისკია, ეს კენჭისყრა ჩავარდეს, ვერ ავირჩიოთ სახალხო დამცველი … ამით, ხელისუფლებას ექნება იმის შესაძლებლობა, რომ თქვას: აგერ, ოპოზიცია რომ არ თანამშრომლობს, ამის გამო ჩავარდა, როგორც პირველი, ისე მე-12 რეკომენდაციის შესრულებაო”.

გავიგებთ, ვინ დაუჭერს მხარს და ვინ არა ომბუდსმენის კანდიდატურას?

დღეს არსებული წესით, სახალხო დამცველის საბოლოო კენჭისყრა ფარულია, თუმცა 19 სექტემბერს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში შესატან ცვლილების პროექტს, რომ კენჭისყრა უნდა იყოს გამჭვირვალე.

ამ ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, საზოგადოებას ეცოდინება, პარლამენტარები ვის დაუჭერენ მხარს. ინიციატივა პარტია “მოქალაქეებს” ეკუთვნის. ამ პარტიის დეპუტატის, ლევან იოსელიანის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების ერთ-ერთი წინაპირობა სახალხო დამცველის არჩევის გამჭვირვალე პროცედურაა, მიზანშეწონილია, ეს ინიციატივა სწრაფად განიხილონ.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG