Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ლარსში პოლიციის დამატებითი ძალებია გაგზავნილი


რუსეთიდან საქართველოში გადმოსული რუსეთის მოქალაქეები. ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, 26 სექტემბერი, 2022 წ.
რუსეთიდან საქართველოში გადმოსული რუსეთის მოქალაქეები. ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, 26 სექტემბერი, 2022 წ.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, 26 სექტემბერს ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან საქართველომ პოლიციის დამატებითი ძალები გააგზავნა რუსეთის მოქალაქეების ჭარბ შემოდინებასთან დაკავშირებით.

"დამატებითი პოლიციური ძალები, არა ათასობით ადამიანი, გადავიყვანეთ რომ მიეხმარონ, რომ რამე დაჭირდეთ, დაკავება, გაძევება" - უთხრა დღეს მინისტრმა ჟურნალისტებს. რადიო თავისუფლების კითხვაზე, რა არის ზედა ზღვარი, რამდენი რუსეთის მოქალაქის მიღებაც შეუძლია საქართველოს უსაფრთხოების და სხვა ასპექტების გათვალისწინებით, მან თქვა, რომ ასეთი ზედა ზღვარი არ არსებობს, თუმცა ნაკადი რუსეთის საზღვართან "უკვე პიკზეა".

"ახლა უკვე ვიტყოდი, რომ თითქმის პიკზეა მისული, უკვე რთულია, რიგები დგას უკვე ჩვენ მხარეზეც. გამტარობა ჩვენი არ არის 10 და 20-გეითიანი, ახლაც უკვე გვიჭირს გატარება, თუმცა გაძლიერებული გვაქვს დანაყოფები, რათა მაქსიმალურად გავფილტროთ რომ ვინმე არ შემოგვეპაროს, მათ შორის გვეხმარება უსაფრთხოების სამსახური. პიკზე ვართ, ამაზე მეტი აღარ მგონია, რომ გაიზარდოს, ვერ გავატარებთ ფიზიკურად" - თქვა ვახტანგ გომელაურმა.

დღესვე, რუსეთ-საქართველოს საზღვართან, რუსეთის მხრიდან 26 სექტემბერს გამოჩენილ სამხედროებთან და ჯავშანმანქანასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრმა. ჯუანშერ ტიკარაძის თქმით, ეს რუსეთის შიდა საკითხია და საქართველო ამ ეტაპზე საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზებას საფრთხედ არ მიიჩნევს.

"ეს რუსეთის შიდა საკითხია. ჩვენ ამ მობილიზებაში ვერ ვხედავთ სამხედრო აგრესიის შემცველ საფრთხეს. ასე რომ, ამ ეტაპზე ასე არ ვიხილავთ" - უთხრა მან მედიას.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთი საქართველოს საზღვართან, „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტის მოწყობას გეგმავს უახლოეს მომავალში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG