Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ გომელაურის თქმით, "ზემო ლარსიდან" შემომსვლელთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა


ვახტანგ გომელაური, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ვახტანგ გომელაური, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, "ზემო ლარსიდან" შემომსვლელთა რაოდენობა გაზრდილია. მან ჟურნალისტებს ამ საკითხზე საუბრის დროს დაუსახელა კონკრეტული რიცხვებიც.

"მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ბოლო ხუთ დღეში [გაიზარდა]... იყო 5,5 ათასი... ხვალ და ზეგ შეიძლება კიდევ გაიზარდოს... საჰაერო გზებით და სომხეთიდან ძალიან ცოტა ადამიანი შემოდის... გუშინწინ იყო 11 200 ადამიანი, გუშინ - 10 400, თუ არ ვცდები. გასვლით, გადის შემომსვლელთა დაახლოებით 60 პროცენტი... კრიმინალი შეიძლება ისედაც გაიზარდოს ან დაიწიოს, რაც მეტი ადამიანი შემოვა, ალბათობა არის იმის, რომ გაიზარდოს ან შეიძლება არ გაიზარდოს", - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მას არ უთქვამს, იგეგმება თუ არა საქართველოს მხრიდან რაიმე შეზღუდვების დაწესება რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ახლა "ზემო ლარსის" გამშვები პუნქტის გავლით ტოვებენ ქვეყანას.

"თითქმის პიკზეა მისული და რიგები დგას ჩვენ მხარესაც. ჩვენ არ გვაქვს 10 და 20-გეითიანი გასასვლელი, ახლაც გვიჭირს გატარება, თუმცა გაძლიერებული გვაქვს დანაყოფები, რომ მაქსიმალურად გავფილტროთ და ვინმე არ შემოგვეპაროს. უსაფრთხოების სამსახურიც გვეხმარება. ამაზე მეტი აღარ მგონია გაიზარდოს, ვეღარ გავატარებთ ფიზიკურად", - ამბობს მინისტრი.

26 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა განაცხადა, რომ რუსეთის საბაჟო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი“ ერთი კვირის განმავლობაში, ორივე მიმართულებით, 37 ათასმა სატრანსპორტო საშუალებამ და 115 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, ტურისტულ პერიოდში, 2022 წლის აგვისტოში, საქართველოში რუსეთიდან ყაზბეგის გავლით საზღვარი 213 100-მა ადამიანმა გადმოკვეთა - საშუალოდ, კვირაში 53,3 ათასმა ადამიანმა. 2019 წელს კი, კორონავირუსის პანდემიამდე, სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან ყაზბეგის გავლით საზღვარი 169 915-მა გადმოკვეთა - საშუალოდ კვირაში 42,3 ათასმა პირმა.

21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის საზღვარზე სახმელეთო სასაზღვრო- გამშვებ პუნქტებზე მრავალსაათიანი რიგები გაჩნდა. საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გარდა, საცობებია ყაზახეთის, მონღოლეთისა და ფინეთის საზღვრებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG