Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისტერიული თუ ისტორიული? - პუტინის გამოსვლა მოკლედ


30 სექტემბერს, მოსკოვში, უკრაინის ოთხი რეგიონის მიერთების ცერემონიაზე.
30 სექტემბერს, მოსკოვში, უკრაინის ოთხი რეგიონის მიერთების ცერემონიაზე.

სანამ უკრაინის ტერიტორიების ანექსირებას ხელს მოაწერდა, ვლადიმირ პუტინმა 35-წუთიანი სიტყვა წარმოთქვა. მან ილაპარაკა კოლონიალიზმზე, “ანგლოსაქსების ბატონობაზე”, ამერიკელი ინდიელების გენოციდზე და დასავლეთი სატანიზმში დაადანაშაულა.

წაიკითხეთ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლიდან.

ანექსირებულ ტერიტორიებსა და მოლაპარაკებაზე

“ლუგანსკში, დონეცკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში მცხოვრები ადამიანები ხდებიან ჩვენი მოქალაქეები. სამუდამოდ”, - თქვა პუტინმა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ უკანონო რეფერენდუმებს მან მოსახლეობის “კანონიერი არჩევანი” უწოდა. მისი შეფასებით, მოსახდენი მოხდა, რუსეთმა რესპუბლიკები მიიერთა. ახლა უკრაინა ისევ მოლაპარაკებების მაგიდას უნდა მიუჯდეს.

რუსოფობიაზე

დასავლეთი ვერ ეგუება რუსეთის გაძლიერებას, საკუთარ თავს ვეღარ ახვევს და ამიტომაც ცდილობს მის დასუსტებას, - ბოლო წლების ეს უცვლელი მესიჯი პუტინმა დღესაც გაიმეორა. იქვე დაამატა, დასავლეთს სურს, რუსეთი მისი კოლონია იყოსო.

“მათ სურთ, ჩვენ ვიყოთ არა თავისუფალი საზოგადოება, არამედ უსულო მონების ხროვა. მათთვის ჩვენი აზრი და ფილოსოფია პირდაპირი საფრთხეა, ამიტომაც ესხმიან თავს ჩვენს ფილოსოფოსებს”.

აქ პუტინმა, სავარაუდოდ, იგულისხმა ნაციონალისტი ფილოსოფოსის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობა. მისი ავტომობილი 20 აგვისტოს, მოსკოვში აფეთქდა. კრემლმა ამაში უკრაინული სპეცსამსახურები დაადანაშაულა.

ჯერ შუა საუკუნეების კოლონიალიზმი, შემდეგ ამერიკაში ინდიელების გენოციდი, ინდოეთის ძარცვა, ომები ჩინეთის წინააღმდეგ, - ჩამოთვალა პუტინმა. დღეს დასავლეთი რასისტულ კოლონიალიზმს განაგრძობს, თუმცა რუსეთი მას არ შეეგუება.

ანგლოსაქსების ბატონობასა და ევროპის შიშზე

აშშ ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ბირთვული იარაღი გამოიყენა და “პრეცედენტი შექმნა”, - თქვა პუტინმა.

გერმანია, იაპონია და სამხრეთი კორეა დღემდე ოკუპირებული არიან. ვის მიერ? აქ პუტინმა ანგლოსაქსებზე დაიწყო ლაპარაკი. სწორედ ისინი ითხოვენ ახალ-ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ააფეთქეს გაზსადენი “ჩრდილოეთის ნაკადი“ და გაავრცელეს “ფეიკები” რუსეთის შესახებ.

“უნამუსოდ იტყუებიან, გებელსივით. რაც უფრო დაუჯერებელია ტყუილი, მით უფრო მალე დაიჯერებენ - აი, ასე მოქმედებენ, ამ პრინციპით”.

გამოსდით რამე? ცხადია, არა. ამიტომ ახლა “იმავე ევროპელ პოლიტიკოსებს, უწევთ, დაარწმუნონ საკუთარი მოსახლეობა, ჭამონ ნაკლები, დაიბანონ უფრო იშვიათად და სახლში უფრო თბილად ჩაიცვან”.

“განა რასიზმი არაა რუსოფობია, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში ვრცელდება?” - იკითხა მან.

ოჯახურ ღირებულებებზე

დასავლეთმა არ იკმარა საკუთარი ისტორიული დანაშაულები და ახლა შეეხო ყველაზე წმინდას - ზნეობრივი ნორმების, ოჯახისა და რელიგიის უარყოფას, - თქვა პუტინმა.

“განა გვინდა, რომ აქ, ჩვენს ქვეყანაში, რუსეთში, დედ-მამის ნაცვლად, გვყავდეს “მშობელი ნომერი ერთი”, “ნომერი ორი”, ნომერი სამი“ - სულ გარეკეს მანდ?”

რუს ბავშვებს სკოლებში თავს არ უნდა ახვევდნენ გარყვნილობებს, “რომლებსაც დეგრადაციამდე მივყავართ”. რუსეთს ისღა აკლია, ბავშვებს თავს მოახვიონ “რაღაც გენდერები” და სქესის შეცვლის ოპერაციები შესთავაზონ. “ეს უკვე იძენს “უკურელიგიის”, სატანიზმის ნიშნებს”.

“ჩვენ უკან სიმართლეა, ჩვენ უკან რუსეთია!” - თქვა პუტინმა გამოსვლის დასასრულს. ამის შემდეგ, უკრაინის ოთხი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ე.წ. ხელმძღვანელებთან ერთად, ხელი მოაწერა დოკუმენტს მათი მიერთების შესახებ.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG