Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იშლება თუ არა 2008 წლის აგვისტოს ომის კვალი გორში?


ანტისაოკუპაციო ქუჩის მხატვრობა გორში.
ანტისაოკუპაციო ქუჩის მხატვრობა გორში.

ჟანა ოდიშვილი გორში გიდად მუშაობს, მას ტურისტები თითქმის ყოველდღე მიჰყავს იმ კორპუსების კედლებთან, რომლებსაც 2008 წლის ომის კვალი ემჩნევა. ესაა კასეტური ბომბებისგან დაზიანებული კედლები. დღეს კი ჟანამ აღმოაჩინა, რომ სტალინის გამზირზე ერთ-ერთი კორპუსის კედელი გადალესილია და იქ ნატყვიარების კვალი აღარ ჩანს.

„ყოველდღე ტურისტებს ვუყვები 2008 წლის ომზე, ოკუპაციაზე, უკანონო ბორდერიზაციაზე, უკანონო გატაცებებზე და ამ დროს ადგილობრივმა ხელისუფლებამ, რომელიც ყველაზე ხმამაღლა უნდა საუბრობდეს ამ პრობლემაზე და რუსულ აგრესიაზე, ამ დროს კედელი, რომელსაც ეტყობოდა ომის კვალი, გადალესა. ნაცვლად იმისა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ შემოსულ რუსებს აგრძნობინოს დისკომფორტი და მიახვედროს, რომ თქვენ იმ ქვეყანაში ხართ, რომელიც 2008 წელს დაბომბეთ, არა, ამის ნაცვლად წაშალეს ისტორია“, - ასეთი პოსტი და ვიდეომიმართვა ჩაწერა ჟანა ოდიშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუკში, რომელსაც გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. მათი აზრით, კედლებზე პატარა ფრაგმენტი მაინც უნდა შეენახათ ხელუხლებლად. მაგალითად, ქალაქში, ყოფილი სამხარეო პოლიციის შენობის ფასადზე, აღდგენის მიუხედავად ერთ ფრაგმენტი მაინც დატოვეს. ეს არის გორში 2005 წლის 1 თებერვლის ტერაქტის კვალი.

რა გაილესა?

ქალაქის მთავარ გამზირზე, ახლა განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში კორპუსების ფასადების აღდგენა მიმდინარეობს, სტალინის ქუჩაზე ფასადები ახლიდან ილესება და იღებება. ამ პროცესში ცენტრალურ მოედანთან არსებულ კორპუსებზე ომის კვალი იშლება. თუმცა ჯერჯერობით ხელუხლებელია ფოსტის შენობა, რომლის ფასადსაც ამ გამზირზე ყველაზე მეტად ეტყობა კასეტური ბომბების კვალი. პროექტს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. გორის მთავარ გამზირზე კი რამდენიმე კორპუსზე არსებული ნატყვიარები ახლა ნალესით არის დაფარული.

შეფასებები

„შეიძლება რაღაცა რეკონსტრუქცია გაკეთდეს, მაგრამ იგივე ევროპული გამოცდილებით, ყოველთვის არის ხოლმე ფრაგმენტი შენახული, რომელიც იმ ოკუპაციას ასახავს, იმ თავდასხმას, ყველანაირ საერთაშორისო სამართლის დარღვევას, რაც ჩვენს თავზე გამოვცადეთ. ქალაქის ცენტრში კასეტური ბომბი ჩამოვარდა, გაიშალა და მთელი ქალაქი რემონტის გარეშე ვერ დარჩებოდა, მაგრამ ფრაგმენტები აუცილებლად უნდა იყოს შემორჩენილი ქალაქის კედლებზე, იმიტომ რომ ცოცხალი ადამიანები შეეწირნენ იმ ბომბის ჩამოვარდნას და ისე, რომ აღარაფერი იკითხებოდეს, მიუღებლად მიმაჩნია“, - ამბობს გორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ ედიშერაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ადგილობრივი ლიდერი ანა ბალიაშვილი კი ამბობს, რომ ომის ნაკვალევი მიზანმიმართულად იშლება. მისი აზრით, ნებისმიერი ადგილი, რასაც რუსეთის ოკუპაციის კვალი ამჩნევია, უნდა ყოფილიყო მეტად წარმოჩენილი.

„ყველამ კარგად უნდა ნახოს, რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში. ამის ნაცვლად „ქართულმა ოცნებამ“ გადალესა და, ჩვენი აზრით, მიზანმიმართულად წაშალა ომის კვალი და ეს ყველაფერი შეფუთა რეაბილიტაციის სახელით“.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ წევრი დავით რაზმაძე საგანგაშოს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ ომის კვალი იშლება და, სამაგიეროდ, ქალაქი ლამაზდება, მისი თქმით, ყველა დასკვნასა და რეზოლუციაში აღიარებულია რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ. გორში კიდევ არის ადგილები, სადაც 2008 წლის ომის კვალი ჩანს.

„ეს შენობები კულტურული მემკვიდრეობა არ არის, მაგალითად, ჩვენი შენობა არის კულტურული მემკვიდრეობა (სტალინის გამზირზე არსებული ადმინისტრაციული შენობა), არ იყო ის კორპუსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ჩემთვის მიუღებელი იყო ჩაშავებული კორპუსები მთავარ გამზირზე. სირცხვილი იყო, რომ ტურისტი 80-იან წლებში რეაბილიტირებულ შენობებს ხედავდა. რუსეთი საბოლოოდ უნდა დავივიწყოთ. მე ვფიქრობ, რომ პუტინის და მისი რეჟიმის დღეები დათვლილია. ჯობია რუსეთი დავივიწყოთ და ახალი მოცემულობა გვქონდეს“.

რა დარჩა?

2008 წლის აგვისტოს ომის დროს გორის ცენტრალური მოედანი კასეტური ბომბებით დაბომბეს. 12 აგვისტოს ქალაქის ცენტრში მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. მათ შორის იყო ჰოლანდიის ტელევიზიის ოპერატორი სტან სტორიმანსი. აფეთქების შედეგად დაზიანდა სტალინის და ჭავჭავაძის გამზირებზე მდებარე შენობები. დაბომბვის კვალი ახლაც ეტყობა ფოსტის შენობას. აგრეთვე, ჭავჭავაძის გამზირზე კინოთეატრ „გამარჯვებას“ და იქვე მდებარე კორპუსის კედელსაც, სადაც მოგვიანებით ომის თემაზე სტენსილი შეიქმნა. გორში ომის თემის გასაშუქებლად ჩამოსული უცხოელი ჟურნალისტები სწორედ ამ კედლით და მასზე არსებული მხატვრობით ინტერესდებიან ხოლმე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG