Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნო


ვოპკე ჰუკსტრა, ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრი
ვოპკე ჰუკსტრა, ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრი

ნიდერლანდის წარმომადგენელთა პალატამ (პარლამენტის ქვედა პალატა) უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო NRG-ი იუწყება.

ნიდერლანდის პარლამენტართა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი გადაწყვეტილებას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მწვანეთა პარტიის ინიციატივით შევიდა. ამავდროულად, ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰუკსტრამ აღნიშნა, რომ ქვეყნის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სანქციებს მათ მიმართ, ვინც ტერორიზმის სპონსორად გამოცხადდა.

რუსეთის არმია "სტრუქტურულად და მიზანმიმართულად" ანადგურებს სამოქალაქო ობიექტებს უკრაინაში, ნათქვამია ნიდერლანდის პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში. ამასთან, პარლამენტის წევრები მოუწოდებენ ქვეყნის მთავრობას, რომ მაქსიმალურად დაუჭიროს უკრაინას მხარი ჰუმანიტარულ, დიპლომატიურ და სამხედრო სფეროებში.

მანამდე, 23 ნოემბრის სხდომაზე, ევროპარლამენტის დეპუტატებმა მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს ცნობენ ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ. დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ნიადაგს ამზადებენ იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი მთავრობა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ.

დეპუტატებმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდეს, ხელი შეუწყონ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული სპეციალური ტრიბუნალის შექმნას. კენჭისყრის წინ აღინიშნა, რომ დოკუმენტი უნდა იქცეს ნაბიჯად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მისი მთავრობის სამართლებრივი დევნის გზაზე.

რეზოლუცია ევროპის ქვეყნებს არ ავალდებულებს რაიმე მოქმედებას და სიმბოლურ ხასიათს ატარებს. მის მიღებას მხარი დაუჭირა 494-მა დეპუტატმა, 44-მა - თავი შეიკავა, 58 - წინააღმდეგი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG