Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ ცნობს


საილუსტრაციო ფოტო: ევროპარლამენტი
საილუსტრაციო ფოტო: ევროპარლამენტი

ევროპარლამენტის დეპუტატებმა 23 ნოემბრის სხდომაზე მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს ცნობენ ტერორიზმის ხერშემწყობ სახელმწიფოდ. დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ნიადაგს ამზადებენ საიმისოდ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი მთავრობა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ.

„რეგულარული თავდასხმები და სიმხეცე, რასაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დანგრევა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სხვა სერიოზული დარღვევები უტოლდება ტერორისტულ აქტებს უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ და სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს“ - ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში.

მასში რუსეთი აღიარებულია ქვეყნად, რომელიც ტერორიზმის მეთოდებს იყენებს ომის დროს. დეპუტატები გამოვიდნენ მოწოდებით, შეიქმნას ახალი კანონმდებლობა, რომელიც შესაძლებელს გახდის მთელი სახელმწიფოების მოთავსებას ტერორისტთა სიაში. ამჟამად ევროკავშირის ტერორიზმის სიაში მხოლოდ ორგანიზაციებისა და ცალკეული ადამიანების შეყვანა შეიძლება.

დეპუტატებმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდეს, ხელი შეუწყოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული სპეციალური ტრიბუნალის შექმნას. კენჭისყრის წინ აღინიშნა, რომ დოკუმენტი უნდა იქცეს ნაბიჯად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მისი მთავრობის სამართლებრივი დევნის გზაზე.

რეზოლუცია ევროპის ქვეყნებს არ ავალდებულებს რაიმე მოქმედებას და სიმბოლურ ხასიათს ატარებს. მის მიღებას მხარი დაუჭირა 494-მა დეპუტატმა, 44-მა თავი შეიკავა, 58 წინააღმდეგი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG