Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატა ქორიძე ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს - მისი ქმარი ზურა გირჩი ჯაფარიძეა


ნატა ქორიძე, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, ფეისბუკზე წერს, რომ სამინისტროდან რეორგანიზაციის შედეგად გაათავისუფლეს და მისი თანამდებობა გააუქმეს. ის ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო სამინისტროში 17-წლიანი მუშაობის ასეთი დასასრული და იმედს იტოვებს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოსა და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ნატა ქორიძე მიანიშნებს იმაზეც, რომ რეორგანიზაცია სახელმწიფო უწყებებში ორაზროვანი შინაარსის მატარებელია.

"ვისაც უმუშავია სახელმწიფო სექტორში, იცის, სიტყვა რეორგანიზაცია განსაკუთრებული, ორაზროვანი შინაარსის მატარებელია. ასე იყო და ასე დარჩა.

საგარეოში 17 წლის წინ კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ მოვედი, ატაშეს (ყველაზე დაბალი დიპლომატიური პოსტი) პოზიციაზე, კონკურსის გავლით და ყველა წესის დაცვით. ამ წლების მანძილზე ვმუშაობდი ჩემი ქვეყნისთვის ყველაზე აქტუალურ, საინტერესო, საჭირბოროტო და საკვანძო მიმართულებებზე: ევროინტეგრაციაზე, რუსეთთან კონფლიქტის და არაღიარების პოლიტიკის საკითხებზე, ხოლო ბოლო 10 წელი - ნატოში ინტეგრაციაზე. დიდი ბედნიერებაა როცა მუშაობ რაღაც დიდი მიზნის მისაღწევად, რომლისაც გჯერა მთელი გულით, და გრძნობ, რომ შენი ცოდნა, უნარები და გამოცდილება შეგიძლია მოახმარო ამ მიზანს. და ასევე, რა თქმა უნდა, როდესაც გრძნობ რომ ამ ცოდნის და გამოცდილების გამოყენებაზე მოთხოვნა არსებობს", - ასეთია ნატა ქორიძის დღეს, 2 დეკემბერს, ფეისბუკზე გამოქვეყნებული სტატუსი.

რადიო თავისუფლება საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა რეორგანიზაციის პროცესის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად - ვიკითხეთ, რამდენ ადამიანს შეეხო რეორგანიზაციის პროცესი და რა არის ცვლილებების მიზეზი. უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ნატა ქორიძე პოლიტიკური პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურა ჯაფარიძეს ცოლია. ზურა ჯაფარიძე წერს, რომ ნატა ქორიძის სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა ხელისუფლების მხრიდან მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო. პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს ზურა ჯაფარიძის ძმა, დიპლომატი გია ჯაფარიძეც.

"მე პირდაპირ მითხრეს 2013 წელს, შენი ძმა გაჩუმდეს და დაგტოვებთო", - იხსენებს გია ჯაფარიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG