საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ეხმაურება სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, ნატა ქორიძის დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რეორგანიზაციის მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. სამინისტრო უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის სამსახურიდან გათავისუფლებას "ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანებით ხსნის." ნატა ქორიძე პოლიტიკური პარტია "გირჩის-მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ცოლია. ზურა ჯაფარიძე თავისი მეუღლის გათავისუფლებას სამსახურიდან პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს.
სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის წერილობით კომენტარში აღნიშნულია, რომ რეორგანიზაცია 2022 წლის სექტემბერში გამოცხადდა და ამ პროცესის შესახებ თანამშრომლები ინფორმირებულნი იყვნენ.
"[რეორგანიზაციის] მიზეზი გახდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანებიდან გამომდინარე რიგი სტრუქტურული ერთეულების გაძლიერების საჭიროება, მათი გამსხვილება დეპარტამენტიდან დირექტორატის ფორმატში, რამაც მოითხოვა შესაბამისი საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია. მათ შორის ცვლილება შეეხო დეპარტამენტს, სადაც საქმიანობდა ჩვენი კოლეგა ქ-ნი ნატა ქორიძე. კერძოდ იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლის აღსრულება არის საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულება, სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი, აღნიშნულმა ცვილილებამ გამოიწვია აქამდე დეპარტამენტში არსებული საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია, მათ შორის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციის გაუქმება.
დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ ეცნობა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს კანონით დადგენილ ვადებში. მათ შორის ქ-ნ ნატა ქორიძეს გაფრთხილება სტრუქტურულ ერთეულში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ მიუვიდა კანონით დადგენილ ვადებში და ასევე ეცნობა რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომი დასაქმების მიზნით, მასთან მიმართებაში ხორციელდება მობილობის პროცესისთვის საჭირო ღონისძიებები", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებაში.
საგარეო უწყება ამ დრომდე არ სცემს პასუხს კითხვას, სულ რამდენი ადამიანი გათავისუფლდა რეორგანიზაციის ფარგლებში და შეეხო თუ არა რეორგანიზაცია სხვა დეპარტამენტებსაც.
ნატა ქორიძის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტზე დღეს მედიასთან კომენტარი გააკეთა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გია ვოლსკიმ. იგი მიიჩნევს, რომ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ შეიძლება ჰქონდეს ზურაბ ჯაფარიძის ცოლს, ვინაიდან ჯაფარიძე "ქვეყნის საზიანოდ მოქმედებს."
„თუ მას საიდუმლო ინფორმაციასთან აქვს წვდომა, რასაკვირველია, არ შეიძლება იგი უზიარებდეს ამ ინფორმაციას ადამიანს, ვინც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს ყოველდღე და მგონია, რომ სწორედ ასეთი მოქმედების ერთ-ერთი ლიდერია ზურა ჯაფარიძე. მაგრამ გათავისუფლების მოტივი არის თუ არა ეს რეალობა, მე არ ვიცი. ეტყობა რაღაც მიზეზი იყო ამისათვის. არ შეიძლება, რომ ოპოზიციის ასეთი პიროვნების წარმომადგენელი მუშაობდეს ადგილზე, სადაც საიდუმლო ინფორმაციასთან არის წვდომა“, - უთხრა გია ვოლსკიმ დღეს ჟურნალისტებს.