Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ისინი იბრძოდნენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის!" - ანდრი ერმაკი ქართულ ენაზე აქვეყნებს სამძიმარს


ანდრი ერმაკი
ანდრი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი "ტელეგრამში" ქართულად აქვეყნებს დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში დაღუპულების ოჯახებისადმი სამძიმარს.

"ბახმუტი - სტრატეგიული ქალაქის თავდაცვა გრძელდება!
სასტიკი ბრძოლები ყოველდღეა…სროლის ხმა მუდმივად ისმის, გარშემო სიბნელე, თითქოს ფრაგმენტი პირველი მსოფლიო ომიდან. გარშემო მტრის უამრავი გვამი, ისინი არც ცდილობენ ბრძოლის ველიდან მათ გაყვანაზე, ასობით მიტოვებული მტრის გვამი პატივის გარეშე…
ჩვენი მეომრები იბრძვიან თავგანწირულად!
სამწუხაროდ, ჩვენც ვკარგავთ მეომრებს.
ბახმუტთან, ბოლო დღეებში, მტრის ალყაში მოექცნენ ჩვენი უკრაინელი და 57-ე ბრიგადის ქართველი მეომრები. ცნობილია დაჭრილი ქართველი მეთაურის და ხუთი დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შესახებ. ისინი იბრძოდნენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის! თავისუფლება აერთიანებს საუკეთესო ადამიანებს ავტოკრატიულ ბოროტებასთან ბრძოლაში!
მე, ნამდვილად თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს! და ასევე მადლობას ვიხდი ყველა მეომრის მიმართ ვინც იბრძვით ჩვენთან ერთად!
აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ თავისუფლებისთვის უკრაინასა და საქართველოში და დავამარცხოთ მტერი. მტერი ხომ ჩვენ ერთი გვყავს!
ბახმუტი- ტიტანების ქალაქია!"
- წერს ანდრი ერმაკი.

ბახმუტში 3 დეკემბერს 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, დაჭრილია მეთაური, გრძელდება ბრძოლა დაღუპულების ცხედრების გამოსაყვანად. საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ ქართველი სამხედროების დაღუპვის შესახებ.

მოძრაობა "სირცხვილია" 6 დეკემბრის გლოვის დღეს გამოცხადებად ითხოვს, პოლიტიკური პარტია "დროა" დღეს საღამოს რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხეს შეაბამს შავ ლენტებს.

3 დეკემბერს დაღუპული ქართველი მეომრები არიან:

  • ავთო რურუა;
  • რომეო ფიჩხაია;
  • როლანდ კვარაცხელია;
  • ბადრი მარკელია;
  • მერაბ ალადაშვილი.

რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში. უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 1500-მდე ქართველი მებრძოლი იბრძვის. პირველი ინფორმაცია ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა. ომის დაწყებიდან ამ დრომდე უკრაინაში 33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

განმარტება: თავდაპირველ ვერსიაში არასწორად იყო მითითებული ერთ-ერთი დაღუპული მებრძოლის, რომეო ფიჩხაიას გვარი.

XS
SM
MD
LG