Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კასიანოვს აქვს ინიციატივა, უკრაინისა და საქართველოს გმირების სახელები მიენიჭოს თბილისის ქუჩებს


ანდრი კასიანოვი, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში
ანდრი კასიანოვი, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა დღეს ბრიფინგი გამართა, რომელზეც თქვა, რომ უკრაინელებისადმი მორალური მხარდაჭერისა და დაღუპული მებრძოლების ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, კარგი იქნებოდა უკრაინის ომში დაღუპული ქართველი და უკრაინელი მებრძოლების სახელები მიენიჭოს თბილისის ქუჩებს

"უკრაინას სჭირდება მორალური მხარდაჭერაც, მაგრამ ჩვენ დღემდე არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან განმეორებით ოფიციალურ მოწოდებაზე, რათა აღვნიშნოთ უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მამაცობა. დღეს, 6 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო ყველა იმ უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცისთვის, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის დაზოგვის გარეშე იცავდნენ ჩვენს ქვეყნებს საერთო მტრისგან - რუსეთის ფედერაციისგან“, - თქვა კასიანოვმა საელჩო გამართულ ბრიფინგზე.

მან მადლობა გადაუხადა ქართველ მეომრებს, რომლებიც დღეს უკრაინისთვის იბრძვიან და თქვა, რომ ეს არის ბრძოლა არა მხოლოდ უკრაინის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვისაც.

"დღეს უკრაინელი ჯარისკაცების გვერდიგვერდ როგორც უკრაინის, ისე საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ქართველი მოხალისეები იბრძვიან. ისინი იბრძვიან არა მხოლოდ ქართული ეროვნული ლეგიონის შემადგენლობაში, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა შეიარაღებულ ფორმირებებში და ისინი დღესაც სრულუფლებიანად აღნიშნავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს.

სამწუხაროდ, დღეს ეს დღესასწაული მიმდინარე წლის 3 დეკემბერს ბახმუტთან რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში ქართველი მოხალისეების დაღუპვამ დაჩრდილა. ესენი არიან ავთო რურუა, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი, ბადრი მარკელია. ჩვენ თავებს ვხრით მათ წინაშე და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს.

სამწუხაროდ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ბარბაროსული აგრესიის შედეგად 33-მა ქართველმა გმირმა უკვე გაწირა სიცოცხლე ჩვენი საერთო მტრისგან უკრაინისა და საქართველოს დასაცავად. ჩვენთვის ისინი უკრაინის ნამდვილი გმირები არიან და მათი ხსოვნა დარჩება მილიონობით უკრაინელის გულში", - თქვა კასიანოვმა.

კასიანოვის ამ განცხადებას, თბილისის საკრებულოს თავმჯომარის გიორგი ტყემალაძემ უპასუხა და თქმა,რომ საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის შემდეგ მზად არიან განიხოილონ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთბების შესაფერისი იქნება.

„ელჩის დანიშვნის შემდეგ, ჩვენ ვართ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი და მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების შესაფერისი იქნება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ანდრი კასიანოვმა დღეს მორალური მხარდაჭერის აუცილებლობის გარდა, მატერიალური მხარდაჭერის საჭიროებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინას ენერგეტიკული და ელექტრომომარაგების სისტემის აღდგენაში დახმარება სჭირდება.

„უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში - გენერატორებიდან და ტრანსფორმატორებიდან დაწყებული, რათა უზრუნველვყოთ განათება საავადმყოფოებისთვის, სახლებისთვის და სკოლებისთვის. კრემლის არაადამიანები და ჯალათები გულწრფელნი არიან თავიან განზრახვაში - მათ უნდათ გაანადგურონ უკრაინელები სიცივით. ერთი თვის წინ ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით და, სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია“, - განაცხადა კასიანოვმა.

უკრაინაში ომს საქართველოს 33 მოქალაქე ემსხვერპლა. 5 დეკემბერს მათ პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა "საწყალი ბიჭები" უწოდა და თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ფრონტზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიჰყავთ. უკრაინაში მებრძოლებმა ამ განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდეს.

* მასალა განახლდა და დაემატა თბილისის საკრებულოს თავმდომარის გიორგი ტყემალაძის კომენტარი.

XS
SM
MD
LG