Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპულებს "საწყალი ბიჭები" უწოდა, ოპოზიციას "ფარისევლები"


უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვიდან მესამე დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და იქვე თქვა, რომ ქართველები უკრაინაში საბრძოლველად "ომის პარტიას" მიჰყავს.

განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა მთავრობის კანცელარიაში, მთავრობის სხდომის დაწყების წინ. მან თქვა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაღუპული მებრძოლების პატივსაცემად, ფარავს მათი სამშობლოში გადმოსვენების ხარჯებს და სამხედრო პატივით კრძალავს, "ფარისეველი" ოპოზიცია კი ადამიანების სიკვდილით ცდილობს "ყალბი დივიდენდების მიღებას".

"ადამიანი გარდაიცვალა, ომში გარდაიცვალა და ამაზე ვიღაც ფარისეველი, ყალბი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული დივიდენდების, ყალბი დივიდენდების მიღებას. ამაზე ამორალური თუ რაიმე არსებობს...

მე მინდა ყველას შევახსენო, ეს ადამიანები, ეს ე.წ. ომის პარტია და გამყიდველების პარტია, დღიდან ომის დაწყებისა უკრაინაში, ცდილობდნენ და ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას. მათი ორგანიზებულია ახლაც, სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ "ომის პარტიის" წარმომადგენლებს უკრაინაში, მათი არაერთი პროვოკაცია იქნა აცილებული თავიდან ჩვენი მთავრობის მიერ და ყველას კარგად გახსოვთ, როგორ მოიქცა რეალური მათი ლიდერი და მათი მმართველობა აგვისტოს ომის დროს. ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დატოვეს ბრძოლის ველზე. რაზე საუბრობენ საერთოდ, რეებს ბედავენ საერთოდ? როგორ ახსენებენ სამხედროების სახელებს?

ყველას შევახსენებ, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, ჩვენი მოქალაქეები არიან საწყალი ბიჭები... ყველას... მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის. მთავრობა პირველივე დღიდან ჩაერთო, საელჩოები ჩართულები იყვნენ, მათი გადმოსვენება იქნება თუ სამხედრო პატივით დაკრძალვა, ყველაფერი გაკეთდა ჩვენს მიერ, ჩვენ სათანადო პატივი მივაგეთ გარდაცვლილების ოჯახებს. ყოველგვარი ყვირილის, ყოველგვარი პაირის გარეშე, ყველაფერზე პიარის გაკეთება და ამორალური პოპულიზმი არის უბრალოდ შემაშფოთებელი. ეს რაღაც არაქართული მოვლენაა. ქართველი კაცი ყოველთვის ღირსეულად გამოხატავს, იქნება ეს სამძიმრის თქმა ჭირისუფლისთვის თუ სხვა რამ. რასაც ჩადიან პოლიტიკოსები, არის უბრალოდ ფარისევლობა",
- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 დეკემბერს. მან ამ განცხადებაში კიდევ ერთხელ გაიმეორა მოქმედი ხელისუფლების ნარატივი, რომ საქართველოს მთავრობამ 2008 წელს უომრად ჩააბარა რუსეთს კოდორის ხეობა და რომ აგვისტოს ომის დროს ქართველი ჯარისკაცები საქართველოს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო დაიღუპნენ. ღარიბაშვილმა თქვა ისიც, რომ კვლავ გრძელდება მცდელობები საქართველოს ომში ჩასართავად, თუმცა დაამატა, რომ ეს დესტრუქციულ ძალებს არ გამოუვათ.

5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში 3 დეკემბერს დაიღუპა, დაჭრილია მეთაური, გრძელდება ბრძოლა დაღუპულების ცხედრების გამოსაყვანად. გარდაცვლილის ოჯახებს 4 დეკემბერს სამძიმარი ქართულ ენაზე გამოუცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა.

მოძრაობა "სირცხვილია" 6 დეკემბრის გლოვის დღეს გამოცხადებას ითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG