Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე: კასიანოვმა გაახმოვანა მთავარი მესიჯი, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს ომში მხარედ


მამუკა მდინარაძე, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვის პასუხად გამოეხმაურა უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს.

მამუკა მდინარაძის თქმით, ანდრი კასიანოვმა გაახმოვანა მთავარი მესიჯი, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს ომში მხარედ, დანარჩენი კი მხოლოდ წვრილმანი და საქართველოს ხელისუფლების დამაზიანებელი მესიჯები იყო.

მათ უნდათ და ეს თქვა პირდაპირ კასიანოვმა, რომ საქართველო გამოდიოდეს როგორც მხარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში ანუ ომში. ამ შემთხვევაში რუსეთის მიერ საოკუპაციო ომის მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში ვერ არის, არ არის და ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეხება კიდევ ერთ საკითხს, უკრაინისთვის გენერატორების მიწოდებას, მდინარაძის სიტყვებით, თუკი საქართველო უკრაინას მაქსიმალურ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ დახმარებას უწევს, არც გენერატორების მიწოდება იქნება პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ, მდინარაძის თქმით, ეს „სასპეკულაციოდ შემოგდებული თემაა“ და "მის შესახებ პირველად ესმის".

„ეს თემა პირველად მესმის და ამას გავარკვევ, მაგრამ ეს არის მეორეხარისხოვანი თემა. მთავარი არის პირდაპირი მოთხოვნა, რაც გაახმოვანა კასიანოვმა, რომ საქართველო ჩაერთოს მხარედ, დანარჩენი დეტალებია, რაშიც პრობლემა არ არის რეალურად, თუკი ჰუმანიტარულ დახმარებას, პოლიტიკურ დახმარებას უწევს მაქსიმუმს, არც აქ (გენერატორებით დახმარებაში) იქნება პრობლემა, დამერწმუნეთ", - თქვა მდინარაძემ.

ამასთან, მისი განცხადებით, „რაც შეეხება იმას, რომ სამხედრო კონფლიქტში უნდა დაფიქსირდეს მხარედ, ამას საქართველო არ გააკეთებს".

„როდესაც რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველომ უკრაინას უნდა მიაწოდოს იარაღი, სამხედრო ტექნიკა და ასე შემდეგ, ხომ გესმით, რომ მათ საქართველოს მხრიდან რაიმე განსაკუთრებული იარაღის, საბრძოლო მასალის თუ სამხედრო ტექნიკის მიწოდების მოლოდინი ობიექტურად არ აქვთ. ეს არის მთავარი მესიჯი, რაც ამ ადამიანმა გაახმოვანა და ნიშნავს იმას, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს, როგორც მხარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში. დანარჩენი, რაც ილაპარაკა, მხოლოდ წვრილმანი დამაზიანებელი მესიჯები იყო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის განმარტებით, საქართველო უკრაინას „სამხედრო დახმარებას ვერ და არ გაუწევს, რადგან ოკუპირებული ტერიტორიების მქონე, ნომერ პირველ რისკის ქვეშ მყოფი სამხედრო მხარდამჭერად ვერ დაფიქსირდება. ეს არის მარტივი მოცემულობა.“

ეს მხოლოდ კასიანოვისგან არ გაგვიგია, გაცილებით მაღალი თანამდებობის პირები ამბობდნენ, უკრაინელები, ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები, რომ უნდა შევისეირნოთ სოხუმში, უნდა გავუწიოთ სამხედრო მხარდაჭერა, უნდა ჩაერთოს საქართველო ომში“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრი კასიანოვმა დღეს ბრიფინგი გამართა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლების მიერ უპასუხოდ დატოვებულ დახმარების თხოვნებზე ისაუბრა. კასიანოვმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობას გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით ერთი თვის წინ მიმართეს, თუმცა დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

მან ისაუბრა სამხედრო დახმარებაზეც, რომლის მიღების იმედი უკრაინას ჰქონდა იმის გათვალისწინებით, რომ იგი საქართველოს ეხმარებოდა ბოლო ათწლეულების შეიარაღებულ კონფლიქტებში. კასიანოვის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისგან ომის დაწყების შემდეგ, "მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად", საელჩოს პასუხი არ მიუღია უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით.

„ყოველთვის გულწრფელი და ღია ვიყავით ჩვენს განზრახვებში. კვლავ გვჯერა, რომ სამხედრო დახმარებისთვის უკრაინის მიმართვა მოძმე საქართველოსადმი იმ დროს, როდესაც საუბარი მიდიოდა გადარჩენა-არგადარჩენაზე, სიცოცხლესა და სიკვდილზე, სრულიად იყო გამართლებული, სამართლიანი და აუცილებელი, რადგან ერთ დროს უკრაინის მთავრობა დაეხმარა ქართველი ლტოლვილების ევაკუაციაში სვანეთის მთებში, გაუწია საქართველოს უძლიერესი ჰუმანიტარული დახმარება 1993 წელს, ასევე სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება 2008 წელს.

ასევე გამართლებული და აუცილებელი იყო უკრაინაში თავდადებული ქართველი ვაჟკაცების გაშვების ორგანიზებული მცდელობა, რომელთაც გადაწყვიტეს დაეცვათ ჩვენი ქვეყნები საერთო მტრისგან - რუსეთის ფედერაციისგან.

ასევე, ჩვენ უარვყოფთ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით. ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ამ თემაზე მუდმივი ბრალდებებითა და სპეკულაციებით“, - განაცხადა კასიანოვმა და დაამატა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება იარაღი, საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა. მან თქვა, რომ არა მხოლოდ თანამედროვე, ახალი იარაღი, მოძველებული საბრძოლო მასალაც კი ღირებულია ამ ომში უკრაინისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG