Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ცინიზმს და პროპაგანდას უწოდებს პუტინის "საშობაო ზავს"


რუსეთის მიერ 31 დეკემბერს განხორციელებული სარაკეტო დარტყმით დანგრეული საცხოვრებელი უბანი კიევში
რუსეთის მიერ 31 დეკემბერს განხორციელებული სარაკეტო დარტყმით დანგრეული საცხოვრებელი უბანი კიევში

აშშ მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ნებისმიერ პაუზას გამოიყენებს ძალების მოსაკრებად, სამხედრო დანაყოფების გადაჯგუფებისა და ახალი თავდასხმების მოსამზადებლად. ამის შესახებ ვაშინგტონში 5 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა საახალწლოდ მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, პრაისმა ცინიზმი უწოდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ გამოცხადებულ „საშობაო ზავს“.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთს მშვიდობა რეალურად რომ უნდოდეს, საკუთარ ჯარს გაიყვანდა სუვერენული უკრაინის ტერიტორიიდან. აშშ-ის ეს პოზიცია გაიმეორა თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა პეტ რაიდერმაც. მან პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ რუსეთის მიერ გამოცხადებული ზავისადმი სკეპტიციზმის საფუძველია რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის გრძელი სია და მისი უმოწყალო თავდასხმები უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე. უფრო ადრე, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინის „საშობაო ზავი“ დასვენების მცდელობაა. ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი 25 დეკემბერს და ახალ წელს ბომბავდა საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებს და ტაძრებს.

5 იანვარს კრემლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გაითვალისწინა რუსეთის პატრიარქ კირილეს მოწოდება და თავდაცვის მინისტრ შოიგუს დაავალა, უკრაინაში ცეცხლი შეწყდეს 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე. 7 იანვარს მართლმადიდებლების ნაწილი, მათ შორის რუსეთსა და უკრაინაში, შობას აღნიშნავს.

უკრაინის პრეზიდენტმა პუტინის მიერ გამოცხადებული ე.წ. ზავი შეაფასა რუსეთის მცდელობად, შეაჩეროს უკრაინის აღმოსავლეთში თავდაცვის ძალების წინსვლა. 5 იანვარს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთს სურს შობა გამოიყენოს დონბასში უკრაინელი მებრძოლების დროებით შესაჩერებლად და მათ პოზიციებთან ახლოს მიიყვანოს საბრძოლო ტექნიკა და მობილიზებული პირები. ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოში ყველამ იცის, რომ კრემლი დროებით შესვენებას იყენებს ომის ახალი ძალით გასაგრძელებლად.

XS
SM
MD
LG