Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიაში ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ


 ყოფილი პრეზიდენტის მომხრეების შეტაკება პოლიციასთან. ბრაზილია. 8 იანვარი, 2023 წელი
ყოფილი პრეზიდენტის მომხრეების შეტაკება პოლიციასთან. ბრაზილია. 8 იანვარი, 2023 წელი

ბრაზილიის დედაქალაქში 8 იანვარს ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მომხრეები ქვეყნის პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებზე ჩანს, როგორ ააღწიეს ბოლსონარუს მომხრეებმა შენობის სახურავზე და შემდეგ შევიდნენ სხდომათა დარბაზში. პოლიციამ ვერ შეძლო მათთვის ხელი შეეშალა.

დედაქალაქ ბრაზილიაში ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა ასევე იერიში მიიტანეს პრეზიდენტის სასახლეზე და უზენაესი სასამართლოს შენობაზე. მათ ამ შენობებში შეჭრაც მოახერხეს. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქალაქში სამართალდამცავების დასახმარებლად დამატებითი ძალები გაიგზავნა.

„ნამდვილი ვანდალების მსგავსად, ანადგურებდნენ ყველაფერს, რაც წინ ხვდებოდათ. ვფიქრობ, ეს იყო უსაფრთხოების ნაკლებობა და მინდა გითხრათ, რომ ყველა ის, ვინც ეს გააკეთა, მიკვლეულ იქნება და დაისჯება“, - თქვა ქვეყნის ახლახან კვლავ არჩეულმა პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ.

ბოლსონარუს მომხრეები მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები, რომლითაც, ოფიციალური მონაცემებით, მცირე უპირატესობით ლუის ინასიო ლულა და სილვამ გაიმარჯვა, გაყალბებული იყო.

ბრაზილიაში მომხდარმა ბევრს გაახსენა აშშ-ში 2021 წლის 6 იანვრის მოვლენები, როცა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეებმა იერიში მიიტანეს კონგრესის შენობაზე და მასში შეიჭრნენ. მოძალეების სასამართლო პროცესები აშშ-ში დღემდე გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG