Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიაში პოლიციამ გაწმინდა კონგრესის შენობა ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებისგან


პოლიცია აპატიმრებს ბოლსონარუს მხარდამჭერებს კონგრესის შენობასთან. ბრაზილია. 8 იანვარი, 2023 წელი
პოლიცია აპატიმრებს ბოლსონარუს მხარდამჭერებს კონგრესის შენობასთან. ბრაზილია. 8 იანვარი, 2023 წელი

ბრაზილიის უსაფრთხოების ძალებმა 8 იანვარს ეროვნული კონგრესის, პარლამენტის, შენობა ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერებისგან გაწმინდეს. მათ ოპერაცია ჩაატარეს მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტის ასობით მხარდამჭერი შეიჭრა კონგრესში, პრეზიდენტის სასახლეში და უზენაეს სასამართლოში. ახალმა პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ მომხდარი დაგმო, როგორც "ფაშისტური" თავდასხმა.

„ნამდვილი ვანდალების მსგავსად, ანადგურებდნენ ყველაფერს, რაც წინ ხვდებოდათ. ვფიქრობ, ეს იყო უსაფრთხოების ნაკლებობა და მინდა გითხრათ, რომ ყველა ის, ვინც ეს გააკეთა, მიკვლეულ იქნება და დაისჯება“, - თქვა და სილვამ სან-პაოლოში.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფედერალური ოლქის გუბერნატორმა თანამდებობიდან გადააყენა დედაქალაქ ბრაზილიის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც, მედიის თანახმად, აშშ-ში იმყოფება. თვითონ ბოლსონარუს, რომელიც ლულას ინაუგურაციის შემდეგ ფლორიდაში წავიდა, კომენტარი მომხდარზე არ გაუკეთებია.

ბოლსონარუს მომხრეები მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები, რომლითაც, ოფიციალური მონაცემებით, მცირე უპირატესობით ლუის ინასიო ლულა და სილვამ გაიმარჯვა, გაყალბებული იყო.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრაზილიაში ბოლსონარუს მომხრეთა ძალადობას "აღმაშფოთებელი" უწოდა. ხოლო აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ ვაშინგტონი "გმობს ნებისმიერ მცდელობას", რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას ბრაზილიაში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრაზილიაში მომხდარი „სრულიად დაგმო.“

ბრაზილიაში მომხდარმა ბევრს გაახსენა აშშ-ში 2021 წლის 6 იანვრის მოვლენები, როცა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეებმა იერიში მიიტანეს კონგრესის შენობაზე და მასში შეიჭრნენ.

მოძალეების სასამართლო პროცესები აშშ-ში დღემდე გრძელდება.

XS
SM
MD
LG