Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ საგარეჯოში სპეცოპერაცია დაასრულა


შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური

საგარეჯოში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. მან ჟურნალისტებთან კომენტარში აღნიშნა, რომ პირი, რომელიც მოქალაქეებსა და პოლიციას თავს დაესხა, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა. მან შეიარაღებული ძალების რიგები 2021 წელს დატოვა.

„სამხედროა, როგორც ვიცით. ოპერატიულადაც დაგვიდასტურეს, რომ 2006 წლიდან მუშაობდა. 2021 წელს არის წამოსული. პირველადი ინფორმაციაა და დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ასე გვითხრეს. მანამდე მუშაობდა, ავღანეთის მისიაშიც ნამყოფია, როგორც დაგვიდასტურეს", - თქვა გომელაურმა.

როგორც მინისტრი აცხადებს, როდესაც თავდამსხმელმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სახლიდან დაიწყო სროლა, მასთან მისი სრულწლოვანი შვილი იმყოფებოდა.

„დაიწყო აივნის ერთი მხრიდან სროლა, მერე მეორე მხრიდან დაიწყო სროლა. ბიჭმა დატოვა მერე სახლი. მერე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, სადაც გახსნა ცეცხლი მეორე მხრიდან, დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი, საავადმყოფოში გადაყვანის დროს დაიღუპა ჩვენი თანამშრომელიც", - აღნიშნა გომელაურმა.

შს მინისტრი აცხადებს, რომ თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

„სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოვიდა, დაიწყო ღონისძიება, მოუწოდეს, რა თქმა უნდა... მან კიდევ რამდენჯერმე ისროლა", - აღნიშნა მან. ვახტანგ გომელაურის თქმით, როდესაც პოლიცია ბინაში შევიდა, თავდამსხმელი დაღუპული დახვდა. შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

„იქვე ნახეს ხელყუმბარის რამდენიმე რგოლი. შეიძლება, ეს იყო დანაღმული ან ქვეშ ჰქონდა დადებული. მერე გამოვიძახეთ, რა თქმა უნდა, იყვნენ გამნაღმველები. მათ დაამთავრეს მუშაობა. იქვე გამსკდარი იყო ხელყუმბარა", - ამბობს მინისტრი.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ოპერაცია დასრულდა. ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა: „ძალიან მძიმე შემთხვევაა, მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. გარდაცვლილია 5 ადამიანი და ერთი ჩვენი თანამშრომელია, სამწუხაროდ. 5 ადამიანია დაჭრილი, ერთი-ერთი არის მძიმედ, ოპერაცია უტარდება. ექიმები ვერ გვეუბნებიან, რა სიმძიმისაა, არტერია აქვს დაზიანებული და ვერ გვეუბნებიან, გადარჩება თუ არა. შემთხვევას ვერ ვხსნით ვერავინ, თუ რა მოხდა".

გამოძიების ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ თავდაპირველად საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, მან ცეცხლი გაუხსნა ასევე ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილი ხუთი ადამიანი "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში შეიყვანეს. რადიო თავისუფლებას კლინიკის პრესსამსახურში უთხრეს, რომ ერთის მდგომარეობა მძიმეა.

"ერთი ქალი, რომლის მდგომარეობაც არ იყო მძიმე, გადაყვანილია თბილისში, სჭირდებოდა სპეციფიკური დახმარება თვალზე მიღებული დაზიანების გამო. ერთ მძიმე პაციენტს უტარდება ოპერაცია, დანარჩენების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ, ქვედა კიდურებზე აქვთ დაზიანება, მათ კვლევები უტარდებათ", - აცხადებენ კლინიკაში.

საგარეჯოში, "ჯეო ჰოსპიტალსთან" სროლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად კლინიკის თანამშრომელმა გაავრცელა. ის აღნიშნავდა, რომ იყო მსხვერპლი და ექიმები სროლის გამო ვერ ახერხებდნენ დაჭრილი ადამიანების დახმარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG