Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმის თქმით, საგარეჯოში დაჭრილი ორი ადამიანის ოპერაცია გრძელდება


ქირურგი მამუკა ოთიაშვილი
ქირურგი მამუკა ოთიაშვილი

საგარეჯოში კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქირურგმა მამუკა ოთიაშვილმა ჟურნალისტებთან ილაპარაკა სროლის შედეგად დაჭრილი მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ.

როგორც ექიმი ამბობს, ამჟამად ორ პაციენტს ქირურგიულ ოპერაციას უტარებენ.

„მოგეხსენებათ, ინციდენტის შედეგად კლინიკაში მოყვანილი იყო ექვსი პაციენტი, მათ შორის ერთი გარდაცვლილია. ხუთი ავადმყოფის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის სტაბილურად მძიმე. ერთ-ერთი პაციენტი შედარებით მძიმედ არის და ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ოპერაციული მკურნალობა. სამ პაციენტს ჩაუტარდა ჭრილობის ქირურგიული დამუშავება და ამ ეტაპისთვის სტაბილურ მდგომარეობაში არიან. ერთს გაეწია შესაბამისი დახმარება და კატასტროფის ბრიგადით გადაყვანილია თბილისის საავადმყოფოში თვალის ზედაპირული ტრავმის გამო. პაციენტებს ცეცხლსასროლი ნაკვეთი ჭრილობები აქვთ. ერთ პაციენტს აღენიშნება მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა. სხვები ქვედა კიდურის ნაკვეთი ჭრილობებია. ამ ეტაპისთვის ოთხი აგრძელებს მკურნალობას. ორი პაციენტის ოპერაციული მკურნალობა დასრულდა, ორი - მიმდინარეობს“, - თქვა ოთიაშვილმა.

გამოძიების ინფორმაციით, საგარეჯოში 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ თავდაპირველად საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაიღუპა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ასევე ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი დაიღუპა.

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გომელაურის განცხადებით, პირი, რომელიც მოქალაქეებსა და პოლიციას თავს დაესხა, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა. მან შეიარაღებული ძალების რიგები 2021 წელს დატოვა.

„სამხედროა, როგორც ვიცით. ოპერატიულადაც დაგვიდასტურეს, რომ 2006 წლიდან მუშაობდა. 2021 წელს არის წამოსული. პირველადი ინფორმაციაა და დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ასე გვითხრეს. მანამდე მუშაობდა, ავღანეთის მისიაშიც ნამყოფია, როგორც დაგვიდასტურეს", - თქვა გომელაურმა.

საგარეჯოში "ჯეო ჰოსპიტალსთან" სროლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად კლინიკის თანამშრომელმა გაავრცელა. ის აღნიშნავდა, რომ იყო მსხვერპლი და ექიმები სროლის გამო ვერ ახერხებდნენ დაჭრილი ადამიანების დახმარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG