Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასმენა როგორც რუსი პატრიოტის ვალი


ედუარდ ტოპოლი, მწერალი
ედუარდ ტოპოლი, მწერალი

19 წლის არხანგელსკელ სტუდენტს ოლესია კრივცოვას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: ჯარის დისკრედიტაცია და ტერორიზმის გამართლება. გოგონა ქუჩაში აკრავდა პროკლამაციებს, რომლებშიც საუბარი იყო იმაზე, რომ დიდი სამამულო ომის ვეტერანები უკრაინაშიც ცხოვრობენ, სტუდენტი გოგონა ასევე აქვეყნებდა ანტისაომარ პუბლიკაციებს სოციალურ ქსელებში, რისთვისაც 2022 წლის ოქტომბერში თანაკურსელები დასმენით დაემუქრნენ. დეკემბერში კრივცოვას ჩხრეკის ჩასატარებლად მიაკითხეს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა (ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც ურო ეჭირა ხელში, თავზე დაადგა გოგონას და „ვაგნერისგან“ მოკითხვა გადასცა), იანვარში კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრა, შინაპატიმრობა მიუსაჯა და ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეიყვანა.

რუსული სინამდვილის გათვალისწინებით, ამ მოვლენას არ ჩავთვლიდი განსაკუთრებული ყურადღების ღირსად, მაგრამ ამ თემაზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს დართული ჰქონდა სტუდენტის თანაკურსელების ფოტოები და ციტატები ჩატში გაკეთებული მიმოწერიდან, დაესმინათ თუ არა ოლესია. ერთ-ერთმა ციტატამ უბრალოდ აღმაფრთოვანა თავისი ლაკონიური აქტუალობით. არწმუნებდნენ რა ერთმანეთს თანაკურსელის ციხეში გაშვების საჭიროებაში, 19 წლის გოგონას თანატოლებმა დაწერეს: „დასმენა პატრიოტის ვალდებულებაა“. დროების როგორი ზუსტი ნიშანია!

1985 წელს გამოვიდა ვიქტორ კონდირევის წიგნი "ჩექმები - ოფიცრის სახე", ეს იყო ტევადი ფორმულა არა მხოლოდ საბჭოთა არმიის, არამედ მთელი საბჭოთა ხელისუფლებისა. 1982 წელს კი სერგეი დოვლატოვმა 1937-1938 წლების შესახებ იკითხა: "კი, მაგრამ ვინ დაასმინა ოთხი მილიონი ადამიანი?" მე, ისევე როგორც ბევრი ჩემი თანატოლი, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დასმენებს წერდნენ აშარი ზრდასრულები, უუნარო და შურიანი ადამიანები, რომელთაც სურდათ მეზობლის ბინის ან თანამდებობის მიღება, ან სულაც ნაცნობისათვის ცოლის წართმევა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ისინი არ წერდნენ დასმენებს, აღმოჩნდა, რომ, თურმე, დღესაც საკმაოდ ბევრია ისეთი ახალგაზრდა პატრიოტი, რომელიც (მიაქციეთ ყურადღება!) დაიბადა არა სტალინის, არა საბჭოთა მმართველობის დროს, არამედ ახალ, თავისუფალ, დემოკრატიულ რუსეთში, სახალხოდ არჩეული პრეზიდენტების დმიტრი მედვედევისა და ვლადიმირ პუტინის პირობებში. „პ“ თაობა - პუტინოიდები!

ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ინტერვიუთი, რომელიც იური დუდმა აიღო ოსკარ კუჩერასგან, გადაზრდილი თაღლითისა და შემგუებელ-სავოკისგან: როგორ ჩამოიხსნა ნიღაბი! გამოვდივარ წინადადებით პატრიოტიზმი გაიზომოს დასმენების რაოდენობით: ათი დასმენისთვის მოქალაქეს მიენიჭოს "რუსეთის დამსახურებული დამსმენის" ტიტული, ოცდახუთისთვის - "რუსეთის სახალხო ჩამშვების" წოდება. მოუთმენლად ველოდები ინტერვიუს ოლესიას კურსელებთან: ვლადიმერ სერგეევთან, რომან გუსეინთან ან ვინმე სხვა, პუტინის ახალი თაობის "პავლიკ მოროზოვებთან", რომლებსაც დასმენა პატრიოტის მოვალეობად მიაჩნიათ. ოჰ, როგორ მინდა ჩავიხედო ამ მომავალი რუსეთის სულში!

XS
SM
MD
LG