Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მისი ქორწინების შესახებ ცნობა სიცრუეა - მაგდა პაპიძე გამოძიების დაწყებას ითხოვს


მაგდა პაპიძე

ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მაგდა პაპიძე მისი ქორწინების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტზე გამოძიებას მიმართავს. 24 იანვარს მან წერილები გააგზავნა როგორც პროკურატურაში, ისე თბილისის საქალაქო სასამართლოში და საქმის გამოძიების დაწყება მოითხოვა. უახლოეს დღეებში მიმართავს მაგდა პაპიძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც, რათა დადგინდეს მის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტი. მაგდა პაპიძის გადაწყვეტილების შესახებ რადიო თავისუფლებას უყვება მისი ინტერესების დამცველი საპატიმრო დაწესებულებაში, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ეკა ქობესაშვილი.

ადვოკატი მაგდა პაპიძეს 24 იანვარს, რუსთავის მეხუთე ქალთა დაწესებულებაში შეხვდა. ეკა ქობესაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პატიმარმა იცოდა როგორ გაავრცელა 23-24 იანვარს, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ცნობა, თითქოს ის საპატიმროში „მის კლასელზე“ დაქორწინდა:

ეკა ქობესაშვილი
ეკა ქობესაშვილი

„იყო ძალიან განერვიულებული და გაბრაზებული. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია უარყო და მითხრა, რომ ეს არის სრული აბსურდი. რაც დააკავეს, მას ურთიერთობა აქვს მხოლოდ დედასთან, დასთან და დისშვილთან და არავისთან სხვასთან. ცრუ ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებაც, თითქოს მას ოჯახის წევრებიც კი აღარ ნახულობენ. ისინი ყოველთვის სარგებლობენ კანონით გათვალისწინებული პაემნებით. მაგდა პაპიძე თვლის, რომ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია მისი ქორწინების შესახებ, ემსახურება მის ფსიქოლოგიურ ტერორს და განადგურებას. დღეს უკვე გაგზავნა წერილი პროკურატურაში, სადაც წერს, რომ მიზანმიმართულად ხდება მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, რაც ემსახურება მის ფსიქოლოგიურ დეგრადირებას და ითხოვს გამოძიების დაწყებას. ასევე მიმართა სასამართლოს და აპირებს იდავოს იმ მედიასაშუალების წინააღმდეგ, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა“.

ინფორმაცია უვადოდ პატიმრობამისჯილი ქალის, მაგდა პაპიძის ციხეში ქორწინების შესახებ 23 იანვარს, ონლაინ-მედია პლატფორმამ, „ჯორჯიან თაიმსმა“ გაავრცელა. მათ მიერ მომზადებული სიუჟეტი მაგდა პაპიძის „ოჯახის ახლობლის“ ინფორმაციას ეყრდნობოდა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ პატიმარი ქალი რამდენიმე ხნის წინ კლასელზე დაქორწინდა.

მოგვიანებით, „ჯორჯიან თაიმსზე“ დაყრდნობით, იგივე დაწერეს სხვა ონლაინ მედიასაშუალებებმაც. ცნობა მაგდა პაპიძის შესაძლო ქორწინების შესახებ საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა:

„გარდა იმისა, რომ მედიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, აქ გასათვალისწინებელი ისიც, რომ მაგდა პაპიძეს, მიუხედავად იმისა, რომ ის მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იხდის სასჯელს და უვადო პატიმარია, საქართველოს პატიმრობის კოდექსის თანახმად, აქვს ქორწინების უფლება და რომც დაქორწინებულიყო, აქ უკანონო და უცნაური არაფერი იქნებოდა, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, მაგდა პაპიძეს ამ უფლებით არ უსარგებლია“.

ეკა ქობესაშვილი, მაგდა პაპიძის, როგორც პატიმრის ინტერესებს, მას შემდეგ იცავს, რაც გასული წლის მიწურულს პატიმარმა ქალმა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მიმართა და საპატიმროში არსებული პირობების გაუმჯობესებისთვის დახმარება სთხოვა.

როგორც ეკა ქობესაშვილი გვეუბნება, მაგდა პაპიძე შვიდი წელია სამარტოო საკანში იხდის სასჯელს და იმის გამო, რომ მას შეზღუდული აქვს მოძრაობისა და სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლება, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი დიაგნოზებიდან გამომდინარე, რთულდება:

„ის ცხოვრობს პატარა საკანში, სადაც იმყოფება 23 საათის განმავლობაში, ხოლო ერთ საათს ატარებს ე.წ. ჰაერზე, რომელიც ასევე პატარა, ბეტონის საკანია, უბრალოდ, დახურული ჭერის ნაცვლად არის გისოსები, საიდანაც იღებს ჰაერს და ჩანს ცა, სხვა არაფერი. მას აქვს სხვადასხვა სახის დაავადებები, აქვს ენდოკრინოლოგიური პრობლემა, დიაბეტი, დაპატიმრების შემდეგ დაეწყო მენოპაუზა. მისი ეს პრობლემები უკავშირდება ცხოვრების იმ პირობებს, რა პირობებშიც ახლა ის დაწესებულებაში იმყოფება. უვადო პატიმარი მამაკაცების შემთხვევაში არსებობს პრეცედენტული, ექსპერიმენტული მიდგომა, როდესაც რამდენიმე პატიმარი გადაყვანეს ღია დაწესებულებაში. ასევე ეძლევათ სუფთა ჰაერზე ყოფნის უფრო მეტი დრო, თუკი ისინი ჩართულები არიან მაგალითად, მებაღეობის პროგრამაში. მაგდა ამ შესაძლებლობას მოკლებულია...ის უკვე შვიდი წელია იმყოფება მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში და ამ შვიდი წლის განმავლობაში, არანაირი საყვედური და გადაცდომა არ აქვს და გამოირჩევა სანიმუშო ყოფა-ქცევით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ შეღავათები ამ კუთხითაც შეიძლება გაკეთდეს. ვფიქრობთ, რომ მას უნდა მიეცეს ჰაერზე ყოფნისთვის და ფიზიკური აქტივობისთვის მეტი სივრცე, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო არ გართულდეს“.

წერილი ციხიდან - როგორ ეხმაურება მაგდა პაპიძე შსს-ს მიერ მისი საქმის შესახებ გადაღებულ ფილმს?

არც გამოძიების, არც სასამართლო პროცესის მსვლელობისას, არც მას შემდეგ, შვიდი წლის განმავლობაში, მაგდა პაპიძეს არც ერთხელ უთქვამს და უღიარებია, რომ 2015 წლის 19 დეკემბერს, თბილისში, ფერაძის #6-ში, საკუთარ სახლში, მან დახოცა ქმარ-შვილი. ის დღემდე ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა და სჯერა, რომ თავის სიმართლეს აუცილებლად დაამტკიცებს.

ამ წლების განმავლობაში არაერთხელ მიმართა შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტსაც, თუმცა, შეწყალების თხოვნაზე პრეზიდენტისგან უარს იღებს.

პატიმრობიდან შვიდი წლის თავზე, ამბობს, რომ „სასამართლო სასამართლო არ იყო და ყველგან, სადაც შეძლეს, პირზე ხელი ააფარეს“. ამის შესახებ წერს ის წერილში, რომელიც 2022 წლის 12 დეკემბრით თარიღდება და რომელიც რადიო თავისუფლებას მისმა ადვოკატმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ეკა ქობესაშვილმა მიაწოდა:

„ძალიან მჯერა და ველოდები ჩემი თავისუფლების დღეს, დღეს, როდესაც მშვიდად უნდა დამხვდეს საზოგადოება, რომლის ნაწილიც ვიყავი და ვარ მეც - საზოგადოება, როცა ვცხოვრობდი ადვოკატის, პროკურორის გარეშე და ჩემზე არც ფიზიკურად, არც მორალურად, არც სიტყვიერად და არც ფსიქოლოგიურად არავინ ძალადობდა“.

ეს წერილი მაგდა პაპიძემ მას შემდეგ დაწერა, რაც გასული წლის დეკემბრის დასაწყისში, ტელევიზიით გავიდა მისი საქმის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებული ფილმი „პოლიციის ფაილები - მაგდა პაპიძის საქმე“, სადაც საქმის გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები 52 წუთის განმავლობაში ყვებიან და აღწერენ საქმის გამოძიების იმ დეტალებს, როგორც რეალური, ისე რეკონსტრუირებული, ე.წ. დადგმული კადრებით, რომლებმაც ისინი საბოლოოდ საქმის გახსნამდე და ბრალდებულამდე მიიყვანა.

მაგდა პაპიძის წერილი საპატიმროდან, 2022 წლის 12 დეკემბერი
მაგდა პაპიძის წერილი საპატიმროდან, 2022 წლის 12 დეკემბერი

მაგდა პაპიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებული ფილმის შესახებ ოჯახის წევრებისა და ადვოკატისგან შეიტყო. მსჯავრდებული წერილში წერს, რომ შვიდი წლის შემდეგ, მისი საქმის „გაცოცხლებით“, მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ცდილობენ:

„პირველად არ ირღვევა ჩემი უფლებები და ეტაპობრივად ასე იქნება ალბათ იქამდე, სანამ უპასუხოდ დარჩენილი უამრავი ის კითხვა იარსებებს, რაც ასე დატოვა გამოძიებამ და შვიდი წლის თავზე ჩემი პირადი ტრაგედიიდან, ხორციელდება ხელახალი ფსიქოლოგიური წნეხი ჩემზე და ჩემს განადგურებულ ოჯახზე საჯარო-სატელევიზიო მაუწყებლობით ისე, რომ ვიმყოფები დახურული რეჟიმის ისედაც რთულ გარემო პირობებში და არანაირი შეხვედრით, პირად კომუნიკაციას არ ცდილობს და არც ამყარებს პროკურატურა და გამომძიებელთა გუნდი ჩემთან, ისე წერს და თხზავს, მერე კი იყენებს მთელ ამ სცენარს ხელახალი, საზოგადოების მომწამვლელი მომართვისთვის და რისთვის?!.. ნუთუ, არავის უჩნდება კითხვა, როგორც მყარი მიზეზი და საპასუხოდ აუცილებელი - ტრაგედიიდან შვიდი წლის თავზე ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა იზოლირებულ ქალ-პატიმარზე, რისთვის და რა მოტივით დასჭირდა პროკურატურქას?! რატომ გრძელდება ასე უსასრულოდ ადამიანის უფლებების რღვევა და მცდელობა, საერთოდ დააკარგვინონ ადამიანს მომავლის იმედი, მიიყვანონ ისედაც რთულ პირობებში უკიდურეს სასოწარკვეთამდე და ისედაც განადგურებული და დანგრეული ოჯახი ხელახლა გაგვლახონ ხელით, წიხლით, სიტყვით - „სიმართლის სახელით“.

მაგდა პაპიძე წერილში წერს მისი დაკითხვისას, სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებაც, რამაც მისი ჯანმრთელობა შეარყია:

„შვიდი წლის წინ, სანამ ჩემს ცხოვრებაში ასეთი ტრაგედია დატრიალდებოდა, ვინმეს, რომ ეთქვა, წინ რა მელოდა, ვერაფრით, ერთი წამითაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ქალურად და ადამიანურად, ამასთან ჯერ შეგუებას მერე კი ცხოვრების გაგრძელებას შევძლებდი. შევძლებდი იმ დანაკარგის და მერე უკვე ძალადობის შემდეგ, რაც ასეთ შოკურ მდგომარეობაში მე პოლიციის შენობაში გამატარეს. ფაქტი ის არის, რომ ვერ შევძელი და დადგა დიაგნოზები... ადამიანი შეიძლება ციხეში ჩააგდო, მაგრამ ბრძოლის უფლება არ უნდა შეუზღუდო. შეიძლება ფიზიკურად დაატუსაღო, მაგრამ ის, რომ გონებრივად ვერ აპატიმრებ, იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი ფსიქო-ზეწოლით იმუშავოს წლების მანძილზე ჩემს წინააღმდეგ იმ გუნდმა, რომელთაც ჩემი წამების და უფლებების უკიდურესი დარღვევა ასე იოლად შემოდო თაროზე და ახლა მხოლოდ ისღა აწუხებს, როგორმე ოთხ კედელში, ჩუმ-ჩუმი წნეხით, ადამიანი ფატალურ შედეგამდე მიმიყვანონ“.

როგორც ეკა ქობესაშვილი გვეუბნება, მაგდა პაპიძემ შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ გამოძიებას მიმართა და მათთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა, მას არავინ გამოხმაურებია:

„მას აინტერესებს, რას ემსახურებოდა ამ ტიპის ფილმის გადაღება, რატომ მოხდა ამ საქმის მხოლოდ ერთი მხრიდან გაშუქება და რატომ არ მოხდა მასთანაც რიგი საკითხების გავლა. ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ფილმში არასწორი ფაქტებია მოყვანილი და არასწორი ინფორმაცია მიეწოდა საზოგადოებას“.

მაგდა პაპიძის საქმის მნიშვნელოვანი დეტალები

2016 წლის 6 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკატერინე გაბრიჩიძემ მაგდა პაპიძეს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

27 წლის ქმრისა და ხუთი წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ. თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა გამამტყუნებელი ვერდიქტი 2 საათსა და 35 წუთში, ერთხმად – 12 ხმით მიიღო.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და 2016 წლის 04 ივლისს მაგდა პაპიძე დამნაშავედ სცნო წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი შვილისა და მეუღლის განზრახ მკვლელობაში, დანაშაულში, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

ბრალდების თანახმად, 2015 წლის 19 დეკემბერს, ღამის საათებში, თბილისში, ფერაძის ქუჩა N6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის N10 ოთახში, მაგდა პაპიძემ „თავის არეში უროს რამდენიმე ჩარტყმით განზრახ მოკლა მეუღლე ომარ ქაფიაშვილი და გაგუდა არასრულწლოვანი შვილი, 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილი, რის შემდეგაც ცხედრები ეზოში გაიტანა და შეეცადა წაეშალა დანაშაულის კვალი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა, დაცვის მხარე ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმებას, საქმის დაბრუნებას ხელახალი განხილვისთვის და დანიშნული სასჯელის გაუქმებას ითხოვდა.

თუმცა, 2017 წლის იანვრის დასაწყისში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მაგდა პაპიძის დაცვის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო.

ერთი წლის თავზე, 2018 წლის ნოემბრის მიწურულს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა მაგდა პაპიძის საქმე მედიაში. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მაგდა პაპიძის საჩივრის განხილვაზე უარი განაცხადა. სასამართლოს განმარტების თანახმად, მაგდა პაპიძის საჩივარმა დასაშვებობის კრიტერიუმი ვერ გადალახა, რადგან მან ევროპულ სასამართლოში სარჩელის გაგზავნა დააგვიანა.

სტრასბურგის სასამართლოში მსჯავრდებული ქალის საქმე 2018 წლის ივნისში გაიგზავნა. მაგდა პაპიძე ითხოვდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე და მეთოთხმეტე მუხლებზე დარღვევის დადგენას, რაც გულისხმობს ადამიანის წამებისა და დისკრიმინაციის აკრძალვას.

სტრასბურგში გაგზავნილი საჩივარი ეხებოდა მაგდა პაპიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მისი დაკავებისა და გამოკითხვის პროცესში, მასზე ოთხმა პოლიციელმა იძალადა, რასაც მოჰყვა მისი ორსულობის შეწყვეტა.

ამ საქმის მოკვლევა პროკურატურამ მაგდა პაპიძის დაკავებიდან რამდენიმე დღეშივე, 2015 წლის 23 დეკემბერს, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით დაიწყო, თუმცა, გამოძიება 2016 წელს შეწყდა.

2015 წელს, მაგდა პაპიძის დაკავებიდან მალევე, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა, თუმცა, აღნიშნეს, რომ „რის შედეგად მიიღო ქალმა დაზიანებები დასადგენია“ და ეს გამოძიებას უნდა გაერკვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG