Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კირთაძე ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს, თუმცა პარტიაში რჩება


გიორგი კირთაძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი
გიორგი კირთაძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი კირთაძის განცხადებით, შიდაპარტიული არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, პოსტს ტოვებს, თუმცა გააგრძელებს პარტიაში მუშაობას.

"ვტოვებ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს. მე წინასწარ მქონდა გაცხადებული, რომ თუ არჩევნების დასრულების შემდეგ ნიკა მელია ვერ გაიმარჯვებდა, ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს დავტოვებდი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე პერსონალურად ან პარტიის რომელიმე წევრი ტოვებს "ნაციონალურ მოძრაობას". ჩვენ ვრჩებით "ნაციონალურ მოძრაობაში" იმ იდეალებისთვის, რომლისთვისაც ჩვენ აქ ვიყავით“, - განაცხადა გიორგი კირთაძემ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბარში.

მისი სიტყვებით, პარტიისთვის საჭიროა მნიშვნელოვან საკითხებზე კონცენტრირება, ესენია, პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, "მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა“, „ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოშლა“ და პატიმრობაში მყოფი ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, „ნიკა გვარამიას გათავისუფლება", რომლისთვისაც ბრძოლას გააგრძელებენ. მან ასევე წარმატებები უსურვა გუნდს, რომელიც აჭარაში "ნაციონალურ მოძრაობას" უხელმძღვანელებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოდა.

კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • ნონა მამულაშვილი - 1537 ხმა (3,73%);
  • ნიკა მელია - 16 476 ხმა (40%);
  • გიორგი მუმლაძე - 1516 ხმა (3,68%);
  • ლევან ხაბეიშვილი - 21 656 ხმა (52,58%).

პარტიის თავმჯდომარის ასარჩევად ხმის მიცემა 28 იანვარს, დილის 10 საათის შემდეგ დაიწყო და დღეს, 30 იანვარს, 10 საათზე დასრულდა. არჩევნებში დარეგისტრირდა 49 638 ადამიანი. მათგან ხმა მისცა - 41 264-მა.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატებმა ნიკა მელიამ და გიორგი მუმლაძემ ახალარჩეულ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG