Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის კონფლიქტი გრძელდება


ევგენი პრიგოჟინი
ევგენი პრიგოჟინი

დაპირისპირება გრძელდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინს შორის. წუხელ, პიგოჟინის პრესსამსახურმა ტელეგრამ-არხით გაავრცელა მისი აუდიო-კომენტარი, რომ თავდაცვის სამინისტრო ტყუის, როცა ამბობს, რომ დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონის ქალაქ არტიომოვსკში მყოფი მოხალისეები საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფილი არიან. კომენტარის თანახმად, ბახმუტის რაიონში არ იმყოფება მოხალისეთა არცერთი ქვედანაყოფი და იქ იბრძვის მხოლოდ „ვაგნერი“, რომელსაც არ აწვდიან ამოცანების შესასრულებლად მოთხოვნილი საბრძოლო მასალების 80%-ს.

პრიგოჟინის პრესსამსახურის მიერ ამ კომენტარის გავრცელება მოჰყვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე 21 თებერვალს, ღამით გამოქვეყნებულ განცხადებას, რომლის თანახმად, მხოლოდ 18-დან 20 თებერვლამდე, მოიერიშე რაზმების მოხალისეებმა მიიღეს 1660 ჭურვი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისთვის, 10 171 საბრძოლო მასალა საარტილერიო დანადგარებისთვის და 980 - ტანკებისთვის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ეგზალტირებული“ უწოდა განცხადებებს, რომ მოხალისეებს, რომლებიც არტიომოვსკის „გათავისუფლების ამოცანებს ასრულებენ“, საბრძოლო მასალების მიწოდებას უბლოკავენ. ერთი დღით ადრე, 20 თებერვალს, პრიგოჟინმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა დაადანაშაულა, რომ „ვაგნერს“ არ აძლევენ საწყობებში არსებულ საბრძოლო მასალებს.

ევგენი პრიგოჟინი, რომელიც პრეზიდენტ პუტინის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენლად ითვლებოდა, უკრაინაში წარუმატებლობის გამო სულ უფრო ხშირად აკრიტიკებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და არმიის სარდლობას. მანამდე, პრიგოჟინი ახერხებდა გავლენას რეგულარული ჯარების მართვაზეც. კერძოდ, პრიგოჟინის მოკავშირედ იყო მიჩნეული გენერალი სუროვიკინი, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში დანიშნეს უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურად.

2023 წლის იანვარში, პრეზიდენტმა პუტინმა სუროვიკინი შეცვალა გენერალური შტაბის უფროსით, გენერალ გერასიმოვით. ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) წერდა, რომ პრიგოჟინის ვარსკვლავმა, რამდენიმეთვიანი აშკარა აღმასვლის შემდეგ ჩასვენება დაიწყო, რადგან ვერ შეასრულა საკუთარი ძალებით უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღების პირობა.

კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს დაქირავებულ პატიმრებსაც. "ვაგნერელები" ეჭვმიტანილი არიან იმის არაერთი დანაშაულის ჩადენაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG