Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: პრიგოჟინის ვარსკვლავმა ჩასვენება დაიწყო


ევგენი პროგოჟინი უკრაინაში საომრად დაქირავებული პატიმრის, დმიტრი მენშიკოვის დაკრძალვაზე. სანქტ-პეტერბურგი. 2022 წლის 24 დეკემბერი
ევგენი პროგოჟინი უკრაინაში საომრად დაქირავებული პატიმრის, დმიტრი მენშიკოვის დაკრძალვაზე. სანქტ-პეტერბურგი. 2022 წლის 24 დეკემბერი

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შემქმნელის, ევგენი პრიგოჟინის ვარსკვლავმა, რამდენიმეთვიანი აშკარა აღმასვლის შემდეგ ჩასვენება დაიწყო, რადგან ვერ შეასრულა საკუთარი ძალებით უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღების პირობა.

ამერიკელი ექსპერტები ღია წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე აღნიშნავენ, რომ პუტინმა ისევ გადაწყვიტა რეგულარულ არმიას დაეყრდნოს. მან უკრაინაში რუსული ჯარების ხელმძღვანელის თანამდებობაზე გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვით შეცვალა გენერალი სერგეი სუროვიკინი, რომელსაც უკრაინული დაზვერვა პრიგოჟინის მოკავშირედ მიიჩნევს.

ISW ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ 15 იანვარს, ქალაქ სოლედარის აღებაზე საუბრისას პუტინს არ უხსენებია პრიგოჟინი, რომელიც მანამდე ირწმუნებოდა, რომ დონეცკის ოლქის ეს ქალაქი მხოლოდ „ვაგნერმა“ დაიპყრო.

ამერიკელი ექსპერტების შეფასებით, გასული წლის შემოდგომაზე, პუტინმა პრიგოჟინს და სუროვიკინს მისცა საშუალება ეჩვენებინათ, რისი მიღწევა შეუძლიათ, ერთს - ათასობით დაქირავებული პატიმრით და მეორეს - უკრაინის ენერგოობიექტებზე დარტყმებით.

პრიგოჟინის მცდელობა, აეღო ქალაქი ბახმუტი, წარუმატებელი აღმოჩნდა, უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე მასირებული შეტევებით კი, რუსეთმა ვერაფერს მიაღწია, გარდა იმისა, რომ ტანჯვა მოუტანა მოსახლეობას და რაკეტების დიდი ნაწილი დახარჯა.

რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" დიდი ხანია ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში და ბოლო ხანს განსაკუთრებით აქტიურობს დონეცკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პირადად მონაწილეობს უკრაინაში საომრად პატიმრების დაქირავების პროცესში.

უკრაინამდე რუსეთი "ვაგნერს" იყენებდა სირიასა და აფრიკაში. "ვაგნერელები" ეჭვმიტანილი არიან ომის არაერთი დანაშაულის ჩადენაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG