Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანილოვი: საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიების რუსული ჯარისგან გათავისუფლება უკრაინის საქმე არ არის


ოლექსი დანილოვი, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი
ოლექსი დანილოვი, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველომ და მოლდოვამ უკრაინის მონაწილეობის გარეშე უნდა მოიშორონ რუსული ჯარების გავლენა და ყოფნა მათ ტერიტორიებზე.

„ეს ქართველებმა უნდა გააკეთონ, ეს უნდა გააკეთონ მოლდოველებმა, თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს ტერიტორია უშუალოდ მათ ეკუთვნით“, - განაცხადა დანილოვმა.

იგი ფიქრობს, რომ ქვეყნები, რომლებზეც რუსეთის ფედერაციას აქვს გავლენა და სადაც რუსეთის ფედერაცია იმყოფება, ვერ განვითარდებიან.

„მაგალითად, მოლდოვა, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამ ტერიტორიას განვითარების პერსპექტივა ექნება, სანამ ის რუსი ოკუპანტისგან არ გათავისუფლდება. საქართველოს მაგალითი. 2008 წელს, როდესაც ეს ტერორისტები საქართველოს ტერიტორიაზე შევიდნენ, მოახდინეს საქართველოს ნაწილის ოკუპაცია - მსგავსი სიტუაციაა. ტერიტორია აბსოლუტურად დანგრეულია, ის ვერ ვითარდება და არ ექნება განვითარების პერსპექტივა, ვინაიდან ასეთ ტერიტორიებზე, სადაც ტერიტორიული საკითხი გაურკვეველია, ფულს არავინ ჩადებს“, - განაცხადა დანილოვმა.

ამასთან მან „უცნაური“ უწოდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასრულების შესახებ მომავალ სამშვიდობო შეთანხმებაში უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ პუნქტი.

მაშინ თქვით, რომ ეს არ არის ჩვენი ტერიტორია, მაგრამ თქვით ეს საჯაროდ, მთელი მსოფლიოს გასაგონად. ეს ბიზანტიური სტილი, რომელიც პოლიტიკაში გარკვეულ დრომდე არსებობდა, წარსულს უნდა ჩაბარდეს“, - აღნიშნა დანილოვმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სააგენტო „ბლუმბერგთან“ საუბარში განაცხადა, რომ „რუსეთმა უნდა იცოდეს, სად გადის მისი საზღვრები. საქართველოს საკითხები ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული და არავინ უნდა იფიქროს, რომ ეს ომი შესაძლოა დასრულდეს რუსეთის ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან გასვლის გარეშე“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის თანახმადაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასავლეთი კიდევ ერთ შეცდომას დაუშვებს, როგორც - 2008 და 2014 წლებში.

ოლექსი დანილოვის განცხადებები რამდენჯერმე გახდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მწვავე კრიტიკის საგანი.

  • 2022 წლის აგვისტოში უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა უკრაინულ "24 Канал-თან" ინტერვიუში თქვა, რომ დღესაც თვლის, რომ თუ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია დაიცვას საკუთარი მიწები.
  • "როდესაც ომი დაიწყო, მე მქონდა კამათი ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო. დღესაც ვთვლი, რომ თუ საქართველო ამ რეგიონებს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია, დაიცვას საკუთარი მიწები. ასევე სხვა ქვეყნებმა - თუ ფიქრობთ, რომ ეს თქვენია, მოგვბაძეთ და იმოქმედეთ ისე, როგორც ჩვენ ვმოქმედებთ... არ მინდა სხვა ქვეყნების ხელისუფლებას შევეხო, მაგრამ ჩვენ მათთვის დიდ საქმეს ვაკეთებთ. მათ მაგივრად არა, მათთვის. დანარჩენში თვითონ გაერკვევიან, მათი ტერიტორიაა. ჩვენ ახლა ჩვენი ქვეყანა გვაქვს დასაცავი", - თქვა დანილოვმა.
  • დანილოვმა მსგავსი განცხადება 26 მარტსაც გააკეთა. მან თქვა: "თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია პრეტენზია კალინინგრადის ოლქზე, ეს ჩვენ აუცილებლად დაგვეხმარებოდა, მათ [რუსეთს] სხვა საქმეებიც გამოუჩნდებოდათ, გარდა იმისა, რომ გაანადგურონ ჩვენი ქალაქები და სოფლები, დახოცონ ჩვენი ბავშვები და ქალები." დანილოვის ამ განცხადებას საქართველოში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მანამდე კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურნენ. შალვა პაპიაშვილმა თქვა, რომ მიუღებელია საქართველოსთვის ომის დაწყების მოწოდება.
  • საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავენ.
  • არაერთი ქართველი პოლიტიკოსი ასევე აცხადებს, რომ საქართველოს ომისკენ დასავლეთიც მოუწოდებს. ამას კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.
  • 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მოსკოვმა ცნო საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - „დამოუკიდებლობა". საქართველოს ორი ტერიტორიის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, აღიარებული აქვთ ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიას და ნაურუს.
  • რაც შეეხება მოლდოვას, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში რუსეთის 1700-კაციანი სამხედრო კონტინგენტი იმყოფება სეპარატისტულ დნესტრისპირეთში. სეპარატისტულ რეგიონს კიშინიოვი 1992 წლიდან ფაქტობრივად ვერ აკონტროლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG