Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილების" სროლის ბრალდებით დააკავეს, 7-9 მარტის აქციის მონაწილე


საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ. 8 მარტი, 2023 წელი
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ. 8 მარტი, 2023 წელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ დააკავა 7-9 მარტის აქციების მონაწილე, რომელსაც ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა.

გამოძიების ვერსიით, 2002 წელს დაბადებულმა ლ.გ.-მ 7,8,9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მან, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

შსს-ს თანახმად, ლ.გ.-ს, რომელიც წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელდადებულია, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე და 11 პრიმა 187-ე მუხლებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იყო მიცემული, ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

9 მარტს, საღამოს, ცნობილი გახდა, რომ 7,8 და 9 მარტს გამართულ აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა, 132 ადამიანი გაათავისუფლეს. უწყების ინფორმაციით, სამართალწარმოება გრძელდება.

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

  • პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
  • "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
  • საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეგლამენტის თანახმად, 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი აღნიშნულ კანონპროექტს და ჩააგდო.
XS
SM
MD
LG