Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი: აქციებზე დაშავდა შსს-ს 58 თანამშრომელი


საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ. 8 მარტი, 2023 წელი
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ. 8 მარტი, 2023 წელი

10 მარტს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგი გამართა და 7-8 მარტის აქციებზე დაშავებულ სამართალდამცველებსა და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე ილაპარაკა. კუპატაძის განმარტებით, აქცია ამ ორი დღის განმავლობაში არაერთხელ გასცდა შეკრებისა და
მანიფესტაციის კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა ძალადობრივ
ქმედებებში.

"ყველამ კარგად ნახა, როგორ ესროდნენ ცეცხლმოკიდებულ საგნებს, პიროტექნიკას თუ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ჩემს კოლეგებს, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანმა მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო.
ასევე, ყველა მედიასაშუალების ეთერში კარგად ჩანდა, აქციის მონაწილეები როგორ ისროდნენ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ბლაგვ საგნებს, ქვებს, ხის თუ რკინის ნივთებს, რის შედეგადაც არაერთმა პოლიციელმა მიიღო მძიმე ხარისხის დაზიანება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტს და გამოვლენილი დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან", - თქვა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, აქციაზე დაშავებული 58 სამართალდამცველიდან 5 ჯერაც კლინიკებში რჩება. რადიო თავისუფლება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისგან მესამე დღეა უშედეგოდ ცდილობს მიიღოს ინფორმაცია აქციებზე დაშავებული დემონსტრანტების შესახებ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება ყველა იმ პირის
დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები", - თქვა თეიმურაზ კუპატაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე და ჩამოთვალა ის აკრძალული ნივთები, რომლებსაც აქციის მონაწილეები იყენებდნენ. ესენია: ელექტროშოკი, პიროტექნიკა, ხელკეტები.

7 მარტის საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველი განცხადება აქციის ძალადობრივი ხასიათის შესახებ იმ დროს გაავრცელა, როცა რობოკოპები გამოჩნდნენ პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე და სამართალდამცველებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის გამოყენება დაიწყეს.

9 მარტს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Amnesty International-მა გამოაქვეყნა განცხადება თბილისში გამართულ აქციებზე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „უმეტეს შემთხვევაში, დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა იყო არაპროპორციული.“

სამართალდამცველებმა ორი დღის განმავლობაში აქციებზე ჯამში 133 მოქალაქე დააკავეს. 9 მარტის ღამეს, აქციის პარალელურად, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა დაკავებულების გათავისუფლება იყო, წინასწარი დაკავების იზოლატორებიდან გაათავისუფლეს აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი.

სასამართლოში მათი საქმეების განხილვა წინაა - დაკავებულებს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებში, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში ედებათ.

დაკავებულებს შორის იყო პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე, რომელმაც 9 მარტს გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ თქვა, რომ მას პოლიციელები დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემია ზურა ჯაფარიძესთან ერთად დაკავებული მისი თანაპარტიელი ნიკა მოსიაშვილიც.

XS
SM
MD
LG