Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დათო ტურაშვილს ისრაელში გულზე ოპერაცია გაუკეთეს


მწერალი დათო ტურაშვილი.
მწერალი დათო ტურაშვილი.

სამი დღის წინ მწერალ დათო ტურაშვილის ისრაელში ოპერაცია გაუკეთეს. როგორც მწერლის შვილი, ანაკო ტურაშვილი „ფეისბუკის" პირად გვერდზე წერს, ოპერაციამ კარგად ჩაიარა.

„დათოს სამი დღის წინ, ისრაელში, გულზე გაუკეთეს ურთულესი ოპერაცია. ექიმმა, რომელმაც ჩვენდა ბედად, გამონახა დრო დათოს მდგომარეობის შესამოწმებლად, დათო გადაარჩინა. დეტალებს აღარ დავწერ, პირდაპირ გვითხრეს, რომ სულ ცოტა რომ დაგვეგვიანებინა, მის გადარჩენას ვეღარც მოახერხებდნენ და ისედაც გაოგნებულები დასცქეროდნენ დათოს და ეკითხებოდნენ საერთოდ როგორ მოაღწიე ჩვენამდეო.

და ეს ყველაფერი ასე ბედნიერად არ ჩაივლიდა, რომ არა დიმიტრი აბდუშელიშვილი, რომლის წყალობითაც აღმოჩნდა დათო ისრაელის კლინიკაში, იმ საოცარი ხალხის ხელში. ამიტომ დათოს მესამედ დაბადება, სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა და უდიდესი მადლობა მას ჩვენი ოჯახისგან",
- წერს ანაკო ტურაშვილი.

მწერალი რამდენიმე დღეში გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას, თუმცა, როგორც მისი შვილი აღნიშნავს, მას გრძელვადიანი რეაბილიტაცია ელოდება.

დათო ტურაშვილი 19 მარტს ტელეკომპანია „ფორმულის" პირდაპირ ეთერში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას გახდა ცუდად.

გადაცემა „მე-17 სართულში" დათო ტურაშვილი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის კრიტიკის შემდეგ მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ასე გამოეხმაურა:

19 მარტს „3 დღეა ამაზე ვფიქრობ, რა დავაშავე. არაფერი არ დამიშავებია, სიყვარულის გარდა და მივხვდი, რომ მაგიტომ მსჯიან. სხვათა შორის, რომ შემოვიდნენ რუსები მე-19 საუკუნეში, პირველი, ვისაც ებრძოდნენ, იყვნენ მწერლები. იმიტომ აგვიკრძალეს ქართულად ლაპარაკი. 20-იან და 30-იან წლებში პირველი ვინც დახოცეს, იყვნენ მწერლები. იმიტომ, რომ ზუსტად ასეთი კანონი იყო. ტიციან ტაბიძე სად არის, ახლაც არ ვიცით. რა მუხლით დაიჭირეს, იცით?! საფრანგეთის აგენტობის! ამ კანონპროექტში გარკვევით წერია, რომ აგენტის მხილება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ეს იცით რას ნიშნავს?! დამსმენები, ჩამშვებები და "ნასედკები" დავაბრუნოთო. ჩემზე კი ნუ ბრაზდებით, იმაზე გაბრაზდით, ვინც ერთ დღეს გეუბნებათ, მწვანეს მიაჭირეთო და მეორე დღეს [გეუბნებათ] წითელსო...".

XS
SM
MD
LG