Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

39 დაზიანება, ჩემი შვილი მოკლულია - 12 წლის ანის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გასაჯაროვდა


12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამარათლო-სამედიცინო დასკვნა მზადაა. დასკვნა 28 აპრილს გადაეცა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს (ბავშვის დედას) და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბავშვის სხეულზე აღმოჩენილია 40-მდე სხვადასხვა სახის დაზიანება, რომელიც ბავშვს სიცოცხლის პერიოდში აქვს მიღებული და ემთხვევა მისი გარდაცვალების დროს:

„აღნიშნულია, რომ ბავშვს მიღებული აქვს მრავლობითი დაზიანება, როგორც სახის არეში, ისე ქვედა და ზედა კიდურებზე, მათ შორის, ზურგის არეში. დაზიანებებია როგორც პატარა, ისე საშუალო და დიდი ზომის. არის სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები. დასკვნაში დაზიანებებზე წარმოდგენილია ზოგადი ინფორმაცია, მაგრამ რა ვითარებას შეეძლო გამოეწვია ეს დაზიანებები, ეს იყო რაიმეს ზემოქმედებით თუ სხვა რა ფორმით მოხდა ამ დაზიანებების მიღება, ეს დასკვნაში აღწერილი არ არის. მითითებულია, რომ თითოეული ეს დაზიანება სიცოცხლის დროინდელია, გარდაცვალების პერიოდის. არა ვთქვათ, მანამდე ერთი კვირით ან თვით ადრე მიღებული, არამედ, ზუსტად იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც ბავშვი გარდაიცვალა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ხატია ყურუა, ოჯახის ადვოკატი.

რაც შეეხება ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზს, ადვოკატის თქმით, დასკვნის თანახმად, გარდაცვალების ფაქტის დადგომა დაკავშირებულია ასფიქსიასთან:

„თუმცა, ასფიქსია გამოწვეული იყო სხვა პირის ზემოქმედებით, თუ რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი, არ არის აღნიშნული დასკვნაში, ამიტომ გვიჭირს კონკრეტული პასუხების გაცემა“.

როგორც ადვოკატი გვიხსნის, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ამჟამად მიმდინარეობს ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები და საქმის გარემოებების სრულფასოვანი შეფასება მხოლოდ აღნიშნული ექსპერტიზების დასკვნების შემდეგ გახდება შესაძლებელი:

„კითხვები დასმულია და ველოდებით მათგან პასუხებს. მაგალითად, აღმოჩენილია თუ არა ბავშვის სხეულზე სხვა პირის ბიოლოგიური მასალა, ასევე დაზიანებების ხარისხი. ჩვენ მივმართეთ საგამოძიებო სამსახურსა და პროკურორს დასკვნების დაჩქარების შუამდგომლობით. სამწუხაროდ, წინასწარ არ შეგვიძლია იმის თქმა, როდის გადმოგვეცემა ყველა დასკვნის პასუხი“.

ხატია ყურუა ამბობს, რომ 28 აპრილს მიღებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საჭიროებს დეტალურ ანალიზს, მათ შორის, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობას:

„ამ ეტაპზე, ცალსახად იკვეთება კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება, რომელიც უნდა დაეფუძნოს იმ კითხვების სრულ ჩამონათვალს, რაზედაც პასუხი არსებულ დასკვნაში არ არის, ან/და არასრულია. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, თუნდაც ზოგადი დასკვნის სიღრმისეული შესწავლით და ამიტომ ამ პროცესში ჩაერთვებიან დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც სიღრმისეულად შეისწავლიან იმ დასკვნას, რაც უკვე არსებობს. ამასთანავე, როდესაც ჩვენ მოგვეცემა უკვე სხვა დასკვნების გაცნობის საშუალება, ამ სრულ ინფორმაციას შევაჯამებთ და შემდგომ, რა კითხვებიც გაგვიჩნდება, ამ კითხვების საფუძველზე მოვითხოვთ კომპლექსური ექსპერტიზის ხელახალ დანიშვნას“.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა 12 წლის ანის დედას, ნატო ხუტაშვილს. ის აქამდეც დარწმუნებული იყო, რომ 17 მარტის ღამეს მისი შვილი მოკლეს. ახლა კი ამბობს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამ მისი მტკიცე ვარაუდი კიდევ უფრო გაამყარა:

„სხვადასხვა სახის 39 დაზიანება აქვს ბავშვს მიღებული. ზუსტად იმავე აზრზე ვარ, რასაც მანამდე ვფიქრობდი. ბავშვი არის მოკლული, 39 დაზიანება როგორ შეიძლებოდა ბავშვს მიეღო? რა თქმა უნდა, რომ ბავშვი მოკლულია და რა თქმა უნდა, რომ ეს დასკვნაც ამაზე მეტყველებს“.

17 მარტის ღამეს, დიდ დიღომში, 12 წლის ანი იანუშაიტიტე მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა, რამდენმიმესაათიანი ძებნის შემდეგ, სახლთან ახლოს, პეტრიწის 12 ნომერთან, ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმავე ღამეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მეორე დღეს კი, საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისა და ექსპერტიზის ბიუროდან ანის ცხედრის სახლში გადასვენების შემდეგ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანი, შესაძლოა უბედური შემთხვევის, საკვების გადაცდენის შედეგად გარდაცვლილიყო.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, არსებობდა მოლოდინიც, რომ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, შესაძლოა გამოძიების კვალიფიკაცია, ანუ განზრახ მკვლელობის მუხლი, შეცვლილიყო კიდეც. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექსპერტიზის ე.წ. პირველადი დათვალიერების შემდეგ, ანას ფილტვებში პირღებინებით გამოწვეული მასა ნახეს.

ანის დედა გამორიცხავს, რომ მისი შვილი საკვების გადაცდენით გამოწვეული პირღებინებით გაიგუდა. ის ამბობს, რომ ანი ძალადობას ემსხვერპლა.

ანის სხეული დედამ დეტალურად დაათვალიერა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაშიც მითითებულია და დედაც ეუბნება რადიო თავისუფლებას, რომ ბავშვის სხეულზე მან არაერთი დაზიანება ნახა, მათ შორის, ნაკაწრები ფეხებზე, სახესა და ზურგზე:

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ნატო ხუტაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს, ეს არის ადგილი, სადაც ანის სხეული იპოვეს.

ნატო ამბობს, რომ მისი შვილი იმ ხეების ქვეშ იპოვეს, სადაც შეუძლოდ მყოფი ბავშვი თავისით ვერ შევიდოდა. მისივე ვარაუდით, ბავშვს პირღებინება არა საკვების გადაცდენით, არამედ ძლიერი სტრესის გამო დაეწყო:

„ბავშვი შეყვანილია გაუვალ ჯაგებში. იმ ტერიტორიაზე, სადაც ანი ვნახეთ, ხეები ქარის ზემოქმედების შედეგად, ფაქტობრივად, მიწაზე დაწოლილი იზრდებოდა. აი ამ ხეების, ამ მიწაზე დაფენილი ხეების ქვეშ იწვა ბავშვი, გულაღმა, მხოლოდ სულ ოდნავ იყო გვერდზე გადახრილი. როგორ, თუკი საკვები გადასცდა და ამის გამო ღებინება დაეწყო, რატომ იწვა გულაღმა? ნებისმიერი ადამიანი, ვისაც გული ერევა, პირიქით, ცდილობს წაიხაროს. წვეთი მასა არ იყო გარეთ გადმოსული. მხოლოდ პირის ღრუ, ცხვირი და ფილტვები ჰქონდა სავსე. ეს მიჩენს ეჭვს და არსებობს ვერსია, რომ ბავშვს, სავარაუდო მოძალადემ პირზე ააფარა ხელი და ამის გამო მასა არა პირიდან, არამედ ცხვირიდან გადმოვიდა. ძალიან ლოგიკურია, რომ ბავშვს სტრესის ფონზე დაეწყო პირღებინება და არა იმიტომ, რომ რაიმე გადასცდა. როგორ ღებინება ჰქონდა, იხრჩობოდა და ხის ქვეშ შეწვა? ისეთი ხის ქვეშ, საიდანაც ვერ გამოვა? ეს ხომ აბსურდია. ეს არის ბლეფი. ამას ოჯახი არ დაიჯერებს. ეს არის დამალული გვამი. ეს არის დევნა და ეს არის იძულებით შეთრევა. სამი კომშის ხე იდგა იქ, აი ამ კომშის ხეების ქვეშ იყო შეთრეული. მთელი უბანი წამალზე დამოკიდებულია. უმეტესობას გონება აქვს არეული, ვეღარ ვიგებ, ვის რა შეიძლება მოვკითხო და ვინ შეიძლება იყოს ამის გამკეთებელი“.

ანის გარდაცვალების ადგილას, პეტრიწის 12 ნომერთან მდებარე ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე, ახლა ხასხასა ბალახი ბიბინებს.

ადგილი, სადაც 17 მარტს ბავშვი სხეული იპოვეს. ფოტო გადაღებულია 28 აპრილს
ადგილი, სადაც 17 მარტს ბავშვი სხეული იპოვეს. ფოტო გადაღებულია 28 აპრილს

ხის ტოტები, რომლებიც აპრილის დასაწყისში, მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ამ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის მიზნით მოჭრა, ისევ ისე ყრია - დაგეგმილი სამუშაოები მას შემდეგ შეჩერდა, რაც ანის ოჯახმა და ადვოკატებმა განცხადება გაავრცელეს, რომ მიმდინარე სამუშაოებს შესაძლოა გაენადგურებინა ანის გარდაცვალების საქმისთვის საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებები.

ფოტო გადაღებულია 6 აპრილს
ფოტო გადაღებულია 6 აპრილს

თუმცა, მერიის მტკიცებით, სკვერის მოწყობის სამუშაოები მათ საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყეს: მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება იყო სრულიად შეუზღუდავი და არ იყო შემოსაზღვრული სპეციალური ნიშნით“, - გაავრცელა განცხადება 6 აპრილს თბილისის მერიამ.

იმავე დღეს, ანის დედამ, ნატო ხუტაშვილმა, სოციალურ ქსელში, დიდი დიღმის ჯგუფში დაწერა: „ამ ადგილზე კვლავ ხდებოდა დაკვირვებები და ა.შ. გამგეობამ როგორც ამიხსნა, მიმართა საგამოძიებო უწყებებს და მათი ნებართვით მოხდა, რაც მოხდა... ამის გაკეთება ჯერ კატეგორიულად არ შეიძლებოდა“.

XS
SM
MD
LG