საქართველოში არ შეუშვეს ჩეჩენი ჟურნალისტი ჟალაუდი გერიევი. ის საქართველოში 6 მაისს, ბუდაპეშტიდან ჩავიდა.
გერიევმა გამოცემა OC Media-ს, სადაც ადრე მუშაობდა, უამბო, რომ როგორც კი მესაზღვრემ პასპორტში ნახა, რომ ჩეჩნეთშია დაბადებული, დოკუმენტები შესამოწმებლად ჩამოართვეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი, მიზეზის დაუსახელებლად უთხრეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ვერ შევა.
ჟურნალისტის სიტყვებით, „ყველაფერი ისე იყო, როგორც ჩვეულებრივ რუსულ აეროპორტში“. გერიევი, რომელიც ჩივილს აპირებს, საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს არაპროფესიონალიზმსა და ჩრდილოკავკასიელთა დისკრიმინაციაში.
საქართველოს შსს ჟალაუდი გერიევისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვაზე კომენტარს არ აკეთებს.
2016 წელს ჟურნალისტი ჟალაუდი გერიევი ჩეჩნეთში გაიტაცეს შეიარაღებულმა პირებმა. მოგვიანებით, მას ბრალად დასდეს მარიხუანის შენახვა და 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. უფლებადამცველმა ორგანიზაცია „მემორიალმა“ გერიევი პოლიტპატიმრად აღიარა. ჩეჩენმა ჟურნალისტმა საპატიმრო 2019 წელს დატოვა.