Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენმ ემიჯნება „სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. კლანის გაკეთილშობილების მცდელობას"


თბილისი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისი
თბილისი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის არჩევის საკითხზე განცხადება გაავრცელა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ". ოპოზიციური პარტია აღნიშნავს, რომ თანამშრომლობას წყვეტს თავის ფრაქციაში შემავალ იმ წევრებთან, რომლებმაც საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად მხარი დაუჭირეს იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კატეგორიულად ემიჯნება სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. კლანის გაკეთილშობილების ყოველგვარ მცდელობას.

მურუსიძის კლანი სანქცირებული, ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოდან გასული და მორალურად გაკოტრებულია.

არცერთი დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა კლანის გავლენის განმტკიცებას, არ წარმოადგენს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, მაგრამ მათთან ფრაქციულ და სხვა პოლიტიკურ ფორმატებში თანამშრომლობა გვაკავშირებდა.

დღეიდან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, როგორც ფრაქციულ, ისე სხვა ტიპის პოლიტიკურ თანამშრომლობას წყვეტს იმ დეპუტატებთან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დანაშაულებრივი სასამართლო კლანის გავლენის განმტკიცებას", - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებისთვის გამოყოფილი 5 ვაკანტური ადგილიდან 3-ზე ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია. კენჭისყრა დღეს, 17 მაისს, ჩატარდა - 29 კანდიდატიდან ხმების საჭირო რაოდენობის მიღება მხოლოდ ამ სამმა კანდიდატმა შეძლო.

კანდიდატის ასარჩევად მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველ პარტიას და უმრავლესობაში შემავალ "ხალხის ძალას" ერთობლივად მხოლოდ 84 ხმა ჰქონდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩეულ სამ კანდიდატს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი.

არჩეული კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ასეთია:

  1. ტრისტან ბენაშვილი - 93 მომხრე;
  2. გიორგი გზობავა - 91 მომხრე;
  3. ზურაბ გურასპაშვილი - 93 მომხრე.

კენჭისყრის პროცესი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც დაინახეს, რომ არჩეულ კანდიდატებს მათი კოლეგების მხარდაჭერაც ჰქონდათ.

პარლამენტის წევრი "ლელოდან" ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი "ქართულმა ოცნებამ" "იყიდა".

დეპუტატები, რომლებიც მმართველ პარტიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაში დაეხმარნენ, „ნაციონალურ მოძრაობის" მიერ შექმნილი ბლოკით მოხვდნენ პარლამენტში. სამი მათგანი (ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ნიკა მაჭუტაძე) ადასტურებს არჩეული წევრებისთვის ხმის მიცემას. ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ რამდენიმე კანდიდატს მისცა ხმა, თუმცა მათ ვინაობას არ აზუსტებს. ამავე ბლოკით არჩეული დეპუტატი დილარ ხაბულიანი, რომელმაც მედიაში გავრცელებული ცნობით, მხარი დაუჭირა იუსტიციის საბჭოს არჩეულ არამოსამართლე წევრებს, ჯერჯერობით მედიასთან არ გამოჩენილა.

პარლამენტში ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" სხდომა გამართა, საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის მათი ფრაქციის დეპუტატების მხარდაჭერის საკითხზე.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დევი ჭანკოტაძემ მედიასთან თქვა, რომ „აქედან ორი გამოსავალია: ან თვითონ უნდა დატოვონ ფრაქცია, ან ჩვენ უნდა გავრიცხოთ."

ფრაქციისთვის მიუღებელი კანდიდატების მხარდაჭერის გამო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ დატოვეს ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, ნატო ჩხეიძემ და როსტომ ჩხეიძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტში კენჭისყრა 18 მაისს არის დაგეგმილი. კენჭს უყრიან იმ კანდიდატებს, რომლებმაც ხმების საკმარისი რაოდენობა (90 ხმა) ვერ მიიღეს, თუმცა სხვებთან შედარებით მეტი მხარდაჭერა ჰქონდათ. ესენი არიან: რუსუდან კვინიკაძე (89 ხმა მიიღო), გოგა კიკილაშვილი (89 ხმა მიიღო), ლევან ნემსაძე (88 ხმა მიიღო) და ნინო ნიშნიანიძე (87 ხმა მიიღო).

XS
SM
MD
LG