Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაისის ომი გალის რაიონში - რა მოხდა 25 წლის წინ?


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

25 წლის წინ, გალის რაიონში მომხდარი შეტაკებები ქართული მხარის დამარცხებითა და გალის მოსახლეობის ხელმეორე დევნილობით დასრულდა. თავდაპირველი ილუზია, რომ საქართველო გალის დაბრუნებას შეძლებდა, კატასტროფით დასრულდა. იყო ეს მიზანმიმართული პროვოკაცია თუ დაუფიქრებელი ნაბიჯი? ბოლომდე ღემდე არ არის გარკვეული.

1998 წლის მაისის მიწურულს გალის რაიონში ქართული და აფხაზური მხარე მოულოდნელად ერთმანეთს დაუპირისპირდა. ბრძოლები ექვსი დღე გრძელდებოდა. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ ეს მოვლენები აღწერა თავის წიგნში „ჩემი ცხოვრება“:

„შეინიშნებოდა საომარი ტექნიკის გადაადგილება, საქართველოდან აფხაზეთისკენ, რუსეთის სამშვიდობო ძალების საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ოპერატიული მონაცემების მიხედვით, სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელი კაპიტანი კალინი, „თეთრი ლეგიონის“ [ქართული სამხედრო დაჯგუფება რ.თ.] პოლკოვნიკთან თანამშრომლობდა.

გეგმის საბოლოო მიზანი აფხაზეთისთვის გალის რაიონის ჩამოცილება და იქ „კანონიერი ხელისუფლების“ აღდგენა იყო. ჩვენი ინფორმაციით, შეიარაღებული მოქმედებები 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს უნდა დაწყებულიყო. სამწუხაროდ, ჩვენ არ მოგვისმინეს, ან არ სურდათ მოესმინათ.

20 მაისის ღამეს, ჩვენი რეზერვისტები პირველივე ნიშანზე ადგნენ და გალის რაიონისკენ გაემართნენ. ექვსდღიან ომში ჩვენ მინიმალური დანაკარგით გავიმარჯვეთ. რვა ადამიანი დაგვეღუპა, ჩვენმა მოწინააღმდეგემ კი 100 კაცზე მეტი დაკარგა. დაჭრილთა რაოდენობა უცნობია.

ბოლო დღეებში შევარდნაძე სახლშიც კი მირეკავდა. უნდოდა, ქვედანაყოფები როგორმე აფხაზეთიდან გამოეყვანა და საბოლოო განადგურებისგან ეხსნა. ჩვენს ბიჭებს ისეთი განწყობა ჰქონდათ, რომ ენგურის მარცხენა სანაპიროზეც კი გადადიოდნენ, საქართველოს მხარეს. მზად იყვნენ, მტერს მისსავე მიწაზე გამკლავებოდნენ“.

რა მდგომარეობა იყო იმ დროისთვის დასავლეთ საქართველოსა და აფხაზეთში? ომი რამდენიმე წლის დამთავრებული იყო, ჯერ კიდევ იმართებოდა მოლაპარაკებები დევნილების დაბრუნების თაობაზე.

სამეგრელოდან გალის რაიონში ავტობუსიც კი დადიოდა. გალის ტერიტორიაზე ქართული პარტიზანული ჯგუფები მოქმედებდნენ: „თეთრი ლეგიონი“, „ტყის ძმები“. კონფლიქტურ ტერიტორიაზე ვითარების გასაკონტროლებლად რუსი ცისფერჩაფხუტიანები იდგნენ.

გალის ბრძოლების ერთ-ერთი მონაწილე დათო ღვინჯილია, რომელიც მაშინ საქართველოს შინაგანი ჯარების ქვედანაყოფის მეთაური იყო, იხსენებს, რომ ყველაფერი გალში გამართული მარულით დაიწყო. მარულაში ქართველი პარტიზანებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის დეპუტატებიც, მაშინ ენგურს იქით გადასვლა ისეთი რთული არ იყო, როგორც ახლა.

დავით ღვინჯილია (მარჯვნივ)
დავით ღვინჯილია (მარჯვნივ)

„ეს მარულა იყო ერთგვარი დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ აქ ვართ და ეს ჩვენი მიწაა. ამის პასუხად სოფელში, თუ არ ვცდები - ოტობაიაში, აფხაზური ჯგუფი შემოვიდა. რამდენიმე მანქანა და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი ჰქონდათ.

ქართულმა პარტიზანულმა დაჯგუფებამ მათ ტექნიკა წაართვა. შეტაკებისას აფხაზური მხრიდან რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ბიჭებს გული მიეცათ, არ გავალთ, უნდა ვიომოთო. მათ დასახმარებლად კიდევ წავიდა ერთი ჯგუფი, მერე მეორე და ასე ას კაცამდე.

ამის შემდეგ აფხაზური მხრიდან უკვე დიდი ძალები წამოვიდა, რუსეთიც ეხმარებოდა. ჩვენი მხრიდან შსს-ს ქვედანაყოფები გადავიდნენ საბრძოლველად, აფხაზეთის შს-ს სპეცრაზმი. ბრძოლა გაჩაღდა.

ქართველებიდან ბევრი დაიღუპა, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ადგილობრივმა მოსახლეობამ იზარალა, სახლები გადაუწვეს. მაშინ ზუგდიდს ძალიან ბევრი დევნილი მოაწყდა“, - ამბობს დათო ღვინჯილია და იმასაც დასძენს, რომ ამ მოვლენების ლოგიკას დღემდე ვერ ჩასწვდა.

„ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, ძალიან ცუდი. დღემდე ვერ გავშიფრე, რატომ ვერ გავითვალისწინეთ ეს ყველაფერი... რომ ვთქვა, რომ ეს ვინმემ დაგეგმა, ასეც არ იყო. აფხაზურ ჯგუფს ჩვენი პარტიზანები რომ გადაეყარნენ, ეს სრული შემთხვევითობა იყო. შემდეგ თქვეს, ჩვენ აქედან აღარ გავალთ და აბა, ამოგვიდექით გვერდშიო. იქ მაგრად იბრძოლეს ბიჭებმა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ძალიან ცუდი შედეგი მივიღეთ“.

ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი იმ მოვლენებს იხსენებს, რომელიც მაისის ბრძოლებს უძღოდა წინ. საქართველო რუსი სამშვიდობოების ჩაყენებაზე იმ პირობით დათანხმდა, რომ ისინი დევნილების დაბრუნებას შეუწყობდნენ ხელს.

1994 წელს ამ შეთანხმებას მიაღწიეს კიდეც, მაგრამ საქმე წინ არ მიდიოდა. დევნილები ვერ ბრუნდებოდნენ. უკმაყოფილება ამას მოჰყვა.

„დღეს რომ ამბობენ, რუსეთი დაგვეხმარებაო. აი, ეს არის მშვენიერი მაგალითი, რაში „დაგვეხმარა“ რუსეთი. მოიპოვა სამშვიდობო ძალების მანდატი და მერე „გადაგვაგდო“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი, - მაშინ ამ უკმაყოფილების ფონზე სერიოზული პარტიზანული მოძრაობა შეიკრა. გალის რაიონის ქვედა ზონას პარტიზანები აკონტროლებდნენ. იქ აფხაზები ვერც კი შედიოდნენ. ჩემი აზრით, შევარდნაძე სპეცსამსახურებმა დააჯერეს, კარგი მომენტია და რამე გავაკეთოთო“.

სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე ამბობს, რომ მაშინ მსგავსი პროვოკაციები რუსეთისა და მისი აგენტურის გარეშე არ იგეგმებოდა - იმ რუსეთის, რომელიც თავისსავე გაჩაღებულ კონფლიქტში მშვიდობისმყოფელის როლით დარჩა.

„პერიოდულად იძაბებოდა ხოლმე სიტუაცია და ეს საეჭვოდ ემთხვეოდა იმ პერიოდს, როდესაც ცისფერჩაფხუტიანებს მანდატის გაგრძელება სჭირდებოდათ. ამ პროვოკაციების უკან თავად რუსეთი იდგა. დღესაც რამხელა გავლენა აქვს რუსეთს და მაშინ მით უფრო. მახსოვს, შევარდნაძემ ერთ ვიდეოინტერვიუში თქვა, რომ ძალოვან მინისტრებს ფაქტობრივად რუსეთი უნიშნავდა. ბევრმა თავშესაფარი მერე რუსეთში იპოვა, ეს შემთხვევით ხომ არ ხდება“, - ამბობს აკია ბარბაქაძე.

გალის ბრძოლები 26 მაისისთვის დასრულდა. ქართული და აფხაზური მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ვლადისლავ არძინბას სიტყვებით (რასაც ის წიგნში წერს), ქართულ დელეგაციას, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის ვაჟა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით გაგრის სამთავრობო აგარაკზე ჩავიდა, „სახე აღარ ჰქონდა“. შეთანხმების შედეგად, ქართული მხარე ვალდებულებას იღებდა, გალის რაიონიდან ყველა შეიარაღებული ფორმირება გაეყვანა.

გალის მოსახლეობამ, რომელიც მიმდინარე ბრძოლების შედეგად მეორედ იქცა დევნილად, საკუთარ სახლებში დაბრუნება 1999 წლიდან დაიწყო.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG