Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილის თქმით, გელათის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად ახალი გენერალური გეგმა შემუშავდება


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გელათში. 6 ივნისი, 2023 წელი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გელათში. 6 ივნისი, 2023 წელი

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად ახალი გენერალური გეგმა შემუშავდება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გელათის მონასტერი დღეს დაათვალიერა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანესთან და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად.

როგორც ადმინისტრაციის განცხადებაში ვკითხულობთ, გელათში ყოფნისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სამონასტრო კომპლექსში აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა შემუშავდეს ახალი, ერთიანი გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც, კვლევების საფუძველზე აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესში საქართველოს საპატრიარქოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გელათის კომპლექსის რეაბილიტაცია საპატრიარქომ ჩაიბარა. ამ გადაწყვეტილების შესახებ 24 თებერვალს გამოცხადდა შეხვედრაზე, რომელსაც კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, ეპისკოპოსები, მეცნიერები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.

თეა წულუკიანის შეთავაზებას საპატრიარქოსადმი წინ უძღოდა არაერთი კრიტიკული დასკვნა გელათში ბოლო პერიოდში ჩატარებულ სამუშაოებზე და ეკლესიის მკვეთრი განცხადება, რომ გელათში მდგომარეობა კრიტიკულია.

XS
SM
MD
LG