Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო გელათზე: დღეს მომუშავე ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის სპეციალისტებით


გელათის საკათედრო ტაძარი
გელათის საკათედრო ტაძარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს გელათის საკათედრო ტაძრის მდგომარეობაზე და წერს, რომ კრიზისი 2015-19 წლებში შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო:

"ტაძრის მკლავებისა და მინაშენების გადახურვა არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალებით და უდიერი მიდგომით განხორციელდა. ტაძრის სტრუქტურაში, სახურავზე წარმოებული სამუშაოებიდან და ბუნებრივი ნალექების ზემოქმედებიდან, წყლის ჩადინება - ინფილტრაცია დაიწყო. 2021 წლისთვის გელათის კედლის მხატვრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტაძრის ინტერიერში თავი იჩინა გამომარილებისა და მხატვრობის დაზიანების პროცესმა. ამ პერიოდის შეფასებაში გაურკვეველი და ბუნდოვანი არაფერია".

საპატრიარქო წერს, რომ გელათის მხატვრობის გადასარჩენად უცხოელი სპეციალისტების მოწვევის ეტაპიდან იწყება დღევანდელი პოზიციების სხვაობა, რომელიც უკავშირდება, 2021 წლის ზაფხულში, გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციისთვის მოწვეული ჯგუფის მუშაობას.

"მიუხედავად მათ მიერ შესრულებული სამუშაოებისა, გელათის კედლის მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მივიდა. სახეზე გვაქვს არასრული, მწირი დოკუმენტაციის წარმოება. ამას ცხადჰყოფს ოთხივე მაღალკვალიფიციური დასკვნა, კერძოდ:

  • სტივენ რიკერბისა და ლიზა შეკედესი (რომელიც თავად კულტურის სამინისტრომ დაუკვეთა);
  • საპატრიარქოს მიერ მოწვეული, საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერების: ოსტინ ნევინის, ლორინდა ვონგის, სარა სტენიფორთის და ფრანჩესკა პიკეს ანგარიში;
  • ასევე ჩვენი თხოვნით შესრულებული „იკომოს საქართველო“-ს კონსერვაციის კუთხით მომზადებული დასკვნა;
  • და ასევე ჩვენი მიმართვის საფუძველზე, - ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ შექმნილი მოცულობითი ნაშრომი.

ეს ოთხივე ანგარიში ერთიან და იდენტურ პოზიციაში მოდიან იუნესკოს მიერ მოვლენილ ექსპერტთა დასკვნასთან, რომელთაც მათი მისია გელათში, 2022 წლის 28 ნოემბრისა და 2 დეკემბრის პერიოდში განახორციელეს".

საპატრიარქო აცხადებს, რომ არ შედიან კონსერვაცია - რესტავრაციისა და ხელოვნებათმცოდნეობის პროფესიული და მეცნიერული ტიპის მსჯელობასა და შეფასებებში, თუმცა "საერთაშორისო დონის ექსპერტთა და ქართველ მეცნიერთა ანგარიშების თანხვედრა, ეჭვქვეშ აყენებს ამჟამად მოქმედ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ საკონსერვაციო სამუშაოების გაგრძელების მიზანშეწონილობას".

მათივე განცხადებით, საჭიროა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოხდეს, გელათის რეაბილიტაციის ერთიანი მართვის გეგმით წარმოება:

"უნდა შეიქმნას საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომელიც ჩვენი ქვეყნის დარგის მეცნიერებთან ერთად მჭიდრო კავშირით ითანამშრომლებენ მოწვეულ მაღალკვალიფიციურ და ადგილობრივ რესტავრატორების ინტეგრირებულ ჯგუფთან".

საპატრიარქო, ასევე წერს, რომ იუნესკოს ანგარიშის მძაფრი კრიტიკულობიდან და ასევე სხვა საექსპერტო დასკვნებიდან და რეკომენდაციებიდან გამომდინარე, "ჩვენთვის გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება.

მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკულია! საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა! მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით".

გელათის მონასტერთან დაკავშირებული დასკვნა, სადაც იქ ჩატარებული რეაბილიტაციისას დაშვებულ შეცდომებზეა საუბარი, თავისუფლების მონიტორმა მოიპოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG