Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აპროტესტებს ბერლინის ოპერის სცენაზე ანა ნეტრებკოს დაბრუნებას


ფოტო არქივიდან. ანა ნეტრებკო
ფოტო არქივიდან. ანა ნეტრებკო

უკრაინამ გააპროტესტა ბერლინის ოპერის თეატრის გადაწყვეტილება, სცენაზე დააბრუნოს რუსი სოპრანო ანა ნეტრებკო. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობას აკისრებს ნეტრებკოსაც, როგორც პუტინის ყოფილ, ნდობით აღჭურვილ პირს და ჯერ კიდევ 2014 წლიდან, რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ოკუპაციასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული კამპანიის მონაწილეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გერმანიაში უკრაინის ხმა ყოველთვის უფრო უნდა ისმოდეს, ვიდრე ანა ნეტრებკოს სოპრანო.

დღეს, 15 სექტემბერს, ბერლინის ოპერაში „მაკბეტის“ პრემიერაა. სპექტაკლში მთავარ როლს ნეტრებკო ასრულებს. პროტესტის ნიშნად, უკრაინის ელჩი გერმანიაში ოლექსი მაკეევი და ბერლინის სენატორი კულტურის საკითხებში ჯო ჩიალო მივლენ გამოფენაზე „რუსეთის ომის დანაშაული“, რომელიც დღეს ბერლინის ოპერის თეატრთან გაიმართება.

უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წლის მარტში, ბერლინის ოპერამ გადაწყვიტა, რომ ანა ნეტრებკო აღარ მიიღებდა მონაწილეობას „ტურანდოტის“ ახალ დადგმაში. მაშინ ოპერის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ თუ ნეტრებკოს მკაფიო პოზიცია არ ექნებოდა, მასთან თანამშრომლობა შეუძლებელი იქნებოდა. 14 სექტემბერს „დოიჩე ველეს“ ბერლინის ოპერის თეატრში განუცხადეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომს პირველივე დღიდან გმობენ და სრულ სოლიდარობას უცხადებენ, ხოლო რაც შეეხება ნეტრებკოს, მან დიდი ხანია, რუსეთის ხელისუფლებისგან დისტანცირება გადაწყვიტა.

2023 წლის აგვისტოში, პრაღაში გაუქმდა ანა ნეტრებკოს კონცერტი. რუს სოპრანოსთან თანამშრომლობა შეწყვიტა ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერამ“, რომელსაც ნეტრებკომ სასამართლოში უჩივლა.

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სოპრანოს, რომელიც დიდი ხანია ავსტრიაში ცხოვრობს, სხვადასხვა თეატრთან პრობლემები უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე შეექმნა. 2022 წლის მარტში ნეტრებკომ ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ ომს გმობს და რუსეთის ხელისუფლებაში არავის მოკავშირე არ არის.

2014 წელს ნეტრებკომ დიდი თანხა გადაურიცხა რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოპერის თეატრს და ადგილობრივ სეპარატისტებთან ერთად ფოტო გადაიღო ე.წ. ნოვოროსიის დროშის ფონზე.

XS
SM
MD
LG