Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობას ტოვებს ეროვნული ბანკის კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტი


არჩილ მესტვირიშვილი
არჩილ მესტვირიშვილი

საქართველოს ეროვნული ბანკის კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი, თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან თავად დაწერა სოციალურ ქსელში.

გუშინ, 19 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა უნდა მისცემოდა.

"ვერ ვიქნები იმ გადაწყვეტილების მონაწილე, რომელზეც არც გავლენა მაქვს და არც ვეთანხმები", - უთხრა BM.ge-ის არჩილ მესტვირიშვილმა.

19 სექტემბრის მონაცემებით, ეროვნულ ბანკში 7 წევრი იყო, მათგან 3 - ვიცე-პრეზიდენტი. მათგან ორი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დღეს, 20 სექტემბერს, გახდა ცნობილი.

"პაპუნა ლეჟავამ მაცნობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, დაწერა განცხადება გადადგომაზე. ძალიან სამწუხაროა, კარგი პროფესიონალია. მუშაობდა ამდენი წელი ეროვნულ ბანკში.

მინდა იმის თქმა, რომ შესაძლოა სხვადასხვა კოლეგას, ყოფილ კოლეგას ჰქონდეს თავისი შეხედულება ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მაგრამ ჩემთვის ეჭვგარეშეა, როცა ეხება ეროვნული ბანკის მიერ კონსტიტუციის აღსრულებას და მასთან შესაბამისობას და საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას, აქ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს - აქ ჩემი პოზიცია არის აბსოლუტურად ნათელი და შეუქცევადი", - თქვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პაპუნა ლეჟავაზე საუბრის დროს.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საბჭოს წევრები გადადგომიდან ორი თვის განმავლობაში ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებეს და ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ გაუქმდეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიღებული გადაწყვეტილება.

ბრძანება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით გუშინ, 19 სექტემბერს, გამოიცა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. რეგულატორმა ბრძანებაში გაიმეორა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარში ნათქვამი არგუმენტები:

  • "საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია";
  • "საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი".

ყველაზე დიდი ბანკები, "თიბისი ბანკი" და "საქართველო ბანკი", აცხადებენ, რომ აგრძელებენ საერთაშორისო სანქციებით დაწესებული რეგულაციების შესრულებას, მიუხედავად იმისა, რა რეგულაცია აქვს მიღებული ეროვნულ ბანკს.

14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.

ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.

დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში ასევე წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" უნდა შეზღუდოდა.

XS
SM
MD
LG