Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე არაკონსტიტუციურს უწოდებს ფარცხალაძისთვის  ქართულ ბანკებში ანგარიშების გაყინვას


ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებას, რომლის თანახმად, ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, საქართველოში მოქმედ ბანკებში „აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" შეეზღუდა, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე. მისი განცხადებით, ეროვნული ბანკის ასეთი გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და უდანაშაულობის პრეზუმფციას.

„როდესაც საქმე ეხება გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას და როდესაც ერთმანეთთან კონფლიქტში შეიძლება იყოს, არ ვიცი, ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მხრიდან, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც საქართველოს მოქალაქეზე არის საუბარი. თქვენ იცით, რომ საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმფცია. რა თქმა უნდა, უცხოელს შეიძლება შეუზღუდო აქ კომერციული საქმიანობის ან რაიმე სხვა ტიპის საქმიანობის წარმოება, მაგრამ როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, იქ სახელმწიფო მოქმედებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და ეს პასუხისმგებლობა მას, პირველ რიგში, საქართველოს კონსტიტუციით ეკისრება", - განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ოთარ ფარცხალაძის საქმეზე ამერიკის შეერთებული შტატებისგან მტკიცებულებებს მოითხოვს.

„როდესაც ასეთი ბრალდებები ჟღერდება, რა თქმა უნდა, ამას უნდა მოჰყვეს წესით მტკიცებულებები. თქვენ გახსოვთ იქ იგივე სასამართლოსთან დაკავშირებით, მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების დროს, არავითარი მტკიცებულება არ გამოქვეყნებულა. აქაც იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. რაც ჩვენ, რა თქმა უნდა, გვირთულებს ზოგადად რეაგირებას. რა თქმა უნდა, ზოგადად, საჭიროა ასეთ დროს მტკიცებულებების გამოქვეყნება. ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების მიმართ. როცა მტკიცებულებები არ ქვეყნდება, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" შეეზღუდა.

რადიო თავისუფლებამ ეროვნულ ბანკს ჰკითხა, რა სახით გავრცელდა აშშ-ის დაწესებული სანქციები ოთარ ფარცხალაძეზე საქართველოში.

"როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად...

ზემოაღნიშნული მითითებისა და წესის შესაბამისად, საქართველოს ფინანსურ სექტორს დაევალა მათ შორის, გაითვალისწინოს აშშ-ს ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ (OFAC) სანქცია დაკისრებულ პირთა სიაში (SDN list) შეყვანილი პირების მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება, რაც გულისხმობს სანქცირებული პირების მიერ აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვას. სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.

ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.

დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განცხადებაში ცალკე გამოყო ოთარ ფარცხალაძის საკითხი და მას ქართველი-რუსი ოლიგარქი უწოდა.

„სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასახელებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომლებიც „ეფესბემ" გამოიყენა, რათა ზემოქმედება მოეხდინათ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. გარდა ამისა, დეპარტამენტი განსაზღვრავს უამრავ სუბიექტს, რომლებიც აწარმოებენ და ასრულებენ რუსული იარაღის სისტემებს, მათ შორის კალიბრის საკრუიზო რაკეტას, რომელსაც რუსული ძალები იყენებენ ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უკრაინაში", - აღნიშნული იყო ენტონი ბლინკენის წერილში.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი იყო 2013 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე.

2022 წლის სექტემბერში უკრაინამ ფარცხალაძე ქართულ პოლიტიკურ ელიტასთან ასოცირებული 15 ადამიანის სიაში დაამატა. უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს (NACP) მხარდაჭერილ ვებგვერდზე „ომი და სანქციები“ ეწერა, რომ ფარცხალაძე არის „საქართველოს სახელმწიფოს ოლიგარქიული მმართველობისა და ხელში ჩაგდების ერთ-ერთი მონაწილე“, მილიარდერის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის "ნდობით აღჭურვილი პირი".

14 სექტემბერს ოთარ ფარცხალაძისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების დაწესების საკითხზე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ილაპარაკა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ფარცხალაძე კერძო პირია და სახელმწიფო სტრუქტურებთან კავშირი არ აქვს. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან.

ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესებას ოპოზიციაში „ქართული ოცნების“ მხილება უწოდეს.

XS
SM
MD
LG