Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებამდე უარს ამბობს წარადგინოს კანდიდატები საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე. ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა მისმა საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს რამდენიმე დღის წინ შესთავაზა თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის კანდიდატურები.

"ამ პირობებში პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ახალი კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, სანამ არ გაირკვევა აღნიშნული საკითხი, არ გაუქმდება ბრძანება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის და არ გამოსწორდება სიტუაცია ეროვნული ბანკის გარშემო. კანდიდატები წარმოდგენილნი არ იყვნენ კომიტეტის სხდომაზე, ეს ასევე მეტყველებს მათ პიროვნულ გადაწყვეტილებაზე", - თქვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

მანვე აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არღვევს (მუხლი 68) საქართველოს კონსტიტუციაში ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესახებ ჩანაწერს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი პოლიტიკის კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები მათ დაუსწრებლად განიხილეს, თუმცა მხარი არ დაუჭირეს.

"არ არის კანონში, არც რეგლამენტში, არსად პრეზიდენტის წარმოდგენილი კანდიდატურების გაწვევა. ასეთი მექანიზმი არ არსებობს. ამიტომ ჩვენ განვიხილეთ და უბრალოდ, წარმოუდგენელი იქნებოდა, მხარი დაგვეჭირა ხალხისთვის, რომლებმაც უბრალოდ არც დაგვაფასა და არც მოვიდნენ. არ დავუჭირეთ მხარი. თუმცა აქვე ვაფიქსირებ: ჩვენ კომიტეტმა არ დავუჭირეთ, სესიას აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება საბოლოოდ", - თქვა კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ, 15 სექტემბერს, პარლამენტს წარუდგინა საბჭოს წევრობის ორი კანდიდატურა:

  • ნანა ყეინიშვილი 2012-2016 წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან". ის საქმიანობდა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებზე. მან მმართველი პარტია 2016 წლის აგვისტოში დატოვა;
  • თეიმურაზ ხომერიკი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისში საქმიანობს.

გუშინ, 20 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტი გადადგა. ეროვნული ბანკი დატოვა სების პრეზიდენტის მრჩეველმაც.

ვიცე-პრეზიდენტების ამ განცხადებებს წინ უსწრებდა ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, არ უზღუდავდა ფინანსურ რესურსებზე წვდომას. თურნავამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ სანქცირებულია ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

XS
SM
MD
LG