Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილმა ორბანს სადილზე უმასპინძლა და „მისაბაძი პოლიტიკოსი“ უწოდა


წინანდალში გამართული ოფიციალური სადილი
წინანდალში გამართული ოფიციალური სადილი

წინანდალში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანისა და მისი მეუღლის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ სადილზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან უნგრელი კოლეგის სადღეგრძელოც დალია და „სამაგალითო ლიდერი, მისაბაძი პოლიტიკოსი“ უწოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ორბანს მეგობრობისთვის, ასევე „მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მისწრაფებისა, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“.

ღარიბაშვილის თქმით, ვიზიტი, „განსაკუთრებით ამ კრიტიკულ დროს“, ძალიან მნიშვნელოვანია „საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის, რათა ყველამ დაინახოს, ვინ არის ნამდვილი მეგობარი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს და ვისაც სურს ნახოს საქართველო ევროპაში და ევროპასთან“.

უნგრეთის პრემიერის თქმით, ვიზიტი ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია „ურთიერთობა ამ ორ ერს შორის“. მისი თქმით, „საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი კარგი მაგალითების ჩვენებაა უნგრელებისთვის“.

„ძვირფასო ირაკლი, თანამედროვე მსოფლიოში არის დისკუსია იმის შესახებ, არსებობს თუ არა სასწაულები. ჩვენ, ქრისტიანები, ვფიქრობთ, რომ არსებობს, მაგრამ მათ, ვისაც ჯერ არ სჯერა, რომ სასწაულები არსებობს, უნდა მოვიდეს ამ ოთახში ამ საღამოს, რადგან აქ მინიმუმ ორი სასწაულია: პირველი, ეს არის ქართული სასწაული - თქვენი ისტორია, თქვენი ერის გეოპოლიტიკური გარემო, თავად ფაქტი, რომ კიდევ არსებობს ქართველი ხალხი, არსებობს ისეთი ენა, როგორიც არის ქართული და ხალხი, რომელიც ცხოვრობს აქ და საუბრობს ამ ენაზე, არსებობს ქართული სახელმწიფო და რომ ეს სახელმწიფო ისევ არის ქრისტიანული - ეს არის სასწაული; შემდეგი სასწაული ამ ოთახში უნგრულია. როგორც იცით, ჩვენ, უნგრელები, მოვედით შორეული აღმოსავლეთიდან, ურალის მთების მიღმიდან და დავიკავეთ ის ქვეყანა, სადაც ვცხოვრობთ, ძვირფასო ქართველო მეგობრებო, 1100 წლის წინ. როგორც უცხოელებს, არც ნათესავები და არც ოჯახის წევრები გვყავდა ირგვლივ, მხოლოდ ჩვენ, უნგრელები, ვიყავით მარტონი. ჩვენ დავიკავეთ ტერიტორია, ისევ გვაქვს იგივე ენა, ისევ სრულვყოფთ იმავე კულტურას და ვცხოვრობთ ჩვენი საკუთარი ცხოვრებით.

ასე რომ, სასწაულია, რომ კიდევ არსებობენ უნგრელები, რომლებიც საუბრობენ უნგრულ ენაზე; არსებობს უნგრული სახელმწიფო და რომ ეს სახელმწიფო ქრისტიანულია - ეს არის მეორე სასწაული.

ასე რომ, ეს არის ორი ქვეყნის სასწაულის შეხვედრა და მივიჩნევ, რომ ეს მოამზადებს არა მხოლოდ პოლიტიკურ საფუძველს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში, არამედ მეტიც, უზრუნველყოფს ამ ორი ქვეყნის შესანიშნავ ურთიერთობებს სიღრმისეულ დონეზე.

ასე რომ, ამ ორ ქვეყანა-სასწაულს შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრობის გასაგრძელებლად ვწევ ჭიქას!“ - თქვა ვიქტორ ორბანმა.

წინანდალში ოფიციალურ სადილს უნგრეთის დელეგაციის წევრები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ორბანი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ესპანეთის ქალაქ გრანადაში მან თქვა, რომ საქართველომ სტატუსი ვერ მიიღო „ლიდერების ეგოიზმის“ გამო.

2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მესამე დღეა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დღეს, 12 ოქტომბერს, დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერების ერთობლივი ბრიფინგი მედიისთვის.

XS
SM
MD
LG