Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ ორბანი: საქართველო განსაკუთრებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს


ვიქტორ ორბანი და ირაკლი ღარიბაშვილი
ვიქტორ ორბანი და ირაკლი ღარიბაშვილი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ყურადღებას ამახვილებს ამ ორი ქვეყნის მსგავსებაზე. ორბანმა თქვა ის, რაც ღარიბაშვილს მანამდე არაერთხელ აღუნიშნავს - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება უსამართლოა და რომ ქვეყანას აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა.

"მიზეზი, რატომაც ჩამოვედით, უპირველეს ყოვლისა, იყო პატივისცემა და დაფასება გამოგვეხატა უნგრელი ხალხის მხრიდან ქართველი ხალხისადმი... ძალიან გულდაწყვეტილი და გაბრაზებული ვართ, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც ის ქვეყნები, რომლებმაც მიიღეს, გაცილებით ჩამორჩენილი არიან. ჩვენ ევროკავშირში უნდა გადავწყვიტოთ, ვხედავთ გაფართოებას როგორც პოლიტიკურ პროცესს, თუ რასაც ვამბობთ, მართალია - ეს დამსახურებაზე დამყარებული პროცესია?! დამსახურებაზე დამყარებული პროცესი თუ არის, ის, რაც მოხდა, საკმაოდ უსამართლოა თქვენს ქვეყანასთან დაკავშირებით. ეს უნდა გამოსწორდეს, რაც შეიძლება მალე", - განაცხადა ორბანმა.

მისი თქმით, უნგრეთის მიღება ევროკავშირში იყო სწორი გადაწყვეტილება მაშინ, რადგან "ჩვენ შევქმენით კონკურენტუნარიანობა ევროკავშირში". სწორედ ამ ნაწილში ისაუბრა მან საქართველოსა და უნგრეთის მსგავსებაზე.

"უნგრეთი რომ არ გაწევრიანებულიყო იმ პერიოდში ევროკავშირში, ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩავარდებოდა. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა შეიძლება მივაკუთვნოთ, ძირითადად, ცენტრალური ევროპის რეგიონის გაწევრიანებას, რაც ნიშნავს, რომ ევროპულ კავშირს სჭირდება ასეთი დინამიზმი, ასეთი ენერგია, ისეთი ადამიანები, ვისაც სურთ იმუშაონ, იყვნენ კრეატიული, ვისაც გააჩნია ამბიციები. თუ ევროპა არ მიიღებს ასეთ ადამიანებს, როცა დრო დადგება, საბოლოოდ ევროკავშირი ფასს გადაიხდის ამისთვის იმით, რომ დაკარგავს კონკურენტუნარიანობას.

ამ კონტექსტში საქართველო გახლავთ ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით იმსახურებს აღნიშნულ სტატუსს. რა თქმა უნდა, ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, არის მაღალი და მწამს, რომ ევროკავშირს ინტერესები აქვს დაუკავშირდეს კავკასიის რეგიონს და საუკეთესო გამოსავალია დაუკავშირდეს საქართველოს მეშვეობით", - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ორბანი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ესპანეთის ქალაქ გრანადაში მან თქვა, რომ საქართველომ სტატუსი ვერ მიიღო „ლიდერების ეგოიზმის“ გამო.

2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მესამე დღეა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

XS
SM
MD
LG