Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

HRW: ისრაელმა ღაზასა და ლიბანში ფოსფორიანი ჭურვები გამოიყენა


ფოსფორიანი ბომბები
ფოსფორიანი ბომბები

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი აცხადებს, რომ 10 და 11 ოქტომბერს ღაზის სექტორისა და ლიბანის დაბომბვის დროს ისრაელის სამხედროების მიერ თეთრი ფოსფორის გამოყენების მტკიცებულება აღმოაჩინა.

ეს დასკვნა ორგანიზაციამ ვიდეოჩანაწერებისა და თვითმხილველთა ჩვენების საფუძველზე გააკეთა. კერძოდ, სააგენტო AFP-ის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ღაზაში, ცაზე, თეთრი ზოლებია გამოსახული.

ადამიანის უფლებათა დამცველების აზრით, ღაზაში თეთრი ფოსფორის გამოყენება ზრდის რისკს სამოქალაქო მოსახლეობისთვის და წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნების დარღვევას.

თეთრი ფოსფორი ჟანგბადთან შეხებისას იწვის და ქმნის სქელ თეთრ კვამლს. ამ ნივთიერებას ზოგჯერ სამხედროები იყენებენ ტერიტორიების მონიშვნისთვის, მაგრამ მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს მძიმე დამწვრობა და ხალხმრავალ ადგილებში მისი გამოყენება შესაძლოა, ადამიანებისათვის, უკიდურესად საშიში იყოს. თეთრი ფოსფორი არ არის აკრძალული საერთაშორისო სამართლით, მაგრამ ადამიანებზე მავნე ზემოქმედების გამო, მისი გამოყენება მკაცრად რეგულირდება.


ისრაელის სარდლობამ Reuters-ს განუცხადა, რომ "ამჟამად არ იციან ღაზის სექტორში თეთრი ფოსფორის შემცველი იარაღის გამოყენების შესახებ."

ისრაელის ელჩმა რუსეთში ალექსანდრე ბენ ცვიმ უარყო ისრაელის არმიის მიერ ფოსფორიანი ბომბების გამოყენება. "ეს ასე არ არის. დღეს თქვენ იცით, ყველაფერია სოციალურ ქსელებში, ყველას აქვს საკუთარი მობილური ტელეფონი, ეს უბრალოდ სისულელეა", - განუცხადა დიპლომატმა რუსულ სააგენტო TASS-ს.

XS
SM
MD
LG