Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“დანაშაულის ფაქტი არ იყო გამოკვეთილი”- სასამართლომ კარტოგრაფების საქმეზე ყოფილი თავდაცვის მინისტრი გამოკითხა


თბილისის საქალაქო სასამართლოში “კარტოგრაფების საქმის” მორიგ სასამართლო სხდომაზე გამოიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე. ის 5 თვის განმავლობაში იკავებდა თავდაცვის მინისტრის პოსტსაც, 2014 წლის 4 ნოემბრიდან – 2015 წლის 1 მაისამდე.

ჯანელიძემ 16 ოქტომბერს სასამართლოს უთხრა, რომ რუკების საკითხით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო დავალებით დაინტერესდა იმ დროს, როცა კრიზების მართვის საბჭოს პირველად ხელმძღვანელობდა - ჯანელიძე ორჯერ იკავებდა ამ პოსტს, პირველად 2014 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 4 ნოემბრამდე, მეორედ კი თავდაცვის მინისტრის პოსტის დატოვებიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე.

“ცოტა რთულია ჩემთვის დეტალებში გახსნება” - გააფრთხილა დღეს სასამართლო ჯანელიძემ თითქმის ათი წლის წინანადელი ფაქტების გახსენებისას და იქვე განმარტა, რომ კარტოგრაფიის მიმართულებითაც არ აქვს განსაკუთრებით ღრმა ცოდნა - “რაც ზოგადად შეიძლება ადამიანმა იცოდეს რუკების და კარტოგრაფიის შესახებ, მხოლოდ ის ვიცი.”

მინდია ჯანელიძემ სასამართლო სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი გაიხსენა: მან მოჰყვა კრიზისების საბჭოს იმ შეხვედრის შესახებ, რომელსაც პრემიერ-მინისტრისა და საჯარო მოხელეების გარდა ესწრებოდნენ სასულიერო პირებიც დავით გარეჯის მონასტრიდან. მოყვა რუკის ძებნის ამბავი, რომელსაც წლების განმავლობაში დაკარგულად მიიჩნევდნენ თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიის დეპარტამენტის თანამშრომლები და რომელიც სასაზღვრო პოლიციის არქივში აღმოაჩინა მისმა მოადგილემ ძებნის დაწყებიდან ერთ თვეში და კვლევის შესახებ, რომელიც ამ რუკის პოვნის შემდეგ ჩაატარეს თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფებმა.

„[თავდაცვის სამინისტროს] კარტოგრაფიის სამმართველოს თანამშრომლები და მამა კირიონი იყვნენ, წარმოდგენილი იქნა მათი მოხსენება, რომ სადელიმიტაციო კომისია ხარვეზებით ასრულებდა მოვალეობას. კირიონი ამბობდა, რომ 2007 წლამდე თავისუფლად გადაადგილდებოდა და 2007 წლის შემდგომ დადგნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. არა მარტო მამა კირიონს, სხვა ბერმონაზვნებსაც შეეზღუდათ. მამა კირიონი ამას უკავშირებდა კომისიის საქმიანობას, რომელმაც აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან შეთანხმება მოახდინა. ერთსაათიანი მოხსენება იყო მათი მხრიდან, რის შემდეგაც პრემიერმა დამავალა ამ საკითხის შესწავლა” - ასე გაიხსენა მინდია ჯანელიძემ კრიზისების საბჭოს პირველი გაფართოებული სხდომა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესზე. ივერი მელაშვილის ადვოკატმა მას ჰკითხა, რამდენად ხშირი იყო უსაფრთხოების საბჭოს სხდომებში სასულიერო პირების მონაწილეობა და იყო თუ არა მისი და თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფების მოსაზრებები იდენტური.

“ალბათ იმიტომ ესწრებოდა, რომ იყო ერთ-ერთი ინიციატორი იმ პრობლემის წარმოჩენის და როგორც გარეჯში მოღვაწე პირი, უშუალოდ ესწრებოდა. მხოლოდ ერთ შეხვედრას ესწრებოდა - მე არ ვიცი რა გავლენა ჰქონდათ მამა კირიონს და თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფებს ერთმანეთზე, მაგრამ ორივე აფიქსირებდა, რომ ხარვეზები იყო პროცესში” - თქვა მინდია ჯანელიძემ. მოგვიანებით მან განმარტა ისიც, რომ კომისიის წევრებიდან, ვინც ბერ კირიონს და თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფებს არ ეთანხმებოდა, ივერი მელაშვილი იყო.

დავით-გარეჯელი ბერი კირიონი, რომელიც ამ საქმის მთავარი მოწმეა და რომელიც წლების განმავლობაში მოითხოვდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საზღვრის დამდგენი კომისიის საქმიანობის შესწავლას, თავის ჩვენებაში ივერი მელაშვილს წინა ხელისუფლების “პოლიტიკის ფუნდამენტურ გამტარებელს” უწოდებს და ამბობს, რომ ის “ყველა ხრიკს და ღონეს ხმარობდა” პირადად მის დასაბნევად, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ პირადი შეხვედრებისას აჩვენებდა “სხვადასხვა წლების რუკებს, რომლებსაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონდათ დავით გარეჯის საკითხის იურიდიულ ჩარჩოსთან”.

“1938 წლის ხელშეკრულების დანართი რუკა ქართვულ მხარეს არ გააჩნდა და ჰქონდა მხოლოდ “რიკაპიროვკა” და თუ არ ვცდები, 1:200 000 -იანი რუკა იყო დაკარგული. ეს იყო რუკა, რომელიც შეეხებოდა უშუალოდ დავით გარეჯის მონაკვეთს. მე დავავალე ჩემს თანამშრომელს, გიორგი სვანაძეს რომ იქნებ რომელიმე არქივში ან უწყებაში იყო ეს რუკა შემონახული და ეპოვა. მართლაც, დაახლოებით ერთ თვეში აღმოჩნდა სასაზღვრო პოლიციაში. ეს რუკა მე ვნახე, მოიტანეს. ამის შემდეგ მე მახსოვს, რომ ბატონ სვანაძეს ჰქონდა შეხვედრა კარტოგრაფიის დეპარტამენტის თანამშრომლებთან, მათ გადაეცათ 1:200 000 -იანი რუკის ასლი იმ მიზნით, რომ დადგენილიყო საზღვრის ხაზი. მათ ეს რუკა არ ჰქონდათ მანამდე - როგორც კი ეს რუკა ხელმისაწვდომი გახდა, მაშინვე დაიწყეს კვლევა” - უთხრა სასამართლოს მინდია ჯანელიძემ.

ამბავი, რომელსაც ის ჰყვება, იმ დროს მოხდა, როცა პირველად იკავებდა კრიზისების საბჭოს ხელმძღვანელის პოზიციას. ამის შემდეგ ის თავდაცვის მინისტრი ხდება და როცა მეორე ჯერზე ინიშნება საბჭოს ხელმძღვანელად, ანუ 2015 წლის მაისის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა იმართება, სადაც უკვე განიხილება იმ კვლევის შედეგები, რომლებიც ახლადნაპოვნ რუკაზე დაყრდნობით მოამზადეს მისმა ყოფილმა თანამშრომლებმა თავდაცვის სამინისტროდან.

“გაფართოებული, საკოორდინაციო შეხვედრა იყო, მე მიმყავდა და ესწრებოდნენ კომისიის მაშინდელი თავმჯდომარე, [დავით] ჯალაღონია, ბატონი ივერი და ქალბატონი ნატალიაც ესწრებოდნენ, ჩემი მოადგილეები, იყო ფაქტიურად კომისიის შემადგენლობაში რომელი უწყებებიც არიან, ყველას წარმომადგენლები - ალბათ 30 კაცი იყო, შეიძლება მეტიც. ეს შეხვედრა დაინიშნა იმიტომ, რომ გავცნობოდით შედეგებს. ჩვენ თავიდან არ ვიცოდით რომ ეს რუკა აუმჯობესებდა საქართველოს პოზიციებს. კვლევა წარმოადგინეს თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიის სამსახურის სპეციალისტებმა. ბევრი სლაიდი იყო - დასკვნა, შეჯამება და შედეგი ამ კვლევის იყო ის, რომ საქართველოს მხარეს დაკარგული აქვს, მათ შორის კომისიების დონეზე უკვე შეთანხმებულ მონაკვეთებზე გარკვეული ტერიტორიები. ეს არ არის საბოლოოდ დაკარგული, ეს არის შუალედური შეთანხმება სანამ სახელმწიფოებს შორის არ შედგება საბოლოო შეთანხმება, მაგრამ დროებით იყო ჩვენს საწინააღმდეგოდ შეთანხმება მიღწეული. ეს არ იყო საბოლოო დოკუმენტი, რომელიც რამეზე მიუთითებდა, ძიება და შესწავლის პროცესი იყო. მე დასრულებული დასკვნა ამასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე რეაგირებას საჭიროებდა, არ მახსენდება” - უთხრა სასამართლოს მინდია ჯანელიძემ. მას ჰკითხეს, თუკი 2015 წელს უკვე ცხადი იყო, რომ კომისიის მუშაობაში ხარვეზები არსებობდა, რატომ არ გადაუგზავნა საქმე შესასწავლად საგამოძიებო უწყებებს.

“ის ფაქტი რომ სადღაც რაღაც ხარვეზი იყო დაშვებული კომისიის მუშაობაში, არ იძლეოდა იმ მოცემულობას, რომ დანაშაული იყო ჩადენილი. ამას დამატებითი კვლევა სჭირდებოდა. იქ არ იყო ისეთი პოზიცია, რომ ვინმე რამეში დაგვედანაშაულებინა. დანაშაულის ფაქტი იქ არ იყო გამოკვეთილი” - თქვა მან ამ კითხვის პასუხად.

კიდევ ერთი კითხვა, რაც მინდა ჯანელიძეს დაუსვეს, რუკის ექსპერტიზას შეეხებოდა. ბრალდებულების ადვოკატები დაინტერესდნენ, რატომ არ ჩაითვალა საჭიროდ იმ რუკის ვარგისიანობის შესწავლა, რომელსაც საზღვრის დამდგენი კომისიის წევრთა ნაწილი გამოუსადეგრად მიიჩნევდა და რომლითაც მაგალითად წითელი ხიდი სრულად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ხვდება. ექსპერტიზის დასკვნა იმის შესახებ, ვარგისია თუ არა რუკა, რომლის გამოუყებელობასაც ბრალდებულებს პროკურატურა ედავება, ამ დრომდე არ არსებობს. მინდია ჯანელიძემ დღეს სასამართლოს უთხრა, რომ რუკის ვარგისობის კვლევის ჩატარების საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა იმის გამო, რომ უკვე არსებობდა ამ სადავო რუკის მიხედვით ჩატარებული კვლევა.

“ბატონ ივერის ამ სპეციალისტების კვალიფიკაციაშიც და რუკის ვარგისიანობაშიც შექონდა ეჭვი - იქ რამე სხვა არგუმენტის მოტანა შეუძლებელი იყო. ერთ მხარეს იყო კვლევა, მეორე მხარეს პოზიცია, რომელიც არაფრით იყო გამყარებული გარდა იმისა, რომ ამ ადამიანს დიდი ხანი აქვს ნამუშვარი და ჩვენი ნდობაც ჰქონდა.”

“კარტოგრაფების საქმეზე”, რომელსაც საქალაქო სასამართლო მესამე წელია განიხილავს, მომდევნო სასამართლო სხდომა 21 ნოემბერს, 11 საათზე გაიმართება.

  • სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს საზიანოდ საზღვრის მონაკვეთების შეთანხმების მცდელობის ბრალდებით 2020 წლის აგვისტოში დაიყო თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პროკურატურისთვის გაგზავნილი წერილის საფუძველზე.
  • გამოძიების დაწყებიდან 2 თვეში და საპარლამენტო არჩევნებამდე 25 დღით ადრე დააკავეს აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი სახელმწიფო კომისიის ორი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. ბრალდებას მათ წინააღმდეგ მთავარ მკიცებულებებად აქვს რუსეთის არქივებიდან ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ ჩამოტანილი რუკები და გარეჯელი ბერის, არქიმანდრიტ კირიონის ჩვენება.
  • ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა წინასწარ პატიმრობაში 4 თვე გაატარეს და 2021 წლის 28 იანვარს ოც-ოცი ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. მოქალაქეებმა ეს თანხა რამდენიმე საათში შეაგროვეს.
  • 2021 წლის 2 მარტს სახალხო დამცველმა ამ საქმეში ევროპის სასამართლოს მიერ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, პოლიტიკური მოტივის არსებობა დაადგინა.
XS
SM
MD
LG