Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ეროვნული პრემია “კარტოგრაფების საქმის” მნიშვნელოვან მოწმეებს -  სამეცნიერო აღიარება თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება?


წლის ბოლოს ეროვნული პრემია მიიღეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა და “კარტოგრაფების საქმის” ბრალდების მნიშვნელოვანმა მოწმეებმა, თედო გორგოძემ და ნოდარ ხორბალაძემ, პუბლიკაციისთვის “ოფიცრის ატლასი.”

წიგნი 2020 წელს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა დადაფინანსებით გამოიცა და 2013 წელს გამოცემული წიგნის გადამუშავებული ვერსიაა. Პრემიის ლაურეატები 29 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა.

საჯარო მოხელეებისა და მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმის მოწმეებისთვის ეროვნული ჯილდოს მინიჭებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა პროფესიულ წრეებში.

ბექა კობახიძე, ისტორიკოსი, ილიას უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი
ჯაბა სამუშია, ისტორიკოსი, რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი

“აი, ასე ესმით საქართველოში "ეროვნული პრემია". ვის აჯილდოებენ და ვინ აჯილდოებს - პარტიის მიღმა რაც გინდა გააკეთე, ყოველთვის გერი იქნები. ერთი ვიწრო ჯგუფისაა სახელმწიფოც და ბიუჯეტიც. ჩვენ მისი ნაწილები არ ვართ. ხოლო ეს ჯგუფი ჩვენს სახელმწიფოს სამარცხვინო მდგომარეობაში ამყოფებს. ჯილდოვდებიან დასასჯელები, ხოლო იგნორირდებიან საყოველთაოდ აღიარებულები.

ეს ეპიზოდიც გვახსოვდეს, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ "გამაერთიანებელ" შეხვედრებს ხბოს აღტყინებით რომ შევხედავთ.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2019 წელს სწორედ ქნ. პრეზიდენტმა დაიწყო გარეჯის გარშემო მთელი ეს უბედურება, როდესაც გარეჯის ქედზე შეიარაღებულ მესაზღვრეებთან ერთად გამოჩნდა და ალიევს ულტიმატუმებით მიმართა. მას შემდეგ შეუწყდათ უდაბნოს მონასტერზე ქართველ მომლოცველებს წვდომა.

ეროვნული პრემიის "კარტოგრაფების საქმის" ავტორებისთვის მინიჭებით, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის საერთოდ არაფერს ნანობს და ერთგულად აგრძელებს პარტიულ ხაზს”.

“ადამიანები მსჯელობენ ატლასზე ისე, რომ არ უნახავთ. ეს არის მეცნიერული უნამუსობა, პირდაპირ გეტყვით. ამ ატლასს რამეს მატებს ან აკლებს ის გარემოება, რომ მისი ავტორები რაიმე საქმესთან არიან დაკავშირებულები?

ატლასის მიმართ არის რაიმე პრეტენზია? ეგრე ყველა სადღაც არის და ყველა ვიღაცის მომხრეა, ვიღაც წინა ხელისუფლების მომხრეა, ვიღაც ამ ხელისუფლების მომხრეა, რა მნიშვნელობა აქვს ამას. ადამიანებს ატლასი არ უნახავთ და ისე მსჯელობენ, ეს არის საბჭოთა მემკვიდრეობა. ასე მსჯელობდნენ კომკავშირში, ასე მსჯელობდნენ პარტიაში, როცა რაღაც არ ჰქონდათ წაკითხული და “ვეთანხმები გამყრელიძის დასკვნას”, ცნობილი ფრაზა იმ ფილმიდან.

მე ვიცნობ ამ ატლასს, მე, როგორც ისტორიული გეოგრაფიის სპეციალისტი, ვსარგებლობ ამ ატლასით და ვთვლი, რომ კარგი გაკეთებულია. მას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობაც ქართული არმიის ფორმირებაში და ამის ფონზე, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ვიღაც სადღაც, რაღაც სასამართლო პროცესზე რა ფორმით იღებდა მონაწილეობას?“

ისტორიკოსი ბექა კობახიძე წერს, რომ ნოდარ ხორბალაძე და თედო გორგოძე არა გამორჩეული სამეცნიერო ნამუშევრისთვის, არამედ იმის გამო დააჯილდოვეს, რომ 2020 წელს აღნიშნულმა ბატონებმა კონკრეტული მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს კონკრეტული პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში და ეს უნდა დაეფასებინა კომისიას”. საკონკურსო კომისიის წევრი, ისტორიკოსი ჯაბა სამუშია, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ წიგნის შეფასებისას მნიშვნელოვანი არ არის არც ის, რომელ საჯარო უწყებას წარმოადგენენ მისი ავტორები და არც ის, აქვთ თუ არა მათ რაიმე კავშირი გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმესთან.

რადიო თავისუფლებამ ვერ მოიპოვა პრემიაზე ნომინირებული სამეცნიერო ნამუშევრების სრული სია. Პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ გამოუქვეყნებია, კიდევ ვინ წარადგინა ნაშრომები და ვინ იყვნენ “ოფიცრის ატლასის” ავტორების კონკურენტები.

ისტორიკოს ბექა კობახიძისგან ვიცით, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეროვნულ პრემიაზე ნომინირებული ჰქონდა ორი წიგნი:

1. ალექსანდრე მიქაბერიძის „ნაპოლეონის ომები: გლობალური ისტორია“ - Napoleonic Wars: A Global History. გამომცემლობა Oxford University Press 0 - ამ წიგნისთვის ავტორს მიღებული აქვს ამერიკის ისტორიის გილდერ ლემანის ინსტიტუტის პრემია

2. ტიმოთი ბლაუველტის კლიენტელიზმი დაეროვნების საკითხი საბჭოთა მმართველობის ადრეულ წლებში: ნესტორ ლაკობას სასამართლო პროცესები. გამომცემლობა Routledge.

კომისიის წევრი, ჯაბა სამუშია იხსენებს კიდევ ერთ ნომინანტს, ისტორიკოს ზაზა ალექსიძეს, რომელიც ასურელი მამების შესახებ დაწერილი წიგნით იყო წარდგენილი პრემიაზე.

“ეს პრემიები მართლაც შევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი იმისა, რომ სახელმწიფო აღიარებს ამ ადამიანების ღვაწლს თავ-თავიანთ დარგში. ეს არის ძალიან დიდი ნიშანი თქვენს მიმართ პატივის და ნდობის და თქვენი შემოქმედების და შრომის ძალიან დიდი აღიარება”, - უთხრა გამარჯვებულებს დაჯილდოების ცერემონიაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

ვის, როგორ და რა დამსახურებისთვის გადაეცემა ეროვნული პრემია?

ეროვნული პრემია 2008 წელს დაარსდა პრეზიდენტის ინიციატივით, სახელმწიფო პრემიის ნაცვლად და გაიცემა ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში. ჯილდო 10 000 ლარია, გამარჯვებულს, გარდა ფულადი ჯილდოსი, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი და ვერცხლის ეს ჯილდო.

პრემიის წესდების მიხედვით:

  • მეცნიერების დარგში პრემია გაიცემა მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული და საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო ნაშრომისათვის ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს მეცნიერების, ქვეყნის სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში.

გამარჯვებულს სპეციალურად შერჩეული კომისია ადგენს. წელს კომისიის შემადგენლობა ასეთი იყო:

  • ნუნუ მიცკევიჩი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, იმუნოლოგი [კომისიის თავმჯდომარე]
  • ავთანდილ კასრაძე - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, იურისტი
  • დავით გურგენიძე - ტექნიკური უნივესტიტეტის რექტორი, ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი
  • ალექსანდრე თევზაძე - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ასტროფიზიკოსი
  • ზაალ კოკაია - ბიოლოგი, ფილოსოფოსი
  • ავთანდილ არაბული - ენათმეცნიერი
  • ჯაბა სამუშია - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი, ისტორიკოსი
  • ალექსანდრე ცისკარიძე - ექიმ-ნევროლოგი
  • გია ხატისაშვილი - ბიოლოგი, ქიმიკოსი

კომისიის გადაწყვეტილებით, 2021 წელს ეს ჯილდო ორი ნაშრომისთვის 5 მეცნიერს გადაეცა. წელსვე დაჯილდოვდნენ 2020 წელს გამარჯვებულებიც, ვინაიდან 2020 წელს პანდემიის გამო დაჯილდოების საზეიმო ცერემონია არ გამართულა.

2020 წელს საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ:

  • ალექსანდრე შენგელაიას - ნაშრომთა ციკლისათვის „მაღალტემპერატურული ზეგამტარებისა და დაბალგანზომილებიანი მაგნეტიკების ექსპერიმენტული კვლევა“;
  • გიორგი კვესიტაძეს, გია ხატისაშვილსა და თინათინ სადუნიშვილს - ნაშრომისათვის „დეტოქსიკაციის ბიოქიმიური მექანიზმები უმაღლეს მცენარეებში, ფიტორემედიაციის საფუძველი“.

2021 წელს საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ:

  • თედო გორგოძესა და ნოდარ ხორბალაძეს - სამეცნიერო-საცნობარო ნაშრომისათვის „ოფიცრის ატლასი“;
  • რამაზ ქაცარავას, დავით ტუღუშსა და ვახტანგ ბერიძეს - სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისათვის „პოლიმერული ბიომიმეტიკები - ცილების ანალოგები მრავალპროფილიანი გამოყენებისათვის - დიზაინიდან კომერციალიზაციამდე“.

“ოფიცრის ატლასი” და მისი ავტორები

პოლკოვნიკი ნოდარ ხორბალაძე, “ოფიცრის ატლასის” ერთ-ერთი ავტორი და მთავარი რედაქტორი, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსია. ამავე დეპარტამენტში, კარტოგრაფიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსია წიგნის მეორე ავტორი, თედო გორგოძეც.

წიგნი, რომელიც თავდაპირველად 2013 წელს გამოიცა თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და დაფინანსებით 270 რუკას და ნახაზს აერთიანებს.

თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების უზრუნველყოფის ცენტრის ტოპოგრაფიული სამმართველოს 2014 წლის პრეზენტაციის ერთ-ერთი გვერდი
თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების უზრუნველყოფის ცენტრის ტოპოგრაფიული სამმართველოს 2014 წლის პრეზენტაციის ერთ-ერთი გვერდი

2011-13 წლებში, როცა წიგნის პირველი ვერსია მუშავდებოდა, კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტი თავდაცვის სამინისტროში ცალკე არ იყო ჩამოყალიბებული და ნოდარ ხორბალაძე და თოდო გორგოძე ტოპოგრაფიული სამმართველოს თანამშრომლები იყვნენ. 2013 წელს ამ სამმართველომ გარდა "ოფიცრის ატლასისა", გამოსცა ასევე "საქართველოს სამხედრო ატლასი".

2020 წელს "ოფიცრის ატლასის" მეორე, განახლებული გამოცემა გამოვიდა. წიგნი 270 რუკას აერთიანებს, ღია წყაროების მიხედვით, მისი ერთი ნაწილი საბრძოლო ოპერაციების კარტოგრაფირებას ეძღვნება. ნოდარ ხორბალაძეს და თედო გორგოძეს სხვა ერთობლივი ნამუშევრებიც აქვთ.

პრემია სამეცნიერო თუ პარტიისთვის გაწეული დახმარების აღიარებისთვის?

პოლკოვნიკი ნოდარ ხორბალაძე ე.წ. კარტოგრაფების საქმის პირველი მოწმეა. ის გამოძიებამ 2020 წლის 20 აგვისტოს დაკითხა, დაკითხვამდე ხორბალაძემ პროკურატურას ამ საქმეზე გაუგზავნა კარტოგრაფიული მასალა, ანალიზი და მიმოხილვა. გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება იმის დასადგენად, დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიის წევრებმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთები ქვეყნისთვის საზიანოდ ხომ არ შეათანხმეს, 2020 წლის 17 აგვისტოს, ნოდარ ხორბალაძის მაშინდელი ხელმძღვანელის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

გამოძიების საწყის ეტაპზევე დაიკითხა “ოფიცრის ატლასის” მეორე ავტორი, თედო გორგოძე - მან ჩვენება 2020 წლის 24 აგვისტოს მისცა. გორგოძე გამოძიების მიმდინარეობისას მელაშვილისა და ილიჩოვას წინააღმდეგ საუბრობდა მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილ “იმედის” ეთერში. ამ არხზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, გადაცემებს თითქმის უწყვეტად გასდევდა წარწერა “გარეჯი საქართველოა”, რომელიც ტოვებდა ყალბ შთაბეჭდილებას, თითქოს საზღვრის დამდგენმა კომისიამ გარეჯის აზერბაიჯანისთვის გადაცემა სცადა და ეს პროცესი გამოძიებამ შეაჩერა. დავითგარეჯა “კარტოგრაფების საქმეში” განხილვის თემა არ არის - ამ ადგილას სადავო მონაკვეთები საზღვრის დამდგენ კომისიას არასდროს შეუთანხმებია.

სავარაუდოდ სუს-იდან გამოჟონილი “საიდუმლო ფაილებიმიხედვით, ნოდარ ხორბალაძე ირაკლი ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილი კადრია. იმავე დოკუმენტებში ჩანს, რომ საზღვრის დამდგენი კომისიის ახალი შემადგენლობის ფორმირებისთვის კონსულტაციებში ჩართული იყო პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელი, ქსენოფობიური რიტორიკით ცნობილი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელსაც კომისიის წევრობა სურდა.

ე.წ. სუს-ი ს ფაილების მიხედვით, გაერთიანებული შტაბის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძეს ეუბნება, რომ მას კომისიაში მოხვედრა გაუმარტივდება, თუკი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან რეკომენდაციას გაუწევს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ტოპოგრაფიული სამმართველოს უფროსი, ნოდარ ხორბალაძე. კიდევ სხვა ჩანაწერი უკვე ნოდარ ხორბალაძისა და დიმიტრი ლორთქიფანიძის შეხვედრას ადასტურებს.

“აი, ეს ხალხი დააჯილდოვა ქალბატონმა პრეზიდენტმა. ერთი მხრივ, მეჭიაურთან, ზილფიმიანთან, შატბერაშვილთან და სხვა არარსებულ პოლიტიკოსებთან შეხვედრებითა და, მეორე მხრივ, ბატონ ხორბალაძის ეროვნული პრემიით დაჯილდოებით ეროვნული თანხმობა არ მიიღწევა.

ოპონენტები შეიძლება შემედავონ და პოპულისტურად შემახსენონ, რომ ზემოხსენებულმა პიროვნებებმა შექმნეს "ოფიცრის ატლასი", შემახსენონ ქართველი ოფიცრის ღირსების დაფასების აუცილებლობა და სხვ. მაგრამ ეს არ გამოვა, რადგან კონკრეტულად ბატონმა ხორბალაძემ ფეხქვეშ გათელა ქართველი ოფიცრის ღირსება. ჯერ ხომ უდანაშაულო ხალხს შეუკერა საქმე და შემდეგ სუსის ფაილებიდან გავიგეთ, რომ ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიმაკოვის ფონდთან იყო კოორდინაციაში გარეჯის საქმის მსვლელობისას.

ნაცვლად იმისა, რომ შესაბამის სტრუქტურებს პრიმაკოვის ფონდთან შეხვედრები გამოეძიებინათ, "საყოველთაო შემრიგებელმა" პრეზიდენტმა ის ადამიანები დააჯილდოვა, ვინც საზოგადოების ყველაზე დიდი დაყოფა და უკიდეგანო სიძულვილი გამოიწვია”, - წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ისტორიკოსი ბექა კობახიძე და მიუთითებს, რომ არა პოლიტიკური ინტერესი, ეს კრებული წესდებაში გაწერილ კრიტერიუმებსაც არ აკმაყოფილებსო: ნაშრომს არც ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ თუ სულიერ განვითარებაში შეუტანია ფასდაუდებელი წვლილი და არც საყოველთაოდ აღიარებულ სამეცნიერო ნაშრომად არ შეიძლება ჩაითვალოს.

“იქ საკმაოდ ბევრი ღირსეული ადამიანი იყო [ნომინირებული], უბრალოდ, იყო გადაწყვეტილი, რომ ერთი ჯილდო გაცემულიყო ზოგად საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში, მეორე უნდა ყოფილიყო საქართველოს შემსწავლელი. პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ წარმოწეულიყო ქართველოლოგიური, საქართველოს შემსწავლელი ნამუშევარი წინა პლანზე”, - გვიხსნის კომისიის წევრი, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი, თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი “ქართული ოცნების” სიით, ჯაბა სამუშია. ის ერთადერთი ისტორიკოსი იყო წლევანდელ კომისიაში.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება სერიოზულ სამეცნიერო ნაშრომად ჩაითვალოს წიგნი, რომელსაც არც სამეცნიერო ლიტერატურაზე მომუშავე გამომცემლობა გამოსცემს და არც რომელიმე კვლევითი ორგანიზაცია ან უნივერსიტეტი წარადგენს, ჯაბა სამუშია რადიო თავისუფლებას პასუხობს, რომ მთავარი არა გამომცემლობის სახელი, არამედ ავტორების გაწეული სამუშაოს მნიშვნელობაა. ნოდარ ხორბალაძის და თედო გორგოძის წიგნი მათივე სამსახურმა გამოსცა და წარადგინა პრემიაზე ისე, რომ აკადემიური სფეროს ფილტრი არცერთ ეტაპზე არ გაუვლია.

“გამომცემელი არაფერ შუაში არ არის, გამომცემელი შეიძლება იყოს ავტორიტეტული, წიგნი იყოს საერთოდ უვარგისი, ან პირიქით, წიგნი იყოს ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული და გამომცემლობა, როგორც ასეთი, [არა]. რა თქმა უნდა, შეფასებისას, არის გათვალისწინებული თავად ავტორების მნიშვნელობაც, მაგრამ მთავარი არის თვითონ სამუშაოს მნიშვნელობა. ადამიანები ისე მსჯელობენ ატლასზე, რომ ატლასი ნანახი არ აქვთ. ჯერ უნდა ნახოთ ატლასი, იქ შესრულებული სამუშაო და მერე ვთქვათ, ეს სამუშაო არის მაღალი ხარისხის სამუშაო თუ მეორეხარისხოვანი. ჯერ ნაშრომი არ შეგვიფასებია და ამ ადამიანებს განვსჯით? ამ ატლასს თავისი, ატლასის სპეციფიკიდან გამომდინარე, თან ახლავს ძალიან დიდი ინტერდისციპლინირებული კვლევა და, შეიძლება ითქვას, ჩემთვის ამასაც ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა”, - ამბობს ჯაბა სამუშია და აზუსტებს, რომ თავადაც, როგორც ისტორიკოსი, იყენებს ამ ატლასს, რომელიც “კარგად გაკეთებული წიგნია”. მისი თქმით, “ოფიცრის ატლასი” ასევე მნიშვნელოვანია “ქართული არმიის ფორმირებისთვისაც”.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG