Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

50 ოპოზიციონერი დეპუტატი ოჩამჩირის რუსული ბაზის შესახებ ნატოსა და ევროკავშირს მიმართავს


სატელიტური ფოტო. ოჩამჩირის პორტი, 1 ნოემბერი, 2023.
სატელიტური ფოტო. ოჩამჩირის პორტი, 1 ნოემბერი, 2023.

საქართველოს პარლამენტის 50 ოპოზიციონერი დეპუტატი ნატოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსების გადაწყვეტილების გამო მიმართავს. ისინი რუსეთის განგრძობითი ოკუპაციის საწინააღმდეგოდ მტკიცე პოზიციის დაკავებას ითხოვენ.

იმის გათვალისწინებით, რომ მმართველმა პარტიამ საპარლამენტო რეზოლუციის მიღებაზე უარი განაცხადა, მიმართვის ხელმომწერები დასავლელ პარტნიორებს ერთობლივი განცხადების ფორმით მიმართავენ.

„მოვუწოდებთ და მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს მოკავშირეებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, დაიკავონ მტკიცე და ერთიანი პოზიცია, რუსეთის მიერ განხორციელებული განგრძობითი ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, რაც ერთადერთი გზაა საქართველოს დემოკრატიის, უსაფრთხოების, კეთილდღეობის და გრძელვადიანად მშვიდობიანი განვითარებისთვის.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, დაიმოწმოს და ეფექტიანად გამოიყენოს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომსა და მის შედეგებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც საქართველოს რეგიონებში − ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში − რუსეთის მიერ ოკუპაციის განხორციელებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ადმინისტრაციული პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი“, - ნათქვამია საპარლამენტო ოპოზიციის ერთობლივ განცხადებაში.

ოქტომბრის დასაწყისში რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოჩამჩირის რეგიონში რუსეთის საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზა გაიხსნება, "რუსეთსა და აფხაზეთს შორის შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია". ასლან ბჟანიამ 19 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის განლაგება ოჩამჩირეში შეესაბამება აფხაზეთის ინტერესებს“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება არის "ოკუპაციის გაგრძელება" და "უფრო აუარესებს ამ სიტუაციას, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა და მსგავს ქმედებებს უწოდა „მორიგი პროვოკაციული მცდელობა“, რომელიც მიმართულია „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ“.
საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერი დეპუტატების ინიციატივას, ამ საკითხზე მიღებულიყო რეზოლუცია, რომელიც დაგმობდა "რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს, რომლის ახალი გამოხატულებაა აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება, ისევე როგორც აფხაზეთის რუსეთ-ბელარუსის კავშირში ინტეგრაციის მცდელობა".

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG